Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძემ განმარტა, რა შემთხვევაში შედგება საქართველოდან უკრაინაში უმაღლესი დონის ვიზიტი


ირაკლი კობახიძე, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე.
ირაკლი კობახიძე, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე.

უკრაინაში საქართველოდან უმაღლესი რანგის ვიზიტის ორგანიზებისთვის მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოფიციალურად მოითხოვს კიევისგან რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას.

მისი თქმით, ზოგადი მზადყოფნა იმასთან დაკავშირებით, რომ უმაღლეს დონეზე შედგეს ვიზიტი, არსებობს, თუმცა აქ არის, ბუნებრივია, მკაფიო წინაპირობები.

„სამწუხაროდ, გადაიდგა რამდენიმე შეურაცხმყოფელი ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გასული პერიოდის განმავლობაში. საუბარია სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელ ნაბიჯებზე და არა თუნდაც მმართველი გუნდის შეურაცხყოფაზე, ეს ამ შემთხვევაში იქნებოდა მეორეხარისხოვანი.

ეს უკავშირდებოდა იგივე ელჩის გაწვევის საკითხს - ჯერ იყო კონსულტაციებზე გაწვეული და შემდეგ თანამდებობიდან გათავისუფლდა უკრაინის ელჩი საქართველოში. დღემდე უკრაინა რჩება დემარშის მდგომარეობაში.

მეორე, მოვისმინეთ ბრალდება კონტრაბანდასთან დაკავშირებით, შემდეგ შერბილებული განცხადებები მოვისმინეთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ეს არ არის საკმარისი. როდესაც ასეთი ბრალდება მოდის უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ამას სჭირდება სათანადოდ დადასტურება ან უარყოფა, რაც ჩვენ, სამწუხაროდ, არ მოგვისმენია.

მესამე, ალბათ, ყველაზე პრინციპული საკითხი, ყველა ამ პრობლემის, ცრუ ბრალდებების სათავე, ელჩის გაწვევის სათავე და ა.შ. არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც არიან საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, არიან უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ დონეზე წარმოდგენილნი. ესენი არიან: შეგახსენებთ, პირველ რიგში სააკაშვილი, რომელიც არის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, ადეიშვილი - გენპროკურორის მრჩეველი, ლორთქიფანიძე, რომელიც დაწინაურებული გახლავთ კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე და არახამია არის პირი, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს ამ ადამიანებისა და უკრაინის ხელისუფლებას შორის უმაღლეს დონეზე", - განაცხადა კობახიძემ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, მარტივია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება იმ თანამდებობიდან, რომელიც მას უკრაინაში უკავია.

„რაც შეეხება სააკაშვილის გათავისუფლებას, ისედაც ფიქტიური ხელმძღვანელია რეფორმების საბჭოში, რატომ არის შეუძლებელი, არ ვიცი? თუ მეგობრობის სურვილი აქვთ, ეს შეიძლება მოგვარდეს ერთ წამში. ან ადეიშვილი რა რჩევებს აძლევს გენპროკურორს, რომ მისი გათავისუფლება არის შეუძლებელი, ან ლორთქიფანიძეს რა გამოცდილება აქვს დაზვერვის სფეროში? ძალიან კარგად ვიცით, რისი გამოცდილებაც აქვს რეალურად - ეს არის ტერორის გამოცდილება. სამივე არის ტერორის გამოცდილებით აღჭურვილი ადამიანი - სააკაშვილი, ადეიშვილი და ლორთქიფანიძე იყვნენ ტერორისტული სისტემის შემადგენელი ნაწილი საქართველოში, რატომ არის შეუძლებელი მათი გათავისუფლება? ერთ წამში შეუძლია ამის გაკეთება უკრაინის ხელისუფლებას, ამას სჭირდება ერთადერთი რამ, მეგობრობის სურვილი ხელისუფლებებს შორის. თუ ეს სურვილი დაფიქსირდება, ბუნებრივია, უმაღლეს დონეზე განხორციელდება ვიზიტი", - თქვა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უკრაინაში საქართველოდან სხვა რანგის ვიზიტების შესაძლებლობაზეც ილაპარაკა.

„რაც შეეხება სხვა დონეზე ვიზიტის განხორციელებას, ეს იქნება უკრაინელი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, რომელიც დღეს რუსეთის აგრესიის ქვეშ არის. ამ ქვეყნის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს ჩვენ გავაკეთეთ სხვადასხვა ფორმით. ასეთი ვიზიტი იქნება მორიგი ჟესტი ჩვენი მხრიდან, რომ გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ და ასეთი ვიზიტი მოემსახურება სწორედ ამას. რაც შეეხება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ვიზიტს, ამას სჭირდება გარკვეული წინადადებების შესრულება. ყველამ იცის, მათ შორის უკრაინის ხელისუფლებამაც, რომ ეს ადამიანები თან არიან უკრაინის ხელისუფლებაში, თან არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები საქართველოში, ეს საჭიროებს ცვლილებას და ეს უნდა ესმოდეს აბსოლუტურად ყველას. ჩვენ რაიმე განსაკუთრებულს არ ვითხოვთ, მით უმეტეს, არავის შიდა საქმეებში არ ვერევით. ერთადერთი, რაც ჩვენ გვინდა, ადამიანები, რომლებიც აქ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, არ იყვნენ წარმოდგენილი ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებაში, ეს არის ერთადერთი მარტივი თხოვნა“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

8 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვრცელი განცხადებით უპასუხა მიწვევას უკრაინის ქალაქ ბუჩაში, სადაც, რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლის შემდეგ ნახეს სასტიკად მოკლული ათეულობით ადამიანის გვამი.

პაპუაშვილმა უკრაინულ მხარეს გაახსენა საქართველოს ხელისუფლების შესახებ გაკეთებული განცხადებები და აღნიშნა, რომ ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ ჩანს.

ბუჩაში ჩასვლის სურვილის შესახებ განაცხადა პარტია "მოქალაქეების" დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბარში და თქვა, რომ "მე, როგორც ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა, უკვე გავაკეთე კოორდინაცია ყველა ოპოზიციურ პარტიას შორის, ყველას თანხმობა მაქვს - აუცილებლად ჩავალთ ბუჩაში".

XS
SM
MD
LG