ენგურის დე ფაქტო საზღვარზე, აფხაზეთის მხარეს Duty Free-ს, ანუ დაბეგვრისგან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მშენებლობა დაიწყო. ჭუბურხინჯში მშენებლობაზე ნებართვა 2021 წლის 31 აგვისტოს გასცა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა.
“როგორც კი საპასპორტო კონტროლს გაივლი [ენგურის ხიდზე - რ.თ], იქვე შენდება მარჯვენა მხარეს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მცხოვრები ანონიმურად და აზუსტებს, რომ მაღაზია დე ფაქტო საზღვრის შუა ნაწილში მოექცევა.
DUTY FREE არის მაღაზია საბაჟო კონტროლის ზონაში, მათ შორის აეროპორტებში, სადაც პირს, რომელიც საბაჟო ტერიტორიას ტოვებს, შეუძლია პროდუქტები სხვადასხვა ტიპის, მათ შორის დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდის გარეშე შეიძინოს.
"აფსნი დიუტიში" ვაჭრობას კი ისინი შეძლებენ, ვინც აფხაზეთი-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარს აფხაზეთის მხრიდან ტოვებს. აფხაზეთში ზუგდიდის მხრიდან მიმავალი მგზავრები მაღაზიაში მოხვედრას მხოლოდ უკან დაბრუნებისას მოახერხებენ.
“მხოლოდ ტერმინალის [საპასპორტო გამშვები პუნქტი - რ.თ.] აშენების შემდეგ არის შესაძლებელი უბაჟო მაღაზიის გახსნა და ის უნდა განთავსდეს ტერმინალის უკან საქართველოს მხარეს და არა ტერმინალის წინ. მხოლოდ ამ შემთხვევაში იმუშავებს იგი გამართულად. თუ მაღაზია ჩვენს მხარეს იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთში შემოსულები საქონელს უბაჟო მაღაზიაში შეიძენენ და ეს, რბილად რომ ვთქვათ, გადახდისგან თავის არიდებაა," - უთხრა რადიო თავისუფლების პროექტ “ეხო კავკაზას” დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ და აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ყოფილმა წევრმა ბესლან წვინარიამ.
აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ მინისტრის ბრძანებაში ნათქვამია, რომ „აფსნი დიუტიმ“ მაღაზიის ადგილმდებარეობა აფხაზეთის "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან” უნდა შეათანხმოს. დოკუმენტში ასევე წერია, რომ კერძო კომპანიამ აუცილებელი სამშენებლო და საინჟინრო სამუშაოები საკუთარი ხარჯებით უნდა დაფაროს, ენგურის გამშვები პუნქტის საკოორდინაციო საბჭოს კი მაღაზიის სამუშაო განრიგი, საქონლის შემოტანის, შენახვისა და გაფორმების წესი უნდა შეუთანხმოს. ენგურის გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციისთვის საპროექტო ხარჯთაღრიცხვის მომზადება "აფხაზეთის რესპუბლიკის" კაპიტალური მშენებლობის დეპარტამენტს დაევალა.
“რკინის კონსტრუქცია უკვე ააგეს და ახალ მასალას ელოდებიან. როგორც ვიცით, პროდუქციას რუსეთიდან შემოიტანენ და აქაურ მაღაზიებთან შედარებით ფასები ძალიან დაბალი იქნება. ამბობენ, მაღაზიაში ვაჭრობა გალელებსაც შეეძლებათო”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას წყარო ჭუბურხინჯიდან.
ენგურზე Duty Free-ის გახსნის საფრთხეებზე საუბრისას, აფხაზეთის დე ფაქტო საბაჟო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე წვინარია, პირველ რიგში, აფხაზეთის ტერიტორიაზე დღგ-ს გარეშე შეძენილი პროდუქტების მოხვედრას ასახელებს. მისი შეფასებით, ხელისუფლებამ ეს საკითხი მკაცრად უნდა გააკონტროლოს. „თუ გალის რაიონის მოსახლეობა Duty Free-ში რამეს იყიდის, საბაჟო გადასახადები ბიუჯეტში გადავა”, - უთხრა მან “ეხო კავკაზას”.
ჟურნალისტის კითხვაზე, საიდან შეიტანენ პროდუქტებს მაღაზიაში, ბესლან წვინარია პასუხობს, რომ ნებისმიერი ადგილიდან: ”თუ საქართველოს ხელისუფლება იძლევა საქონლის აფხაზურ უბაჟო მაღაზიაში შემოტანის ნებას, საქონლის შემოტანა იქიდანაც შეიძლება.”
საქართველოსთან ვაჭრობისთვის საზღვრის გახსნის საკითხი აფხაზეთში დიდი ხანია განხილვის საგანია.
აფხაზი პოლიტიკოსების ნაწილს მიაჩნია, რომ აუცილებელია ქართულ მხარესთან ვაჭრობის დაკანონება და საბაჟოზე საქონლის ოფიციალურად გაფორმება. ამ მოსაზრების მომხრეების არგუმენტით, პოზიცია, თითქოს ეს პრობლემა არ არსებობს, აფხაზეთის ეკონომიკას დიდ ზიანს აყენებს.
რადიო თავისუფლებამ ენგურის ხიდზე Duty Free-ს მშენებლობის შესახებ ინფორმაცია სთხოვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.
აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურს კომენტარისთვის მიმართა “ეხო კავკაზამაც”. პასუხების მიღებისთანავე, მასალა განახლდება.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) კვლევით, როცა ენგურის ხიდი გახსნილია, ზუგდიდის მხარეს ყოველდღიურად 2 580-მდე ადამიანი გადმოდის.