18 ივნისს ინიციირებული ცვლილებები, - რომლებიც ცილისწამების შეცვლილ განმარტებასა და ცილისწამებაზე სამოქალაქო დავისას მტკიცების ტვირთის ცვლილებას ეხება, - პარლამენტის საიტზე დღეს, 23 ივნისს, გამოქვეყნდა.
- ცილისწამებაზე დავისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელის ნაცვლად მოპასუხეს ეკისრება;
- სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ვადა ერთი თვიდან 10 დღემდე მცირდება;
- თუკი ამ კანონის ძალით აქამდე შეიძლებოდა კანონით დარეგულირებულიყო "ადამიანის პირისპირ შეურაცხყოფა“, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კანონით რეგულირებადი შეიძლება გახდეს „საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა“;
- უქმდება ნორმა, რომლის თანახმადაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი, გაამხილოს წყარო ან პროფესიული საიდუმლოება, - დაუშვებელია, გახდეს მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი.
დავა ცილისწამებაზე - მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე გადადის
ამჟამად მოქმედი კანონის პირვანდელი რედაქცია 2004 წელს "ვარდების რევოლუციის" შემდგომი რეფორმის შედეგად იქნა მიღებული და ის განამტკიცებს ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას.
ამჟამინდელი წესით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას, მტკიცების ტვირთი შეზღუდვის ინიციატორს ეკისრება. ეს წესი იცვლება.
ახლა მოქმედი კანონით, თუკი ადამიანი მიიჩნევს, რომ მას ცილი დასწამეს, იგი სასამართლოში ჩივის და თავად უნდა დაამტკიცოს, რომ ცილი დასწამეს. ფორმალისტურ ენაზე:
- კერძო პირის ცილისწამებისთვის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება „იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა“.
- საჯარო პირის ცილისწამებისათვის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება მაშინ, თუ მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ
- „მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ“,
- „ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი“ ან
- „მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება“.
მთავარი ისაა, რომ მტკიცების ტვირთი სასამართლოში ეკისრება მოსარჩელეს, - ანუ მას, ვინც მიიჩნევს, რომ ცილი დასწამეს.
ცვლილებების შემდეგ კი „მოპასუხემ, როგორც ცილისწამების ავტორმა, სასამართლოში თვითონ დაამტკიცოს მოსარჩელის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი ჭეშმარიტება“.
ეს ნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთი იცვლება - მოსარჩელის ნაცვლად მოპასუხეს დაეკისრება სასამართლოში იმის მტკიცების ტვირთი, რომ განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს.
ინიციირებული ცვლილებით, კანონიდან ქრება შემდეგი ფრაზაც: „ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ“.
კვალიფიციური პრივილეგია ცილისწამებისათვის
კანონის ახლა მოქმედი რედაქციით, ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადება აქვს გაკეთებული, ენიჭება ის, რასაც კანონი უწოდებს „კვალიფიციურ პრივილეგიას“, თუ:
- „მიიღო გონივრული ზომები ფაქტის სისწორის გადასამოწმებლად, მაგრამ ვერ შეძლო შეცდომის თავიდან აცილება და გაატარა ქმედითი ღონისძიებები ცილისწამებით დაზიანებული პირის რეპუტაციის აღსადგენად“;
- „იგი მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს“...
- „მისი განცხადება წარმოადგენდა სამართლიან და ზუსტ რეპორტაჟს იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლისკენაც მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება“.
ასე წერია მე-15 მუხლში.
მთლიანი მუხლი უქმდება.
ეს ცვლილება ძირითადად, სავარაუდოდ, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების უფლებებს შეზღუდავს, - განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც კრიტიკული რეპორტაჟების სუბიექტები ხშირად უარს ამბობენ ჟურნალისტებთან კომუნიკაციაზე.
ზიანის ანაზღაურება
კანონის მე-17 მუხლი ეხება ცილისწამებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. მოქმედი ნორმით:
- ადამიანს შეიძლება დაეკისროს ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ;
- დაუშვებელია მოპასუხის იძულება, მოიხადოს ბოდიში.
ამასთან, უშვებს ისეთ შემთხვევას, როდესაც მოპასუხე გამტყუნდა, კანონით დადგენილ ვადაში „განახორციელებს შესწორებას ან უარყოფას“, მაგრამ „შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება არ არის საკმარისი ცილისწამებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ჯეროვანი ანაზღაურებისათვის“.
მხოლოდ ასეთ დროს შეიძლება მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელისათვის მიყენებული ქონებრივი ან/და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება.
ინიციირებული ვერსიით, გადაწყვეტილება იმის შესახებ, საკმარისი არის თუ არა შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება, უნდა მიიღოს არა მოსარჩელემ, არამედ სასამართლომ.
სხვა ცვლილებები
ამჟამად ცილისწამება განმარტებულია ასე:
„არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება“.
ცვლილებების შემდეგ კი განიმარტება ასე:
„არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება“.
სასამართლოს ასეთი დავის განსახილველად ამჟამად დადგენილი აქვს ერთთვიანი ვადა.
„ქართული ოცნება“ ვადას 10 დღემდე ამცირებს.
თუკი ამ კანონის ძალით აქამდე შეიძლებოდა კანონით დარეგულირებულიყო "ადამიანის პირისპირ შეურაცხყოფა“, - სხვა შემთხვევებთან (უხამსობა, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზება და ა.შ) ერთად, - ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კანონით რეგულირებადი შეიძლება გახდეს „საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაც“.
რას გულისხმობს „საჯარო სივრცე“, დაკონკრეტებული არ არის, თუმცა ზოგადი განმარტება მოიცავს სოციალურ ქსელებსაც.
მთლიანად უქმდება ჩანაწერი, - მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი, რომლის თანახმადაც „დაუშვებელია, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი – გაამხილოს პროფესიული საიდუმლოება ან მისი წყარო – გახდეს მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი“.
უქმდება ეს ჩანაწერიც: „კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლის ცოდნაც აუცილებელია ადამიანისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად“.
ავტორები და კონტექსტი
„კანონპროექტის ავტორებად და ინიციატორებად მითითებულნი არიან „ქართული ოცნების“ წევრები დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, არჩილ გორდულაძე და ირაკლი შატაკიშვილი.
ფორმალურ კითხვაზე, თუ როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, ავტორები წერენ: „ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა“.
ინიციირებული ცვლილებები გაგრძელებაა „ქართული ოცნების“ მიერ შეცვლილი და მიღებული 10-ზე მეტი კანონისა, რომლებიც ადამიანის უფლებების აქამდე დადგენილ სტანდარტებს ზღუდავს ან ამა თუ იმ დარღვევაზე სადამსჯელო ზომებს ამკაცრებს.
ფორუმი