Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეკო ელისაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, ადვოკატს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი


ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეუფარდეს.
ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეუფარდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს, რომელსაც „ტერორისტული აქტის მცდელობას“ ედავებიან, „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო დღეს, 1 დეკემბერს, 14:10 საათისთვის.

ამასთან, ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის განაცხადებით, მანამდე მას პროკურატურამ ხელი მოაწერინა გაუთქმელობაზე.

  • პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს 29 ნოემბერს მომხდარის გამო „ტერორიზმს“, კერძოდ კი, ტერორისტული აქტის მცდელობას ედავებიან.
  • ელისაშვილი „ქმედებას“ აღიარებს, თუმცა ბრალს - „ტერორიზმს“ - არა.

დაცვის მხარე 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

სხდომაზე ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ ელისაშვილს „არ ჩაუდენია ტერორისტული აქტის მცდელობა“.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქმედებას აღიარებს, ბრალის კვალიფიკაცია არის „სამართლებრივად და ფაქტობრივად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი“.

ელისაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„მიზანი ადამიანის დაზიანების თავიდან აცილება იყო“ - ადვოკატი

„ტერორიზმის მიზანია ხალხის დაშინება და ხელისუფლების დესტაბილიზაცია. ელისაშვილმა კი მიზანმიმართულად აირჩია დილის ოთხი საათი... მისი მიზანი იყო ადამიანის დაზიანების თავიდან აცილება“, - ამბობს ადვოკატი.

მისივე თქმით, ელისაშვილს, - რომელსაც „ჰქონდა იარაღის ქონის უფლება“, - „არ ჰქონდა განზრახული მანდატურების დაზიანება“.

„მან დანაშაულზე ხელი აიღო, მას რომ სურვილი ჰქონოდა, გამოიყენებდა იარაღს, მაგრამ არ გამოუყენებია, მანდატურებს იმ მომენტში იარაღი არ ჰქონიათ... ეს იყო პოლიტიკური პროტესტი უსამართლო სასამართლოს მიმართ და სოლიდარობა პოლიტიკურ პატიმრებს. პროტესტი თუნდაც რადიკალური, არ უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც ტერორიზმი“, - განაცხადა მან სასამართლო სხდომაზე.

მანამდე ადვოკატმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელი მოაწერა საქმის დეტალების გაუთქმელობას. მისი ვარაუდით, ეს იმიტომ, რომ „მუხლის სიმძიმიდან გამომდინარე ... ფიქრობენ, რომ რამე ინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს“.

ელისაშვილის სიტყვა

ალეკო ელისაშვილმა განმარტა, რომ სურდა ცეცხლი წაეკიდებინა „უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის, რაც ამ ქვეყანაში არის“.

„უსამართლობისთვის მინდოდა ცეცხლის წაკიდება, მივედი დილაუთენია, ხუთ საათზე, უამრავი გზა გავიარე... ჩემს ოჯახს ვუთხარი, რომ სათევზაოდ მივდიოდი, თუმცა არ მიყვარს თევზაობა, მოვიკიდე ჩანთა და გეგმა მქონდა.

ვეღარ ვიტევდი უსამართლობის ყურებას, როგორ დაათრევენ პატარა ბავშვებს კატებივით. მე თვითონ ვნახე პოლიციელი, რომელსაც სიამოვნებდა სისხლები რომ მდიოდა და პოლიტიკურ დებატებში შემოვიდა.

ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არაფერი დამიშავებია“, - განაცხადა მან.

„ვინმეზე თავდასხმა რომ მდომოდა, ცოცხალი არავინ დარჩებოდა... მოგერიება მინდოდა...იარაღი ჯაჯგურში ამომივარდა, გამოყენებას არ ვაპირებდი“, - თქვა ელისაშვილმა.

მან ასევე ბოდიში მოუხადა ოჯახის წევრებს, ხოლო „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერ ირაკლი კუპრაძეს უთხრა: „ირაკლი, თუ ფიქრობთ რომ საერთო საქმე დავაზიანე, ბოდიშით, ეგ განზრახვა არ მქონია ნამდვილად.“

„ბოლომდე, ცეცხლი უსამართლობას“, - ასე დაასრულა მან სიტყვით გამოსვლა.

პროკურატურის ვერსია


კვირას, 30 ნოემბერს, პროკურატურამ ელისაშვილს ბრალი წარუდგინა - ის, რის დარღვევასაც პოლიტიკოსს ედავებიან, არის სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლი.

სსკ-ის 323-ე მუხლი ეხება „ტერორისტულ აქტს“:

„ტერორისტული აქტი, ესე იგი აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, ადამიანზე თავდასხმა, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე“.

პროკურატურა აცხადებს, რომ შაბათ დილას, 04:00 საათისთვის, ალეკო ელისაშვილი სასამართლოსთან მივიდა „ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული“.

პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ:

  • „ნიღბიანმა“ პოლიტიკოსმა ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და ასე შეაღწია შიდა სივრცეში;
  • შემდეგ შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში, „მათ შორის ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე“, დაასხა „დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა“;
  • ამ დროს - „აალებადი ნივთიერების დასხმის პროცესში“ - ელისაშვილს სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მიუსწრეს;
  • პროკურატურის თანახმად, ერთ-ერთი მანდატურის დანახვისთანავე, ელისაშვილი მას „თავს დაესხა და დაუწყო ცემა“;
  • პროკურატურა ამბობს, რომ სამი მანდატური ცდილობდა ელისაშვილის „განეიტრალებას, მისთვის აალებად ნივთიერებაზე ცეცხლის წაკიდების საშუალების მოსპობას და განიარაღებას“.
  • „თავდამსხმელი, თავის მხრივ, ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და გამოყენებას. ალექსანდრე ელისაშვილმა დაახლოებით 5-6 წუთის განმავლობაში მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს აქტიური წინააღმდეგობა გაუწია, რომლის დაძლევის შემდეგ შესაძლებელი გახდა მისი საბოლოო განეიტრალება და დაკავება“, - წერია 30 ნოემბერს პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.

ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, შაბათ დილას, საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში დააკავეს. ეს არის სასამართლოს ეზოში ცალკე მდგომი შუშის შენობა, რომელიც სასამართლოს მთავარ კორპუსს კარით უკავშირდება.

მას სახეზე დალურჯებები აქვს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG