Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ამჯერად შევეხებით ორ საკითხს, ორ კატასტროფას, რომელთაც ბოლო დღეებში მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა:

ერთი კატასტროფა ერაყში მოხდა, მეორე კი (და ის კიდევ გრძელდება) აშშ-ში. ვგულისხმობ სტიქიურ უბედურებას, რომელმაც ახალი ორლეანი დააზარალა.

მაგრამ დავიწყოთ ერაყით. ბაღდადში ოთხშაბათს შიიტურ დღესასწაულზე მიმავალ ხალხში პანიკა ატყდა, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა 1000-მდე ადამიანს. აი, რას წერს ამ უბედურ შემთხვევაზე ლონდონის “დეილი ტელეგრაფი”:

“ერაყში სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ ყველაზე მძიმე კატასტროფა უშუალოდ ტერორიზმს არ გამოუწვევია: პანიკით მოცულ ბრბოში ზოგი ფეხით გაითელა, ზოგი გაიჭყლიტა, ზოგი ტიგროსში დაიხრჩო. თუმცა ტერორიზმმა შექმნა ის ვითარება, რომლის გამოც შიიტურ პროცესიაში პანიკამ იფეთქა. კატასტროფა ქვეყანას თავს დაატყდა იმ მომენტში, როცა მოსახლეობის სამი მთავარი ჯგუფი - შიიტები, სუნიტები და ქურთები - კონსტიტუციაზე ერთსულოვნების მიღწევას ცდილობენ. ახლა მნიშვნელოვანია, ეს პროცესი გაგრძელდეს, რადგანაც ტერორისტების მიზანი სწორედ ამ პროცესის ჩაშლა და ქვეყნის სამოქალაქო ომის უფსკრულში ჩათრევაა”.

“უფსკრულის” მეტაფორას იყენებს თურქეთის გაზეთ “მილიეთში” დაბეჭდილი კომენტარის ავტორიც. ოღონდ წერილში, რომელიც ბაღდადში მომხდარი ტრაგედიის მომდევნო დღეს, 1 სექტემბერს დაიბეჭდა, ლაპარაკია არა “სამოქალაქო ომის უფსკრულზე”, არამედ განხეთქილებაზე ერაყელს შიიტებს და სუნიტებს შორის...

“რაც უნდა ყოფილიყო ოთხშაბათს მომხდარი ტრაგედიის მიზეზი, შედეგები მძიმე იქნება. ამ მოვლენის შემდეგ შიიტებსა და სუნიტებს შორის უფსკრული კიდევ უფრო გაღრმავდება. და ეს მაშინ, როცა კონსტიტუციაზე მუშაობა მთავრდება და ქვეყნის ფეხზე დასაყენებლად სერიოზული ძალისხმევა მიმდინარეობს”.

თუ ბაღდადში ასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი პანიკა გახდა, აშშ-ში კატასტროფა სტიქიურმა უბედურებამ გამოიწვია, კერძოდ კი გრიგალმა “კატრინამ”, რომელმაც, პრაქტიკულად, წყალში ჩაძირა ქალაქი ახალი ორლეანი. იტალიის ყოველდღიური “რეპუბლიკა” ერთი ძალიან ცნობილი ქალაქის სამწუხარო ბედსაც კი იხსენებს. აი, რას ვკითხულობთ “რეპუბლიკაში” ახალი ორლეანის შესახებ:

“ჩვენს წინაშეა ამერიკული პომპეი, რომელიც ბედის ანაბარა მიატოვეს და ნელი სიკვდილისთვის გაიმეტეს. როგორც ვეზუვის ლავამ, ისე გაავსო დაბლობი ჭაობებისა და ტბის წყალმა, მას შემდეგ რაც ჯებირები გაანგრია. ახლა კი ხანძარი მძვინვარებს (...) წყლით სავსე დაბლობზე, რადგან ცისტერნებიდან და გამანაწილებლებიდან გადმოღვრილ ნავთსა და ბენზინს ცეცხლი წაეკიდა.”

“რეპუბლიკას”მიერ აღწერილ “ამერიკულ პომპეიზე” არანაკლებ პირქუშ სურთს ხატავს შვეიცარიის გერმანულენოვანი “ბაზლერ ცაიტუნგი”. მასში ვკითხულობთ;

“წარმოუდგენელი სცენები აღწევს ჩვენს მზერამდე: სასოწარკვეთილი ადამიანები შველას ითხოვენ. პოლიციელები უსუსური შეჰყურებენ, როგორ სარგებლობენ მაროდიორები ქაოსით. მაშველები ფარ-ხმალს ჰყრიან ქალაქს მოდებული ანარქიის წინაშე. ქარიშხალმა “კატრინამ” ამერიკული საზოგადოების ნაკლოვანებები წარმოაჩინა. ქარიშხლის შედეგები იმიტომაც არის ასე მძიმე, რომ სახელმწიფოს ვალდებულებები ბოლო ათწლეულებში მინიმუმზე იყო დაყვანილი. სულ უფრო მეტი მოგებისაკენ მისწრაფებით, სოლიდარობაზე უარით და მინიმუმზე დაყვანილი სახელმწიფო ხარჯებით ვერ შეებრძოლები სტიქიური უბედურებების შედეგებს”.

ახლა კი ვნახოთ, რას წერენ თვით შეერთებულ შტატებში - “USA Today”-ში ვკითხულობთ:

“სტატისტიკური მონაცემები გვაჩვენებს, რომ იმ ამერიკელების რიცხვი, რომელთაც სიღატაკეში უწევთ ცხოვრება, 12,7 პროცენტამდე გაიზარდა. ახალ ორლეანში ღატაკთა პროცენტული მაჩვენებელი ორჯერ აღემატება შეერთებული შტატების საშუალო მაჩვენებელს. ქალაქის მოსახლეობის ორ-მესამედს შავკანიანი ამერიკელები შეადგენენ: ამ ადამიანების საშინელი ყოფის შესახებ ახლა საყოველთაოდ გახდა ცნობილი. სამწუხაროდ, ეჭვს არ იწვევს, რომ სიღატაკე ისევ “უხილავი” გახდება ახალ ორლეანში ვითარების ნორმალიზაციის შემდეგ. ყოველ შემთხვევაში, უხილავი იქნება მომავალ კატასტროფამდე”.

დაბოლოს, არანაკლებ მწვავეა აშშ-ის მართვის სისტემის მისამართით “ნიუ-იორკ ტაიმსში” გამოთქმული კრიტიკა:

“ვითარება ახალ ორლეანში უკვე ისედაც საშინელი ჩანდა, მაგრამ ხუთშაბათს კიდევ უფრო გაუარესდა. ეს გამოიხატა საზოგადოებრივი წესრიგის მოშლით. ამერიკელებმა დაინახეს, რომ უწყებები საკუთარ ქვეყანაში ვერ უმკლავდებიან სტიქიურ უბედურებებს. ბევრი ადამიანი დაიღუპა იმის გამო, რომ დახმარება დროზე ვერ მიიღო. მსხვერპლთაგან ყველა ღატაკია, ყველა შავკანიანი. ქუჩებს მაროდიორები მოედნენ. კრიზისის მოგვარებაზე პაუსხიმგებელმა პირებმა იცოდნენ, რომ ახალი ორლეანი დაიტბორებოდა, თუ ჯებირებს წყალი გაანგრევდა. მაგრამ პასუხისმგებელმა პირებმა თავი ვერ გაართვეს შექმნილ სიუტაციას”.
XS
SM
MD
LG