რაც უფრო ახლოვდება განაჩენების გამოტანის თარიღი, დაძაბულობა მატულობს - ჟურნალისტები, აქტივისტები, დაკავებულების მეგობრები და გულშემატკივრები ამბობენ, რომ სასამართლოს მანდატურების ქცევა ყოველდღე უფრო ძალადობრივი ხდება.
ასეთი დღე იყო 12 ივნისიც, პროევროპულ აქციებზე დაკავებული მათე დევიძის სასამართლო განაჩენის დღეც, როცა მას მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
„ეს დალურჯებები მრავლდება და მრავლდება… ამ ფეხით დავასკდი ქვას და თავი ამიტომ არ დავარტყი“, - დაწერა ფეისბუკზე ნათია ჩიქოვანმა და დალურჯებული ფეხისა და ხელების ფოტოებიც გამოაქვეყნა.
როცა ნათია მათე დევიძის სასამართლოზე მივიდა, იქაურობა უკვე ხალხით იყო გადაჭედილი. შენობაში შესვლა მაინც შეძლო და დარბაზთან ახლოს დადგა. იხსენებს, რომ უცებ ჩოჩქოლი დაიწყო და სხვებთან ერთად ისიც ჭყლეტაში მოხვდა. მანდატურებს ხალხი ძალით გაჰყავდათ შენობიდან.
ნათია ხედავდა, როგორ მოათრევდნენ განურჩევლად ყველას, მათ შორის, ასაკოვან ქალებსაც და პატარა გოგოებსაც.
„ვყვიროდი, ადამიანს ნუ დაახრჩობთ-მეთქი, ისე ჰქონდა ერთ მანდატურს ვიღაცისთვის ხელი ყელში წაჭერილი, მეშინოდა, არ მოეხრჩო. მეც ვეღარ ვსუნთქავდი, თან ღია ფეხსაცმელი მეცვა, ფეხი წამდაუწუმ მიბრუნდებოდა, ამ ზედახორაში რამდენჯერმე დავეცი და ვფიქრობდი, აი, ახლა გადამივლიან-მეთქი... ვითხოვდი, რომ ფეხზე წამოდგომა მაინც ეცლიათ“.
ნათია მანდატურებს ეკითხებოდა, რატომ აგდებდნენ შენობიდან? რომელი კანონის საფუძველზე? თუმცა საპასუხოდ ისმოდა მხოლოდ „გაიყვანეთ“, „გაიყვანეთ“ ან სალანძღავი სიტყვები: „რას ჰგავხართ, ავადმყოფები ხართ“.
რაღაც მომენტში, ის ათი მანდატურის წინაშე მარტო აღმოჩნდა. ჯაჯგურში ცალი ფეხსაცმელი გასძვრა. თუმცა, არც ფეხზე ჩაცმა აცალეს, ხელი სტაცეს, კარისკენ გაათრიეს, მერე ხელი ძლიერად კრეს და გარეთ გააგდეს.
„ასე ცალ ფეხზე შიშველი ვიდექი პოლიციელების კორდონის წინ და ვეუბნებოდი მათ, ხომ დაინახეთ რაც მოხდა, რატომ დუმხართ, არ გამოიყვანთ იმ კაცს-მეთქი? და ამ დროს, რომელიღაც მანდატურმა, უკვე გარეთ მყოფს, მთელი ძალით მკრა ისევ ხელი და ქვაზე დამახეთქა. ეს ამდენი პოლიციელი ზემოდან დამყურებდა უძრავად და უემოციოდ“.
ნათია ჩიქოვანმა პატრული ორჯერ გამოიძახა - ერთხელ იქვე, სასამართლოს ეზოში და მეორედ, როცა აქცია ფილარმონიასთან გაგრძელდა. პოლიცია არც ერთხელ არ მივიდა. სხეული სასწრაფო დახმარების ექიმებსაც აჩვენა. საჩივარსაც დაწერს. მართალია, რეაგირების იმედი დღეს არ აქვს, თუმცა, ფიქრობს, რომ მოვა დრო, როცა ამ ამბავს თაროდან ჩამოიღებს.
ფიზიკური ტკივილის და შეურაცხყოფის განცდის გარდა, დიდი იყო ემოციური სტრესიც იმის გამო, რომ სულ ეფიქრებოდა - ამ არეულობის დროს ან ხელი არ მოერტყა მანდატურისთვის ან რამე ისეთი გაეკეთებინა, რის გამოც ციხეში აღმოჩნდებოდა:
„ყველაზე დიდი საშინელება ეს არის, რომ ჩვენ ვერ ვიცავთ თავს, როცა გვჭირდება დაცვა იმის შიშით, რომ არ აღმოჩნდეთ ციხეში, როგორც მათე აღმოჩნდა იქ ქაღალდის დახვეული პლაკატის გამო“, - მეუბნება ნათია ჩიქოვანი და მისი სასამართლოდან გაყვანის ვიდეოსაც მიზიარებს.
“მანდატურის მხრიდან, მე და ჩემი მეგობრები გავხდით ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი… მუცლის არეში მაქვს დაზიანება”, - დაწერა ფეისბუკზე ნატალია ზელენსკაიამ და საავადმყოფოში გადაღებული ფოტოც დაურთო.
ნატალიაც მათე დევიძის სასამართლოზე მის მხარდასაჭერად მივიდა.
გვიყვება, რომ მშვიდად იდგნენ, ყოველგვარი აგრესიის გარეშე, თუმცა ამბობს, რომ ბევრი ხალხის გამო მოძრაობა ჭირდა. ვითარება სასამართლოში განსაკუთრებით სალომე ზურაბიშვილის მისვლის შემდეგ დაიძაბა:
„მოგვაწვნენ. მე მეგობრებთან ერთად ვიდექი. რამდენჯერმე წავიქეცით კიდეც. სრული ქაოსი იყო. მანდატურები გამეტებით ურტყამდნენ ბიჭებს და არც გოგოებს ინდობდნენ. უცებ წრეში მოვხვდი და ერთმა მანდატურმა ხელით დამითრია და შესასვლელისკენ მიბიძგა - არ ვიცი ზუსტად მუცელზე ეს დაზიანება როდის მივიღე, რადგან იმ წამს ტკივილი არ მიგრძნია. გარეთ რომ გამომაგდეს, მერე დამეწყო ტკივილი. დაჟეჟილობა აღმოჩნდა“.
12 ივნისს, საქალაქო სასამართლოში მომხდარს აღწერს კიდევ ერთი თვითმხილველი (მან ანონიმურად დარჩენა ისურვა), რომელიც იხსენებს, როგორ ჩამოათრია მანდატურების უფროსმა ფანჯრიდან მისი ორი მეგობარი და იატაკზე დაანარცხა.
„სკამებზე ვისხედით, ვსაუბრობდით და უცებ ხმაური ატყდა. ხალხის ტალღა დაიძრა, რომლებსაც მანდატურები აწვებოდნენ მთელი ძალით. ჭყლეტა იყო. ვერც წინ და ვერც უკან ვერ გავიქეცით, ამიტომ ჯერ სკამებზე ავხტით, შემდეგ ფანჯარაზე, რომ არ გადავეთელეთ.
მანდატურების უფროსი დავინახე, რომელიც ვიღაცას მოათრევდა, უცებ ჩვენკენ გამოიხედა და წამებში ჯერ ანა ყურაშვილი დააგდეს ძირს, შემდეგ მოვტრიალდი და ჩემი ორი მეგობარიც ჩამოაგდო ფანჯრიდან და ორივე ძირს დაახეთქა. ძალიან შემეშინდა. მერე სხვა მანდატურებიც მოცვივდნენ და ყვიროდნენ, წადით, წადითო“, - ჰყვება ქალი.
სასამართლოში მყოფების გადაღებულ ყველა ვიდეოში ჩანს როგორ ექცევიან მანდატურები იქ შეკრებილებს, მათ შორის, ქალებს.
ყველაზე ხშირად ისმის შეძახილი - მიდი, გაიყვანე.
- პატარა გოგოს უყვირი?
- თუ არ გიყვირე, არ გადიხარ.
სალომე ჯაშის გადაღებულ ამ კადრებში ჩანს როგორ მოათრევს მანდატური ტელეწამყვან ვიკა ბუკიას სასამართლოს ფოიეში და სასამართლოს შენობიდან აგდებს გარეთ.
ხელი გამიშვი! - ეუბნება მანდატურს ჟურნალისტი, რომელიც 12 ივნისს მათე დევიძის სასამართლოზე დასასწრებად არის მისული.
„რომ გეტყვი სიტყვას, გაიგონე და გაბრძანდი გარეთ“ - უყვირის მას მანდატური და უკვე გარეთ გაგდებულს კარს ცხვირწინ უჯახუნებს.
მეორე ვიდეოში ჩანს მანდატურების ჯგუფი როგორ აკავებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ფოიეში პარტია ლელოს წევრს, თაზო დათუნაშვილს და ასევე სადღაც მიათრევს.
“ვის შეაგინე შე ნაგავო” - ისმის ხმა.
„გარეთ გაიყვანეთ. გადით. მოკიდე ხელი და გაიყვანეთ!“ - ვიდეოკადრებში ხშირად ჩანს და ისმის თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურთა ხელმძღვანელის, დავით მარტიაშვილის ხმა.
ჩვენი რესპონდენტები და კოლეგები რომლებიც წლებია სხვადასხვა სასამართლო პროცესებს ესწრებიან, ჰყვებიან, რომ მანდატურებს მანამდე ასე არასდროს უძალადიათ.
„მგონია, რომ პირდაპირი დავალება აქვთ მიცემული“, - გვეუბნება ნათია ჩიქოვანი.
საქართველოს კანონმდებლობით, მანდატურის ფუნქციებში შედის მოსამართლეების, სასამართლო პროცესის მონაწილეებისა და მოწმეების უსაფრთხოების დაცვა და სასამართლოში წესრიგის დაცვა.
სასამართლოს მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ:
- სამართალდარღვევის აღკვეთისას და სამართალდამრღვევის დაკავებისას;
- მოსამართლეზე, სასამართლო პროცესის მონაწილეზე, მოწმეზე და სასამართლოში მყოფზე თავდასხმის მოგერიებისას;
- სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევისას;
- დაკავებულის პოლიციისათვის წარდგენისას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი იმის ვარაუდისათვის, რომ დაკავებული მიიმალება ან ზიანს მიაყენებს გარშემომყოფთ.
იარაღი გამოიყენება შეუძლია თუ შეიარაღებულ თავდასხმას იგერიებს.
ან თუ მოსამართლეზე, სასამართლო პროცესის მონაწილეზე, მოწმეზე ანდა სასამართლოში მყოფზე შეიარაღებული თავდასხმაა.
სასამართლოს მანდატური ვალდებულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების დროს გააფრთხილოს ადამიანი იმის შესახებ, რომ გამოყენებას აპირებს და საკმარისი დრო მისცეს იმისათვის, რომ შეასრულოს მისი მოთხოვნები.
აკრძალულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენება ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანისა და არასრულწლოვანის მიმართ.
ფორუმი