Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელო“ ელისაშვილის ქმედებას „მიუღებელსა“ და „გაუმართლებელს“ უწოდებს


კოალიცია - „ლელო - ძლიერი საქართველო". ფოტო გადაღებულია 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების წინ.
კოალიცია - „ლელო - ძლიერი საქართველო". ფოტო გადაღებულია 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების წინ.

პარტია „ლელო“ ეხმაურება ალეკო ელისაშვილის დაკავებას და მის ქმედებას „მიუღებელსა“ და „გაუმართლებელს“ უწოდებს.

განცხადებაში, რომელიც კოალიციის ფეისბუკზე გავრცელდა, ნათქვამია, რომ ალეკო ელისაშვილი არაერთხელ გამხდარა რეჟიმის მხრიდან უსამართლობისა და ძალადობის მსხვერპლი და „მისი აღიარება დასტურია, რომ ეს არის რეჟიმის წინააღმდეგ ერთი ადამიანის თავგანწირული ქმედება“.

„ჩვენთვის ალეკო ელისაშვილის დღევანდელი ქმედება მიუღებელი და გაუმართლებელია.

ალეკო ელისაშვილი არაერთხელ გამხდარა რეჟიმის მხრიდან უსამართლობისა და ძალადობის მსხვერპლი და მისი აღიარება დასტურია, რომ ეს არის რეჟიმის წინააღმდეგ ერთი ადამიანის თავგანწირული ქმედება.

რეჟიმს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ სისტემური ძალადობითა და უსამართლობით სასოწარკვეთილებამდე მიგვიყვანოს და უარი გვათქმევინოს ტირანიასთან ბრძოლის მშვიდობიან და კანონიერ გზებზე, რაც იყო და იქნება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ამოსავალი პრინციპი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ალეკო ელისაშვილის დაკავება

ალეკო ელისაშვილი დღეს, 29 ნოემბერს დილით, საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში დააკავეს. ეს არის სასამართლოს ეზოში ცალკე მდგომი შუშის შენობა, რომელიც სასამართლოს მთავარ კორპუსს კარით უკავშირდება.

შსს-ს ცნობით, ალექსანდრე ელისაშვილმა, „შენიღბულმა, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მას შემთხვევის ადგილზევე წაასწრეს სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ელისაშვილმა „თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“.

ამავე ტექსტიდან ცნობილი ხდება, რომ დაპირისპირებისას დაზიანება მიიღო მანდატურის სამსახურის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა და ის სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი.

„დაკავებისას, გაწეული წინააღმდეგობის გამო, დაზიანებები მიიღო ალექსანდრე ელისაშვილმაც. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო“, - აცხადებენ შსს-ში.

შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას სახეზე დალურჯებები აქვს. ადვოკატი კი აცხადებს, რომ ის ნაცემია, თანაც იმ დროს, როცა ელისაშვილი უკვე დაკავებული იყო. ის აპირებს მიმართოს სახალხო დამცველს.


ელისაშვილი აღიარებს, რომ საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვას გეგმავდა. მან ადვოკატს უთხრა, რომ მხოლოდ ერთ რამეს ნანობს, რომ „საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა“.

  • ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ უკვე არის ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრული. მას პროკურატურა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, პირის პოლიტიკური ნიშნით დევნას ედავება. ის 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს.
  • თავდაპირველად პროკურატურამ წინასწარი პატიმრობა მოითხოვა, თუმცა შემდეგ პოზიცია შეცვალეს, სასამართლოს ისევ მიმართეს და წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე იშუამდგომლეს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა კიდეც.
  • გამოძიების ვერსიით, 2 დეკემბერს კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ აფთიაქთან, ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ წევრს, ალი ბაბაევს, თავს დაესხა და პარტიული შეხედულების გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. წარდგენილი ბრალი ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა ისევ გრძელდება.
  • 2025 წლის აგვისტოში რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა ალეკო ელისაშვილზე 2022 წლის გაზაფხულზე, ომის დაწყების შემდეგ უკრაინის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისათვის. „ძალიან დიდი პატივია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს რუსებმა ჩემ მიერ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის გამო, ამ გმირი, თავდადებული, თავგანწირული ხალხის მხარდაჭერის გამო და მეორე მხრივ, იმის გამო, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვიცავდი“, - განაცხადა მაშინ ელისაშვილმა.
  • 2024 წლის 15 აპრილს ელისაშვილმა - მაშინ პარლამენტის დეპუტატმა - საპარლამენტო უმრავლესობის მაშინდელ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს (ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს), რომელიც „აგენტების კანონს“ წარადგენდა, შეაგინა და სახეში მუშტი ჩაარტყა. მდინარაძემ რამდენიმე წუთში სხდომის წაყვანა განაგრძო. ელისაშვილი იმ დროისთვის სადეპუტატო იმუნიტეტით სარგებლობდა და მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG