ამჟამად მას 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული - იგი რუსეთში ექსტრადიციის რისკის წინაშეა.
ოჯახი შიშობს, რომ რუსეთში ექსტრადიციის შემთხვევაში, გიორგი კინოიანი არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის მოსპობის რისკის წინაშე დადგება.
დაკავება
გიორგი კინოიანი 2025 წლის 3 სექტემბერს, შუადღისას დააკავეს საქართველოდან სომხეთში გადასვლის შემდეგ.
„სომეხმა მესაზღვრეებმა გააჩერეს და ადგილზე დააკავეს, რადგან, როგორც მითხრეს, კომპიუტერში ამოუგდო შეტყობინება, რომ გიორგი იყო რუსეთის მიერ ძებნილი და ითხოვდნენ მის დაკავებას“, - ამბობს მისი ძმა, ვაკო კინოიანი.
ძმის ცნობითვე, იმავე დღეს, 3 სექტემბერს, გიორგი კინოიანი ჯერ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, იქიდან - წინასწარი მოთავსების იზოლატორში, 5 სექტემბერს, საღამოს 11 საათისთვის კი სასამართლომ 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.
„ამის შემდეგ მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, მათ შორის ვერც ადვოკატებისგან“, - ამბობს ძმა.
ექსტრადიციის რისკი
ვაკო კინოიანის თანახმად, მისი ძმის ადვოკატმა ერევანში აუხსნა, როგორია ექსტრადიციასთან დაკავშირებული პროცედურები:
- „რუსეთმა უკვე იცის, რომ ჩემი ძმა დაკავებულია;
- ამ 40 დღეში რუსეთმა უნდა გააგზავნოს ინფორმაცია სომხეთში და მოითხოვოს ექსტრადიცია;
- ადვოკატის თანახმად, ნებისმიერ დროს შეიძლება მოვიდეს მოთხოვნა ექსტრადიციაზე, სომხეთში ჩატარდეს სასამართლო და ძალიან სწრაფად მოხდეს უკვე ექსტრადიციაც“, - ამბობს ძმა.
სომხეთის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციას უკვე შეატყობინა, რომ დააკავა რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე გიორგი კინოიანი.
ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნარეკ სარქისიანმა დაუდასტურა.
პრესპიკერის თანახმად, მას შემდეგ, რაც 3 სექტემბერს საზღვის კვეთისას პოლიციის თანამშრომლებმა კინოიანის იდენტიფიცირება მოახდინეს, ამის შესახებ აცნობეს გენერალურ პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს, ასევე, ძებნის ინიციატორ მხარეს (რუსეთის ფედერაციას).
რადიო თავისუფლება ასევე დაუკავშირდა სომხეთის იუსტიციის სამინისტროს შესაძლო ექსტრადიციის შესახებ კითხვებით.
„ექსტრადიციის შემთხვევაში, ყველამ იცის, რა შეიძლება მოხდეს. ყველაზე კარგ შემთხვევაში, არაადამიანური მოპყრობის რისკია. მე პირადად უფრო ცუდ ფიქრებში ვარ… საქართველომ ეს არ უნდა დაუშვას“, - ეუბნება ვაკო კინოიანი რადიო თავისუფლებას.
„საქართველომ ეს არ უნდა დაუშვას“
ოჯახის ერთადერთი იმედი ახლა საქართველოს ხელისუფლების მიმართვაა, - რაც უკვე სთხოვეს სომხეთში საქართველოს საელჩოს.
„ამ შემთხვევაში ერთადერთი, რაც დამრჩენია, არის ის, რომ საქართველოს იმედი მქონდეს, რომ გამოითხოვოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქე და შეძლოს მისი ისე დაბრუნება, რომ ეს ამბავი პატარა ისტორიად დარჩეს“, - ამბობს ვაკო კინოიანი.
მისი თქმით, იგი ესაუბრა ერევანში საქართველოს საელჩოს, სადაც უთხრეს, რომ ინფორმაცია აქვთ და შესაბამისი სტრუქტურები ჩართულები არიან ამ საკითხში.
„დიდი იმედი მაქვს, ვინმე დამიკავშირდება და მეტყვის, როგორ შეიძლება ამ სიტუაციიდან გამოვძვრეთ“, - ამბობს ის.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
განახლება: „აღნიშნულის თაობაზე სომხეთში საქართველოს საელჩოს აცნობეს დაკავებულის ოჯახის წევრებმა, თუმცა, სომხეთის ოფიციალური უწყებებიდან შეტყობინება საელჩოს დღემდე მიღებული არ აქვს“, - მისწერეს რადიო თავისუფლებას პრესცენტრიდან.
„საკონსულო კომპეტენციის ფარგლებში მუშაობს აღნიშნულ საკითხზე“, - ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია“
სადავო პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ინფორმაცია არ აქვს კინოიანის საქმის დეტალებზე, თუმცა განაცხადა:
„დარწმუნებული ვარ, ვისაც უნდა ჰქონდეთ, იმ უწყებებს აქვთ ეს ინფორმაცია და გააკეთებენ ყველაფერს, რომ საქართველოს მოქალაქე არცერთი სხვა სახელმწიფოს ხელში არ მოხვდეს“.
„სხვა ქვეყანაში როდესაც ხდება ჩვენი მოქალაქის დაკავება ამა თუ იმ მიზეზით, რისი შესაძლებლობაც არის, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს“, - თქვა მან.
„გარდა იმისა, რომ საქართველოს სომხეთთან აქვს ორმხრივი შეთანხმება, [სომხეთს] რუსეთთანაც აქვს ორმხრივი შეთანხმება. ამიტომ, როდესაც ამ არჩევანის წინაშე დადგება სომხეთი, რომელი შეთანხმებით იმოქმედებს, ეს მათი საქმეა. იმედს გამოვთქვამ, რომ დაიცავს“, - თქვა უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.
მიზეზი - ბრძოლა უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის სასამართლომ გიორგი კინოიანს დაუსწრებლად 7-წლიანი პატიმრობა 2024 წლის 25 ოქტომბერს მიუსაჯა.
ის დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში, რაც „დაქირავებულ მებრძოლობას“ გულისხმობს.
ბრალდება უკავშირდება კინოიანის მიერ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის მხარეს მონაწილეობას.
ბრალდების თანახმადვე, ის „ქართულ ლეგიონთან“ ერთად იბრძოდა უკრაინაში.
რუსეთს „ლეგიონის“ დამფუძნებელი მამუკა მამულაშვილისა და არაერთი სხვა ქართველი მებრძოლისთვის აქვს პატიმრობა დაუსწრებლად მისჯილი.
„ინტერპოლით არ იძებნებოდა“
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გიორგი კინოიანი არ იძებნებოდა „ინტერპოლის“ არხებით.
როგორც უწყებაში ამბობენ, მასზე ძებნა რუსეთს გამოცხადებული ჰქონდა სისტემით, რომელზე წვდომაც აქვთ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ-ს) წევრ ქვეყნებს.
შესაბამისად, როგორც უწყებაში განმარტავენ, ქართველ მესაზღვრეებს, რომელთაც ამ ბაზაზე წვდომა არ აქვთ, ვერ ექნებოდათ ცნობა, რომ კინოიანზე ძებნა იყო გამოცხადებული და ამის შესახებ მას ვერ აცნობებდნენ.
ფორუმი