Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მჭირდა თუ არა COVID-19” – რა მნიშვნელობა აქვს ამ კითხვაზე პასუხს


„რამდენიმე კვირის წინათ სიცხე მქონდა და მახველებდა. რა ვიცი, რომ ახალი კორონავირუსით არ ვიყავი ავად?“ - თუ „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებული სტატუსებით ვიმსჯელებთ, მსგავსი შეკითხვა ბოლო დღეებში ბევრს გაუჩნდა საქართველოშიც და მთელს მსოფლიოშიც.

იმის ალბათობა, რომ ადამიანს COVID-19 ჰქონდეს მოხდილი ისე, რომ ამის შესახებ არც იცოდეს, ცხადია, განსხვავდება იმის მიხედვით, თუ როდის დაიწყო ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შიდა გავრცელება. ქართველის მიერ თებერვალში გადატანილი ავადმყოფობა სავარაუდოდ უფრო ჩვეულებრივი გრიპი იყო. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას ექიმმა ბიძინა კულუმბეგოვმა უთხრა - ამის პოტენციურ შესაძლებლობას, ცხადია, ვერავინ გამორიცხავს.

მანვე ახსნა, თუ როგორ შეიძლება გარკვევა, სჭირდა თუ არა ამა თუ იმ ადამიანს COVID-19. ამის შესაძლებლობას ანტისხეულებზე დაფუძნებული ტესტი იძლევა - ის ინფექციის საწინააღმდეგოდ ორგანიზმის მიერ გამომუშავებულ ანტისხეულებს აფიქსირებს და, შესაბამისად, მაშინაც გვაძლევს პასუხს, როდესაც დაავადება უკვე კარგა ხნის მოხდილი გვაქვს. (მიმდინარე ინფექციას მსგავსი ტესტი ხშირად ვერ აფიქსირებს, რადგან ორგანიზმს ინფიცირებიდან რამდენიმე დღე სჭირდება ანტისხეულების გამოსამუშავებლად).

ანტისხეულების კვლევის საჭიროება განსაკუთრებით კარგად ჩანს თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი უსიმპტომოდ მიმდინარეობს - ადამიანმა ის შეიძლება ისე მოიხადოს, რომ ვერც მიხვდეს.

არადა, იმის დადგენა, თუ ვინ გადაიტანა ახალი კორონავირუსი, მხოლოდ უბრალო ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად არ არის საჭირო. ამ ინფორმაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც პანდემიასთან, ისე მის შედეგებთან, მათ შორის ეკონომიკურ ზარალთან გასამკლავებლად.

აი, მაგალითად, მსგავსი ტიპის ტესტებს შეუძლიათ დაგვეხმაროს იმის განსაზღვრაში, თუ როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები და საბავშვო ბაღები. დღეს ვიცით, რომ ბავშვებში ახალი კორონავირუსი შედარებით იშვიათად ფიქსირდება. თუმცა, არ ვიცით, რატომ ხდება ასე - იმიტომ, რომ ბავშვებს ამ ვირუსით ნაკლებად ინფიცირდებიან თუ მიზეზი ისაა, რომ, როგორც წესი, დაავადება იმდენად მსუბუქი ფორმით ვითარდება, რომ მას ვერც ვამჩნევთ. ანტისხეულების კვლევამ წესით პასუხი უნდა გაგვცეს ამ შეკითხვაზე.

სწორედ ანტისხეულების გრძელვადიანი კვლევა გვეტყვის, თუ რამდენ ხანს ექნება ადამიანს იმუნიტეტი ამ ვირუსის წინააღმდეგ. დღეს ზუსტი პასუხი ამაზე არავის აქვს - სხვა მსგავს კორონავირუსზე დაკვირვების შედეგად ვარაუდობენ, რომ წესით ორგანიზმმა რამდენიმეწლიანი იმუნიტეტი მაინც უნდა გამოიმუშაოს, თუმცა, ცხადია, ზუსტად ეს ჯერ არავინ იცის. არადა, ეს ინფორმაცია აუცილებელია, როგორც ვაქცინის შესამუშავებლად, ისე იმის გადასაწყვეტად, თუ როდის და რა დოზით შეძლებენ ადამიანები სოციალური დისტანცირების პოლიტიკის შემსუბუქებას.

საქართველოსთვის ამას ამ წუთას შეიძლება უფრო თეორიული მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ იმ ქვეყნებისთვის, სადაც დღეს ოფიციალურ ათიათასობით და ისე კიდევ ბევრად მეტი ინფიცირებული ჰყავთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ ვინ მოიხადა კორონავირუსი.

პირველ რიგში იმიტომ, რომ ვინც COVID-19 უკვე მოიხადა, მას იმუნიტეტიც აქვს და, შესაბამისად, მუშაობის განახლებაც შეუძლია ისე, რომ არც საკუთარი თავი და არც სხვა რისკის ქვეშ არ დააყენოს. რაც მეტია ინფიცირებულთა რაოდენობა, მით მეტია ალბათობა, რომ იმუნიტეტიც გაცილებით მეტს გაუჩნდა, ვიდრე ეს ოფიციალურადაა დაფიქსირებული.

New York Times-ში გამოქვეყნებული მოსაზრების ავტორი სწორედ ამ აზრს ავითარებდა - ანტისხეულების ტესტი გვეტყვის, თუ ვის აქვს იმუნიტეტი. როდესაც ასეთი ადამიანების საკმარისი რაოდენობა დაგროვდება, ნელ-ნელა შეგვეძლება ეკონომიკის და სოციალური აქტივობების აღდგენა. ავტორის შეფასებით, თუ რამდენიმე კვირის განმავლობაში სოციალური დისტანცირება მკაცრად იქნება დაცული და მოხერხდება მრუდის მაქსიმალურად გაბრტყელება, ეს შესაძლოა ამერიკამ უკვე ივნისის დასაწყისიდან შეძლოს.

XS
SM
MD
LG