12 მაისს მარიამ მაკასარაშვილი და ტვ "პირველის" გადამღები ჯგუფი მარტყოფში იმყოფებოდა, შინჯიკაშვილის სახლთან, მის მიერ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გასარკვევად. როგორც მაშინ ჟურნალისტი ჰყვებოდა გიორგი შინჯიკაშვილის მამამ წაართვა პირადი მობილური ტელეფონი, ტელეკომპანიის ოპერატორს კი კამერა.
პროკურატურის მიერ დღეს, 8 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 12 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ მარტყოფში, ბრალდებულმა ტელეკომპანია “პირველის" ჟურნალისტს და ოპერატორს მათთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მათ კამერა და ტელეფონის წაართვა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გიორგი შინჯიკაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში 2025 წლის 12 მაისს გამოაქვეყნა. თანამდებობის დატოვების მიზეზად ის პირად გადაწყვეტილებას ასახელებდა და მიზეზებს არ ხსნიდა.
ფორუმი