ჯერ უცნობია, ვინ იქნება ახალი გენერალური პროკურორი.
გენერალური აუდიტორის პოსტს 2022 წლის 21 სექტემბრიდან ამ დრომდე ცოტნე ყავლაშვილი იკავებდა.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყავლაშვილმა გუშინ, 3 ივნისს მიმართა პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით.
პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ყავლაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტზე ბრუნდება. ის 2015-22 წლებში - 7 წლის განმავლობაში - მუშაობდა მინისტრის მოადგილედ.
სწორედ მას ჩაანაცვლებს აწ უკვე ყოფილი გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი.
„გუნდთან და ბატონ გიორგისთან კონსულტაციით, მივიღე გადაწყვეტილება გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა 4 ივნისს ბრიფინგზე.
ბრიფინგი პაპუაშვილმა და გაბიტაშვილმა ერთად ჩაატარეს პარლამენტში.
გენერალური აუდიტორს პარლამენტი ამტკიცებს, კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება კი პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს.
პაპუაშვილის განცხადებით, შესაბამისი პროცედურა დაიწყება და დასრულდება „მომავალ კვირას პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით“.
„გენერალური აუდიტორის თანამდებობა - ეს გამოწვევაა და შესაძლებლობა ჩემთვის, ახალი პოზიციიდან ვემსახურო ჩემს ქვეყანას“, - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.
„აუდიტის სამსახური, როგორც კონსტიტუციური ორგანო, გადამწყვეტ როლს თამაშობს სახელმწიფო სახსრების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფაში. პარლამენტის და მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ბიუჯეტის ეფექტიანი ხარჯვა და კორუფციის რისკების მინიმიზებაა“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
დიდმა ბრიტანეთმა 2025 წლის 10 აპრილს როგორც ფინანსური, ასევე სავიზო სანქციები დაუწესა გიორგი გაბიტაშვილს, - და „ქართული ოცნების“ მთავრობის კიდევ სამ მაღალჩინოსანს.
ბრიტანეთის საელჩოს განმარტებით, სანქციები დაწესდა „გაერთიანებული სამეფოს გლობალური ადამიანის უფლებათა დაცვის 2020 წლის რეგულაციების შესაბამისად“, სანქცირებული პირების მიერ „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო 2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ“.
ბრიტანეთის მთავრობა უთითებდა, რომ გიორგი გაბიტაშვილი „არის ან/და პასუხისმგებელი იყო ისეთი ქმედების გამოძიებაზე ან [სისხლისსამართლებრივი] დევნის წარმოებაზე, რომელიც წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას ადამიანის უფლებისა, არ დაექვემდებარონ სასტიკ, არაადამიანური ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს“.
ამასთან, მითითებულია, რომ გაბიტაშვილს სანქციები დაუწესდა ამ პასუხისმგებლობის „განზრახ ან დაუფიქრებლად შეუსრულებლობის“ გამო.
ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა, მათ შორის:
- 28 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაური გელა გელაძემ შეცვალა;
- აპრილის დასაწყისში სუს-ის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი ანრი ოხანაშვილმა შეცვალა.
13 მაისს პროკურატურის პრესცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, უწყების შემადგენლობაში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა:
- თბილისის პროკურორად დაინიშნა გიორგი გვარაკიძე;
- გენერალური პროკურორის მოადგილედ კი დაინიშნა ზურაბ ბელთაძე.
ფორუმი