Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენგურის ხიდთან კიდევ ერთი Duty Free მაღაზია გაიხსნება


ფოტო არქივიდან: ენგურის ხიდი
ფოტო არქივიდან: ენგურის ხიდი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომელიც კომპანია „Куазан МБТ“-ს ენგურის ხიდთან, გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში Duty Free (უბაჟო) მაღაზიის გახსნის ნებას რთავს.

შესაბამის განკარგულებას ხელი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ალექსანდ ანქვაბმა მოაწერა. დოკუმენტს ტელეგრამის არხი Respublica ავრცელებს.

Duty Free-ის გასახსნელად შპს «Куазан МБТ“-ს სამშენებლო და საინჟინრო-ტექნიკური საქმიანობის წარმოების ნებართვა მისცეს. კომპანიამ სამუშაოები თავის ხარჯით უნდა აწარმოოს ე.წ. საბაჟო გამშვები პუნქტის საბჭოსთან შეთანხმებით, „გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე მოქმედი სამსახურების საქმიანობის შეფერხების გარეშე“. კომპანიამ სამუშაო განრიგი, საქონლის შემოტანის, შენახვისა და გაფორმების პროცედურა საგუშაგოს საკოორდინაციო საბჭოსთან უნდა შეათანხმოს.

მიმდინარე წლის ივნისში ცნობილი გახდა ენგურის ხიდთან უბაჟო მაღაზიის გახსნის შესახებ. კომპანია „Апсны Дью Ти“-მ მშენებლობის ნებართვა გასული წლის 31 აგვისტოს მიიღო. მაშინ ითქვა, რომ სამშენებლო მოედანი ხიდის წინ, მარჯვენა მხარეს განთავსდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღაზია აფხაზეთიდან გამსვლელთა გზაზე იქნება.

რა ადგილას იგეგმება კომპანია „Куазан МБТ“-ის მაღაზიის გახსნა ჯერჯერობით უცნობია.

აგვისტოს ბოლოს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ენგურის ხიდის გავლით საქონლის ტრანზიტის საკითხი განიხილეს.

XS
SM
MD
LG