Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მუჰამედის შიში", როგორც ჩვეულებრივი ფაშიზმი


„ჯოჯოხეთის მატარებელი“(1985, საფრანგეთი, რეჟისორი როჟე ანენი)

ზუსტად არ ვიცი, გაგონილი ჰქონდათ თუ არა საბჭოთა დოკუმენტური ფილმის, „ჩვეულებრივი ფაშიზმის“ (1965) ავტორებს ჰანა არენდტის სახელი. არენდტის წიგნი „ბოროტების ბანალურობა: აიხმანი იერუსალიმში“ ხომ მიხეილ რომის ამ შესანიშნავი დოკუმენტური ფილმის გადაღებამდე რამდენიმე წლით ადრე გამოიცა დასავლეთში. მაგრამ ფაქტია, „ჩვეულებრივი ფაშიზმი“ ალბათ მაინც ყველაზე მთავარი ანტიფაშისტური წიგნის თავისებური ეკრანიზაციაა, ტოტალიტარიზმის გააზრების პირველი ცდაა საბჭოთა დოკუმენტურ კინოში. ამიტომაცაა, რომ ფილმის პრემიერის შემდეგ მიხეილ რომის ორსერიანი „კინოკვლევის“ თაროზე შემოდება ვერ გაბედეს, თუმცა ტელევიზიებს მაინც აუკრძალეს „ჩვეულებრივი ფაშიზმის“ ჩვენება.

1985 წელს, როცა საბჭოთა კინოთეატრებში საჩვენებლად იყიდეს და გაახმოვანეს ფრანგი მსახიობის და რეჟისორის, როჟე ანენის ფილმი „ჯოჯოხეთის მატარებელი“, ქვეყანაში განსხვავებული სიტუაცია იყო, ვიდრე 1965 წელს, როცა ხალხს საბოლოოდ დაენგრა ხრუშჩოვის ეპოქასთან დაკავშირებული ილუზიები „ადამიანური სოციალიზმის“ აშენებაზე. ფრანგული ანტირასისტული ფილმის ჩვენება პრობლემას არ წარმოადგენდა. სულ პირიქით, მაყურებელს უნდა დაენახა, როგორ იღვიძებს ფაშიზმი დასავლეთ ევროპაში. მაგრამ 1985 წელს აქ იდეოლოგიური პროპაგანდა მაინც და მაინც ეფექტურად ვერ მუშაობდა. დასავლეთი რომ რასიზმში იხრჩობა, ამას ყოველდღე ისედაც გვიმეორებდნენ ტელევიზორებიდან. ერთადერთი, რაც პუბლიკას ამ ფილმში დააინტერესებდა, თავად რეჟისორის, როჟე ანენის მიერ განსახიერებული პერსონაჟი იყო. იგი თამაშობს პოლიციის კომისარს, რომელიც საფრანგეთის პატარა ქალაქში რასიზმის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს იძიებს. ანენს საბჭოთა კავშირში საშუალო ხარისხის ფრანგული დეტექტივებით იცნობდნენ და უყვარდათ. თუმცა განსაკუთრებით პოპულარული 80-იანი წლების ბოლოს გახდა, როცა ტელევიზიით ფრანგული სერიალის, „კომისარ ნავაროს“ ჩვენება დაიწყო. თავად ანენი, რომელსაც 20 ოქტომბერს 100 წელი შეუსრულდებოდა, წერდა, რომ „კომისარ ნავაროს“ გადაღების იდეა სწორედ „ჯოჯოხეთის მატარებლის“ პრემიერის შემდეგ დაიბადა.

ანენს თავისუფლად შეეძლო ამ ფილმისთვის „ჩვეულებრივი რასიზმი“ დაერქვა. თუმცა იმ პროვინციული ფრანგული ქალაქის მცხოვრებლები, სადაც ფილმის მოქმედება ვითარდება, უთუოდ გაბრაზდებოდნენ, თუკი ვინმე მათ რასისტებს უწოდებდა. ერთი შეხედვით, ეს ხალხი მართლაც არ ჰგავს რასისტებს - კანონმორჩილი მოქალაქეები არიან, რომელთა უმრავლესობა პოლიტიკისგან და რაიმე იდეოლოგიისგან სრულიად გამიჯნულია. ისინი სრულიად ჩვეულებრივი ადამიანები არიან - ობივატელებს რომ უწოდებენ ხოლმე ჩვენში, წვრილი ბურჟუაზია, რომლის ინტერესების სფერო არ სცილდება ოჯახს და სამსახურს. ერთადერთი, რაც მათ შეშფოთებას იწვევს, ეს უცხოელების... როგორც თავად ამბობენ, „შემოსევაა“ - ტუნისელი, ალჟირელი, მაროკოელი ემიგრანტების სიმრავლე. ისინი დარწმუნებული არიან, რომ „ადრე ასე არ იყო“... არ იყო ამდენი ქურდობა, ვანდალიზმი, დანით თავდასხმები პატიოსან მოქალაქეებზე. „ჩვენ იმისათვის არ დავუტოვეთ ალჟირი, რომ მერე საფრანგეთი დაეპყროთ“... 1984 წელს, როცა ანენი „ჯოჯოხეთის მატარებელს“ იღებდა, ამ საუბარს მართლაც მოკრავდით ყურს საფრანგეთის ქალაქებში. მაგრამ დღეს ასეთ ტექსტებს უკვე პოლიტიკური პარტიების პროგრამებში ნახავთ. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ „ჯოჯოხეთის მატარებელი“ ფილმი-წინასწარმეტყველებაა.

ობივატელების ბუზღუნი უცხოელების შემოსევაზე ჯერ კიდევ არაა რასიზმი, მაგრამ ნამდვილად არის რასიზმის წინაპირობა. ირაკლი კობახიძის წუხილი ბერლინის მოსახლეობაზე, რომლის უმრავლესობას თავისი ბავშვებისთვის თურმე სახელი „მუჰამედი“ მოსწონს, ასევე არაა რასიზმი. ეს სიტყვის, აზრის და „გემოვნების“ თავისუფლებაა. მით უმეტეს, რომ კაცი, რომელიც გვეუბნება, მიგრაციამ „მძიმე ტენდენციები“ გამოიწვია ევროპაში, ბერლინში ყველაზე ხშირად დარქმეული სახელი შარშან მუჰამედი იყოო, ამავე დროს „გოიმობას“ უწოდებს ადამიანების შეფასებას ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით... როცა საქმე რუსებს ეხება. არა, ეს რასიზმი არაა. მაგრამ ნამდვილად არის სიძულვილი, რომელიც ბადებს რასიზმს.

დღეს იბუზღუნებს იმაზე, კურიერმა სახლს ვერ მოაგნო, რადგანაც ინდოელია, ხვალ კი რომელიმე რადიკალურ მემარჯვენე ჯგუფს შეუერთდება, რომელიც მიგრანტების კაფეებს და მაღაზიებს არბევს.

ასეა აქაც, „ჯოჯოხეთის მატარებელში“. ალჟირელ ბიჭს ჯერ მხოლოდ გაჩხრეკენ... მაგრამ ისე არა, როგორც ფრანგებს ჩხრეკენ. შემდეგ მატარებლის ვაგონში გადაეყრებიან. დაამცირებენ, დასცინებენ. ამბავი, რომელსაც როჟე ანენი გვიამბობს თავის ფილმში, ნამდვილად მოხდა საფრანგეთის ერთ პატარა ქალაქში, ფილმის პრემიერამდე რამდენიმე წლით ადრე. უფრო სწორად მოხდა მატარებელში, საიდანაც ამ ქალაქის მცხოვრებლებმა ახალგაზრდა კაცი, ჰაბიბ გრიმზი, გადმოაგდეს. საინტერესოა, რომ რასობრივი შეუწყნარებლობის მიზეზით ჩადენილი დანაშაულის შემდეგ ქალაქის მცხოვრებლებმა ანტირასისტული აქცია გამართეს, თუმცა მომიტინგეებს შორის ბევრი იყო ისეთი, ვინც მანამდე ფასების ზრდას და უმუშევრობას ემიგრანტებს აბრალებდა. „ჯოჯოხეთის მატარებლის“ პრემიერის დღეს როჟე ანენმა განაცხადა, რომ ანტირასისტულ მიტინგში იმანაც მიიღო მონაწილეობა, ვინც მოგვიანებით ჟან მარი ლეპენის „ნაციონალური ფრონტის“ აქტივისტი გახდა... ცხადია, ეს ადამიანები ამტკიცებდნენ, რომ არ იყვნენ რასისტები. უბრალოდ, პატრიოტები იყვნენ.

იმხანად, როცა „ჯოჯოხეთის მატარებელი“ საფრანგეთის ეკრანებზე გამოვიდა, ანენის ფილმი აღიქვეს, როგორც ერთი საშუალო ფრანგული დეტექტივი, სწორხაზოვანი პოლიტიკური აქცენტებით. ვერავინ იფიქრებდა მაშინ, რომ 40 წლის შემდეგ ეს ფილმი მთელი ევროპისთვის გახდებოდა აქტუალური. ოღონდ იმიტომ არა, რომ ევროპის ქალაქებში ყველაზე ხშირად დარქმეული სახელი მუჰამედია.

სულ პირიქით.

ფილმის ორიგინალური ვერსია:



ფილმის ის ვერსია, რომელიც საბჭოთა ეკრანებზე გადიოდა (რუსული დუბლიაჟი):





  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG