იტალია მორიგი პოლიტიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც არჩევნებში გამარჯვებული პოპულისტური პარტიები „ჩრდილოეთი ლიგა“ და „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ კოალიციური მთავრობის ფორმირების გზაზე ქვეყნის პრეზიდენტის მოულოდნელ წინააღმდეგობას წააწყდნენ. 76 წლის სერჯო მატარელამ, რომელიც მანამდე ცნობილი იყო თავისი რბილი მანერებითა და კომპრომისებისკენ მიდრეკილებით, ჯიუტად უარყო კოალიციური პარტიების მიერ ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარდგენილი 81 წლის ეკონომიკის პროფესორის პაოლო სავონის კანდიდატურა. ამის მიზეზი გახდა სავონის მტკიცე ევროსკეპტიციზმი, გერმანიის ეკონომიკური პოლიტიკის კრიტიკა და სწრაფვა იტალიის ევროზონიდან გამოყვანისკენ. ერთ-ერთ თავის წიგნში სავონი წერს, რომ გერმანიას სურს ევროპის ეკონომიკური დაპყრობა, რაც მან ვერ მოახერხა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
იტალიის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სავონის დანიშვნას შეეძლო გამოეწვია განგაში როგორც იტალიის ინვესტორებს შორის, ისე ქვეყნის გარეთ. „ ევროს ზონაში ყოფნა - ესაა ფუნდამენტური არჩევანი. თუ ამის განხილვა გვსურს, მაშინ ეს უფრო სერიოზულ დონეზე უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა სერჯო მატარელამ. ამის შემდეგ სამართალმცოდნეობის პროფესორმა ჯუზეპე კონტემ, რომელიც, როგორც კომპრომისული ფიგურა, „ჩრდილოეთის ლიგისა“ და „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ მიერ კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრის პოსტზე იყო წარდგენილი, ქვეყნის პრეზიდენტს მანდატი დაუბრუნა.
პოპულისტური პარტიების ძირითადი მოთხოვნებია ევროკავშირის ინსტიტუტების უფლებამოსილებათა შეკვეცა და წევრი სახელმწიფოების უფლებების გაზრდა, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გაუქმება და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება.
სერჯო მატარელამ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენა და 28 მაისს ეკონომისტ კარლო კოტარელის დაავალა ჩამოაყალიბოს „ტექნოკრატების მთავრობა“, რომელიც ქვეყანას უხელმძღვანელებს, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისამდე, სანამ ვადამდელი არჩევნები გაიმართება. შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იტალიაში გარდაუვალი ჩანს. პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კოტარელის მთავრობისთვის ხმის მიცემაზე უარი განაცხადა არა მხოლოდ ორივე წამყვანმა საპარლამენტო პარტიამ, არამედ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის, პარტიამ „წინ, იტალია“. შესაბამისად, თუ იტალიის პარლამენტი კოტარელის კაბინეტს ნდობას არ გამოუცხადებს, ვადამდელი არჩევნები, შესაძლოა, სექტემბერში დაინიშნოს.
არ არის გამორიცხული, რომ მომავალში პოპულისტურმა პარტიებმა კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ, ვიდრე წინა, მარტის, არჩევნებში, როდესაც „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ“ ამომრჩეველთა ხმების 31% მიიღო, ხოლო „ლიგამ“ – 17 %. გამოკითხვების თანახმად, საგრძნობლად იზრდება „ლიგისა“ და მისი ლიდერის, მატეო სალვინის, პოპულარობა. არ კლებულობს არც „ხუთი ვარსკვლავისა“ და მისი ლიდერის, ლუიჯი დი მაიოს, რეიტინგი.
შექმნილ ვითარებაში იტალიის პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნების არავითარი შესაძლებლობა არ ეძლევათ ევროპულ ძალებს. „ევროსკეპტიკოსთა შესაჩერებლად პროევროპელებია საჭირო, მაგრამ მათი მოძებნა ძნელია.
პოპულისტური პარტიების ძირითადი მოთხოვნებია ევროკავშირის ინსტიტუტების უფლებამოსილებათა შეკვეცა და წევრი სახელმწიფოების უფლებების გაზრდა, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გაუქმება და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება.
ცნობილია, რომ სალვინის მჭიდრო კონტაქტები აქვს მოსკოვთან. იგი მოსკოვში არაერთხელ არის ნამყოფი, პირადად შეხვედრია ვლადიმირ პუტინს და მისთვის სიმპათია გამოუხატავს, ხოლო „ლიგამ“ თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი რუსეთის მმართველ „ერთიან რუსეთთან“.
შექმნილ ვითარებაში იტალიის პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნების არავითარი შესაძლებლობა არ ეძლევათ ევროპულ ძალებს. „ევროსკეპტიკოსთა შესაჩერებლად პროევროპელებია საჭირო, მაგრამ მათი მოძებნა ძნელია. საფრანგეთში მაკრონმა შეძლო გასულ წელს მარინ ლე პენის, სალვინის ფრანგული ვერსიის, შეჩერება. იტალიის პრობლემა კი ისაა, რომ, სამწუხაროდ, ჰორიზონტზე არ ჩანს არავითარი ნიშანი მაკრონისა, რომელიც ახლა გაერთიანებას შექმნიდა“, - წერს იტალიის მემარცხენე-ცენტრისტული „ლა რეპუბლიკა“.