Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალასის თქმით, ევროკავშირმა შესაძლოა „გარკვეულ ჯგუფებს“ გაუუქმოს უვიზო მიმოსვლა


კაია კალასის თქმით, ევროკავშირს ექნება შესაძლებლობა, გააუქმოს უვიზო რეჟიმი „ზოგიერთი ჯგუფისთვის“.
კაია კალასის თქმით, ევროკავშირს ექნება შესაძლებლობა, გააუქმოს უვიზო რეჟიმი „ზოგიერთი ჯგუფისთვის“.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის დღევანდელი განცხადებიდან ირკვევა, რომ შესაძლოა, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება „გარკვეულ ჯგუფებთან“ დაკავშირებით მიიღოს.

დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა, - რომელიც ამავე დროს არის ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, - განაცხადა:

„[ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა] მინისტრებმა ძალიან ნათლად განაცხადეს, რომ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა კვლავაც უარესდება საქართველოში“.

მან ასევე თქვა, რომ „ევროპელი ელჩების წინააღმდეგ პირადი თავდასხმები მიუღებელია და დიპლომატიაში ამის ადგილი არ არის“.

შემდეგ კი განაცხადა:

„კომისია წელს, მოგვიანებით წარადგენს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიშს. ეს, - ნოემბერში ვიზების შესახებ ახალი რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად, - გვაძლევს შესაძლებლობას, გავაუქმოთ უვიზო რეჟიმი ზოგიერთი ჯგუფისთვის“.

7 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომლითაც იოლდება ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს ან არღვევენ ადამიანის უფლებებს.

ბრიუსელი 2024 წლის შემოდგომის მოვლენების შემდეგ განიხილავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებას, თუმცა ამისათვის საჭიროა წევრი ქვეყნების - 27-ვე წევრის - კონსენსუსი.

კონსენსუსი არ არსებობს - რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის უნგრეთი და სლოვაკეთი, - ამ ზომას ეწინააღმდეგებიან.

სანაცვლოდ, ბლოკი განიხილავს საქართველოსთან 2017 წლიდან მოქმედი უვიზო რეჟიმის გაუქმებას, - რადგან ეს კონსენსუსს არ საჭიროებს. ამისათვის „კვალიფიციური უმრავლესობაც“ არის საკმარისი.

„კვალიფიციური უმრავლესობა“ ნიშნავს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების 55%-ს, რაც ევროკავშირის მთლიანი მოსახლეობის 65%-ს შეადგენს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკავშირის 19-მდე წევრი სახელმწიფო განიხილავს, სულ მცირე, დროებითი შეჩერების მხარდაჭერას.

ევროკომისიამ თბილისი გააფრთხილა 2025 წლის ივლისში გაგზავნილ წერილში, რომელშიც ითხოვდა, რომ თბილისს აგვისტოს ბოლომდე გაეგზავნა განმარტებები. თბილისმა პასუხი გააგზავნა, თუმცა, როგორც ევროკავშირის რამდენიმე თანამდებობის პირი გვეუბნება, ბრიუსელზე პასუხებმა შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.

4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, სოციალ-დემოკრატების ფრაქციამ ევროპარლამენტს მოუწოდა, ჩამოართვას 1000-დან 2000-მდე ქართველ ჩინოვნიკსა და მათი ოჯახის წევრებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება.

ამის შესახებ ორშაბათს, 13 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ფრაქციის კოორდინატორმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ნაჩო სანჩეს ამორმა. მას შემდეგ, რაც კოლეგებთან ერთად საქართველოდან დაბრუნდა.

ამის მისაღწევად, ისინი სთავაზობენ გამოყენებას ევროპარლამენტის მიერ 7 ოქტომბერს მიღებული ახალი მექანიზმისა, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ევროკომისიის გადაწყვეტილებით, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში.

13 ოქტომბერს პრაღაში მყოფმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რადიო თავისუფლებასთან კომენტარში განაცხადა, რომ ევროკავშირი სერიოზულად მუშაობს შეზღუდვების შემოღებაზე.

მისი სიტყვებით, მნიშვნელოვანია, რომ ის არ გავრცელდეს საზოგადოებაზე, რომელიც პროევროპულადაა განწყობილი და შეეხოს მათ, ვინც პასუხისმგებელია ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG