პოლონური მედიის ცნობით, ორ პოლონელ მესაზღვრეს საქართველოში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა მას შემდეგ, რაც თბილისში დანებითა და ჯოხებით შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. პოლონური გამოცემის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები საქართველოში იმყოფებოდნენ, პოლონეთის ხელისუფლებისა და ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოს, Frontex-ის მიერ ერთობლივად განხორციელებული დეპორტაციის მიზნით. პოლონეთიდან დეპორტირებულებს შორის იყვნენ საქართველოსა და პაკისტანის მოქალაქეები.
როგორც გამოცემას ეუბნება პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის მეთაური ანდრეი იუჟვიაკი, „სასაზღვრო დაცვის ჯგუფს თბილისში თავს დაესხნენ. შედეგად ორი თანამშრომელი თავის არეში სერიოზული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს", ორივე მათგანს ოპერაცია დასჭირდა. იუჟვიაკის სიტყვებით, საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.
საქართველოს შს სამინისტროს თანახმად, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ე.გ.-მ, ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე. მომხდარის შემდეგ, დანაშაულში ბრალდებული პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
შემთხვევა გუშინ, 8 ოქტომბერს, მოხდა. 21 წლისა და 40 წლის კაცები პოლიციამ „ცხელ კვალზე“ დააკავა. ამოღებულია ვიდეოკადრებიც, რომლებიც დაპირისპირებას ასახავს.
50-წამიან ვიდეომასალაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, ჩანს ორი პოლონელი კაცი, რომლებიც იმჟამად სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებენ. ერთი მათგანი რესტორანთან მდგომ ახალგაზრდა კაცს ემშვიდობება, ამ დროს მათგან ერთ-ერთს აჩერებს ახალგაზრდა კაცი, რომელიც ჯერ ხელს ართმევს და გამოელაპარაკება. ისინი ერთმანეთს მხარზე ხელს ადებენ, რის შემდეგ ურთიერთობის დამწყები სახეში ურტყამს მუშტს.
მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი პოლონელი მესაზღვრე ძირს ეცემა, ძალადობის დაწყების ინიციატორი მეორე პოლონელის ცემას იწყებს - მასაც სახეში ურტყამს მუშტს. ასევე ძალადობს მესამე პოლონელზეც.
მათ გაშველებას რამდენიმე ადამიანი ცდილობდა.
კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთ კაცს ხელში ბლაგვი საგანი უჭირავს და როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, არტყამს პოლონელებს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი
პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
სხვადასხვა სახის დანაშაულში ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაცია პოლონეთმა 5 მარტიდან დაიწყო. მაშინ კრაკოვიდან საქართველოში საჰაერო გზით საქართველოს 17 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.
პოლონური მედია ადგილობრივი პოლიციის სტატისტიკის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს პოლონეთში უცხოელებმა 3129 დანაშაული ჩაიდინეს, მათგან 1515 - უკრაინელებმა და 532 - ქართველებმა.
ფორუმი