მოლაპარაკებებთან დაკავშირებული ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ევროპის დედაქალაქებში „დისკუსიები გაძლიერდა“.
4 სექტემბერს პარიზში ჩატარებული ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ, ევროპელმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ წლის დასაწყისთან შედარებით „გაზრდილია ენთუზიაზმი“ ინიციატივის მიმართ და ისინი რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით „მცირე ნაბიჯებს დგამენ წინ“.
ბოლო კვირების განმავლობაში მოქმედების უეცარი გააქტიურება ერთი დიდი ცვლილებით არის განპირობებული: შეერთებული შტატები ყურადღებას აქცევს პროექტს.
ერთი დიპლომატი, რომელიც ანონიმურობის პირობით საუბრობს, ამბობს, რომ ვაშინგტონი ახლა კოალიციის „დამკვირვებლად“ შეიძლება ჩაითვალოს. მართალია კონკრეტული „ამერიკული ზურგი“, რომელსაც ევროპული ქვეყნები ითხოვენ სამშვიდობო ძალის ჩამოსაყალიბებლად, ჯერ არ არსებობს, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა, როგორც პოლიტიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით, მიანიშნა, რომ შესაძლოა ის შეიქმნას, დასძინა დიპლომატმა.
რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს ჯერ კიდევ გასარკვევია, თუმცა მიიჩნევა, რომ ყველაზე სასარგებლო აქტივი იქნება ამერიკული დაზვერვა.
ამერიკის შესაძლო როლის გარდა კიდევ რამდენიმე ფაქტორია გადასაჭრელი სამშვიდობო ძალის ჩამოსაყალიბებლად. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მისიის პოლიტიკურ მანდატს და ძალის გამოყენების წესებს.
რაც შეეხება მანდატს, ორი რამ ცხადია: ეს ძალა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში გახდება აქტიური და მას მხოლოდ უკრაინის მოწვევით შეუძლია მოქმედება. ეს უკანასკნელი თითქოს ისედაც ცხადია, მაგრამ კოალიცია კვლავ ცდილობს აღნიშნოს, რომ ეს მხოლოდ კიევის გადაწყვეტილებაა და რუსეთს ამაზე ვეტოს დადება არ შეუძლია. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები გაეროს ან ეუთოს ეგიდით არ მიიღება.
კოალიცია ასევე ცდილობს თავიდან აიცილოს საერთაშორისო ძალის ნებისმიერი ფორმა, რომელშიც ჩართული იქნებიან კრემლისადმი უფრო მეგობრული ქვეყნების, მაგალითად ბრაზილიის, ინდოეთის ან ჩინეთის ჯარები.
ნებისმიერი სამხედრო ძალის ადგილზე გასაგზავნად აუცილებელი წინაპირობაა ცეცხლის შეწყვეტა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ არცერთ ქვეყანას არ სურს რაიმე სახით ბრძოლაში ჩართვა. აქ ერთგვარი დილემაა ჩადებული, რადგან არცერთი ევროპელი დიპლომატი არ თვლის, რომ ომი მალე დასრულდება. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესვეურმა, კაია კალასმა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მისი აზრით, მოსკოვი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში საომარ ძალისხმევას გააძლიერებს. ამ მოსაზრებას სხვა ევროპელი ოფიციალური პირებიც დაეთანხმნენ და თვეს, რომ კონფლიქტი შესაძლოა კიდევ წლების განმავლობაში გაჭიანურდეს.
არც ძალის გამოყენების წესებთან დაკავშირებით არსებობს შეთანხმება. ერთი რამ ცხადია, რომ მომავალი ძალები შეხების ხაზთან არ განთავსდებიან.
ამგვარად, უკრაინის თავდაცვის პირველ ხაზად უკრაინის არმია მოიაზრება, ხოლო სამშვიდობო ძალები მეორე ხაზზე იქნებიან. სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავენ, მაგრამ ძირითადი იდეაა, რომ უნდა არსებობდეს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კომპონენტები.
საზღვაო კომპონენტის კუთხით წამყვანი ქვეყანაა თურქეთი, რომლის როლიც შავი ზღვის ნავიგაციისთვის თავისუფალ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა და, პოტენციურად, საზღვაო განაღმვით საქმიანობა იქნება.
მოსალოდნელია, რომ სახმელეთო ძალების კუთხით ლიდერობას ბრიტანეთი და საფრანგეთი აიღებენ თავზე. ასე, რვა სხვა ქვეყანამაც, ძირითადად სკანდინავიურ-ბალტიის რეგიონში, მიანიშნა, რომ მზად არიან ჯარისკაცები ადგილზე გაგზავნონ.
საბოლოო მიზანი უკრაინაში 25,000-30,000 ჯარისკაცის განთავსებაა, თუმცა შესაძლოა, რომ ეს რაოდენობა შემცირდეს. პოლონეთმა მიანიშნა, რომ ის ძირითადად ძალების ლოჯისტიკური ცენტრის როლს შეასრულებს. გერმანია ყოყმანობს. სამხედროების სავარაუდო გაგზავნისთვის პარლამენტის თანხმობა იქნება საჭირო. ამ პოტენციური დაბრკოლების წინაშე კიდევ არაერთი სხვა ქვეყანაც დგას.
კიდევ ერთი დილემა ის არის, რომ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ბევრი ქვეყანას არ სურს მომავალი სამშვიდობო ძალის ოფიცრები ნატოს იმ ბატალიონებიდან გამოყონ, რომლებიც ბოლო წლებში მათ ტერიტორიაზე განთავსდა უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ. ბალტიელმა დიპლომატებმა ხაზგასმით მოითხოვეს, რომ სამშვიდობო ძალამ არ უნდა შექმნას „ხარვეზები“ სამხედრო ალიანსის თავდაცვაში.
სამშვიდობო ძალის სახმელეთო კომპონენტი, სავარაუდოდ, დასავლეთ უკრაინაში, ლვოვის რაიონში განთავსდება. აქ მდებარეობს იავორივის სამხედრო ბაზა, რომელსაც დასავლეთის არმიის პერსონალი უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნისთვის იყენებდა რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე. ზოგიერთი წყაროს აზრით ბუნებრივია, რომ ცენტრი სწორედ აქ იყოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სამშვიდობო ძალას სასწავლო კომპონენტიც ექნება.
სხვა ვარიანტები მოიცავს ძალების განლაგებას კრიტიკული ინფრასტრუქტურის - აეროპორტების და პორტების - გარშემო, ასევე უფრო დიდ ქალაქებში, როგორიცაა ოდესა და კიევი.
საჰაერო კომპონენტი ჯერ კიდევ დასამუშავებელია, მაგრამ იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დასავლეთ უკრაინის და საბოლოოდ ცენტრალური უკრაინის ცა დაცული უნდა იყოს. თუმცა, აქაც გადასაჭრელია ძალის გამოყენების წესების საკითხი, რადგან არცერთი დასავლური ქვეყანა არ არის მზად, მაგალითად, ესროლოს რუსულ თვითმფრინავებს, თუ ისინი უკრაინის ცაზე გადაიფრენენ და კრემლთან პირდაპირ დაპირისპირებაში ჩაებან.