Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ის საიტის თანახმად, ვაჟა სირაძე აღარ არის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი


შსს-ის საიტის თანახმად, ვაჟა სირაძე აღარ არის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.
შსს-ის საიტის თანახმად, ვაჟა სირაძე აღარ არის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ვაჟა სირაძე, - რომელიც ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყნის მიერ არის სანქცირებული, - აღარ იკავებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს.

რადიო თავისუფლება ელის დამატებით ინფორმაციას შსს-ის პრესცენტრისგან.

საიტზე ინფორმაცია ახალი განახლებულია.

ვაჟა სირაძე ამ პოზიციას 2019 წლიდან იკავებდა.

შსს-ის ვებგვერდზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ვაჟა სირაძის ნაცვლად ლევან მაისურაძეა მითითებული.
შსს-ის ვებგვერდზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ვაჟა სირაძის ნაცვლად ლევან მაისურაძეა მითითებული.

ლევან მაისურაძე, - რომელიც სირაძის პოსტზეა დანიშნული, - წარსულში აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის, ასევე პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა - სამინისტროს პრესცენტრი ვაჟა სირაძეზე ინფორმაციას ადასტურებს და სხვა საკადრო ცვლილებებსაც ასახელებს.

ეს მორიგი საკადრო ცვლილებაა „ქართული ოცნების“ მთავრობასა და სამთავრობო უწყებებში მაღალ თანამდებობებზე დასაქმებულ პირებს შორის.

ვაჟა სირაძის ყოფილი უფროსი, მინისტრი ვახტანგ გომელაური 28 მაისს გადადგა თანამდებობიდან. ის გეკა (გელა) გელაძემ ჩაანაცვლა.

ვაჟა სირაძისათვის სავიზო სანქციები აქვთ დაწესებული ჩეხეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს.

გომელაური აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს მიერაა სანქცირებული ადამიანის უფლებების ხელყოფისა და მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე პოლიციის ძალადობის გამო.

2025 წლის გაზაფხულიდან ცვლილებებია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტში:

  • თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დასახელდა და 7 აპრილს დაამტკიცეს კიდეც. მან თორნიკე რიჟვაძე შეცვალა.
  • თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ლაშა გოგნიაშვილი, მანამდე გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი.
  • 4 აპრილს გაირკვა, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა გრიგოლ ბესელიამ ["ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლისა და რედაქტორის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა].
  • აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ახალი უფროსი გიორგი ბუხრაშვილი გახდა - მანამდე ის სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს მას სამცხე-ჯავახეთში.

აპრილის დასაწყისში არათუ მხოლოდ გამოიცვალა, არამედ პოსტის გარეშე დარჩა სუსის აწ უკვე ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც 2019 წლიდან იყო პოსტზე.

2025 წლის 4 ივნისს თანამდებობიდან გადადგა გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებული გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი. ის გენერალურ აუდიტორად ინიშნება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG