„ერთი წელი გავიდა ყოველდღიური საპროტესტო აქციებიდან მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები შეაჩერა“, - წერს ნორვეგიის საგარეო უწყება პლატფორმა X-ზე.
„ნორვეგია კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლების მიმართ. უსამართლოდ დაპატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ“, - აცხადებს სამინისტრო.
დღეს ზუსტად ერთი წელი შესრულდა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, - რომ 2028 წლამდე აღარ დააყენებენ ევროკავშირში გაწევრებისათვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში, - და უწყვეტი ანტისამთავრობო, პროევროპული დემონსტრაციების დაწყებიდან.
დღესვე საერთო განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და განაცხადეს, რომ „ამ ერთი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ წარმოუდგენელი რეპრესიები მოუწყო საკუთარ ხალხს“:
- „160-მდე მოქალაქის წინააღმდეგ დაიწყეს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება;
- 300-მდე აქციის მონაწილე გახდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი;
- 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით;
- 1000-ზე მეტი მოქალაქე დაჯარიმდა პოლიტიკური მოტივებით;
- 400-მდე შემთხვევაა ჟურნალისტების დაპატიმრების, ცემისა და შევიწროების;
- მიიღეს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც პრაქტიკულად აიძულებს სამოქალაქო ორგანიზაციებს, შეწყვიტონ ფუნქციონირება“.
ფორუმი