უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც დღეს, 18 ნოემბერს ესპანეთში იმყოფება, სოციალურ ქსელ ფეისბუკში, თავის ოფიციალურ გვერდსა და ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა უახლოესი დღეების გეგმა - ესპანეთის პრემიერ სანჩესთან შეთანხმებაზე მუშაობა, რათა უკრაინას მეტი ძალა ჰქონდეს, ხვალ, 19 ნოემბერს შეხვედრები თურქეთში, მოლაპარაკებების აქტივიზაციისთვის მზადება და გადაწყვეტილებები, რომლებსაც პარტნიორებს შესთავაზებენ.
ზელენსკის განცხადებით, მთელი ძალებით ომის დასრულების მოახლოება უკრაინის პირველი პრიორიტეტია და მუშაობენ ტყვეთა გაცვლის განახლების მიზნითაც. უკრაინამ და რუსეთმა 2025 წლის მაის-ივლისში სტამბოლში გამართეს მოლაპარაკების სამი რაუნდი და ერთადერთი, რაზეც შეთანხმდნენ, ტყვეების გაცვლაა. ბოლო გაცვლა ოქტომბრის დასაწყისში შედგა.
უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, მისი დავალებით ხუთშაბათისთვის მზადდება უმაღლეს მთავარსარდალთან არსებული შეიარაღებული ძალების მართვის უმაღლესი ორგანოს(სტავკა) მორიგი სხდომა და ამ კვირაშივე ექნება „შესაბამისი საუბრები ჩინოვნიკებთან“ და შეხვედრა პარლამენტის ხელმძღვანელებთან და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დეპუტატებთან.
როგორც ზელენსკი წერს, ამზადებს „რამდენიმე აუცილებელ საკანონმდებლო ინიციატივას და პრინციპულ სწრაფ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სახელმწიფოს სჭირდება“.
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ 10 ნოემბერს განაცხადა, რომ გამოავლინა ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფცია და მასში ჩართული დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის მთავარი მიმართულება იყო სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომის“ კონტრაგენტებისგან უკანონო სარგებლის მიღება, რაც შეადგენდა კონტრაქტების ღირებულების 10-15%-ს.
გამოძიების თანახმად, „ენერგოატომის“ კონტრაგენტებისთვის თავსმოხვეული პირობებით, მათ უნდა გადაეხადათ ე.წ. ოტკატი, რათა თავიდან აეცილებინათ უკვე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების დაბლოკვა და არ დაეკარგათ მიმწოდებლის სტატუსი. ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის შიგნით ამ პრაქტიკას „შლაგბაუმი“ ეწოდა.
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს თანახმად, ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფციული გარიგებების მიზნით მოქმედ დანაშაულებრივ ორგანიზაციას ტიმურ მინდიჩი ხელმძღვანელობდა.
ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი თანამფლობელია სტუდია „კვარტალი 95“-ის, რომლის დამფუძნებლებს შორის თავის დროზე იყო ვოლოდიმირ ზელენსკიც. მინდიჩმა უკრაინა 10 ნოემბერს დატოვა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ენერგეტიკის სფეროში კორუფციული სქემის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე.
კორუფციის საქმეზე ამ ეტაპზე ბრალდებულია რვა პირი.
ფორუმი