Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ გომელაურის მაღალ თანამდებობებზე ყოფნის 10 წელი და 13 ამბავი


ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგა
ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგა

"დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა" - ასე იწყება ვახტანგ გომელაურის განცხადება, რომლითაც ის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. "გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება... რომ ოჯახს - მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო” - დაწერა მან.

“ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი ხელმძღვანელი მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებს ბოლო 10 წლის განმავლობაში იკავებდა - 2015 წელს 8 თვე იყო შს მინისტრი, 2015-2019 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა, 2019 წლის 8 დეკემბერს კვლავ შსს-ში დააბრუნეს - სადაც მაშინ პრემიერად დაწინაურებული და აწ უკვე ოპოზიციაში წასული გიორგი გახარია ჩაანაცვლა, მინისტრის პოზიციაზე.

მაღალ თანამდებობაზე ყოფნის ათი წლიდან 50 წლის ვახტანგ გომელაურს დარჩა მკვეთრად გაზრდილი ქონება, გენერალ-პოლკოვნიკის წოდება, მიხეილ ყაველაშვილისგან გადაცემული ღირსების ორდენი და სანქციები, რომელთა მოსახსნელად თანამდებობის დატოვება საკმარისი პირობა არ არის.

“მაგნიტსკის სიაში” ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის ის ამერიკამ 2024 წლის 19 დეკემბერს შეიყვანა, პოლიციის ძალადობის გამო 2024 წლის ნოემბერში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ. ადამიანის უფლებების ხელყოფა, მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე პოლიციის ძალადობა გომელაურისთვის ბრიტანეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის ფინანსური და მოგზაურობის შემზღუდავი სანქციების დაწესების საფუძველი გახდა;

ამ სტატიაში ვიხსენებთ 13 მნიშვნელოვან ამბავს ვახტანგ გომელაურის პროფესიული ცხოვრებიდან და საქართველოს უახლესი ისტორიიდან.

თანამშრომლობა საქართველოსა და ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურებს შორის

ვახტანგ გომელაურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნის დროს საქართველომ ორი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გააფორმა ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობის შესახებ.

  • 2016 წლის აგვისტოში გაფორმდა „შეთანხმება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ“.
  • 2017 წლის დეკემბერში ვახტანგ გომელაურმა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ვალერი ვაკულჩიკმა „საქართველოს და ბელარუსის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.


დოკუმენტის პირობის მიხედვით, ხელშეკრულებები ძალაში გაფორმებიდან 5 წლის შემდეგ შედიოდა და მის შესახებ ცნობილი 2021 წელს გახდა. ლუკაშენკას ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკისა და მისი რუსეთთან მჭიდრო კავშირების ფონზე საქართველოს თანამშრომლობა ბელარუსთან გააკრიტიკეს ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა და უფლებადამცველებმა ქვეყნის შიგნით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებმა ქვეყნის გარეთ.

"შეთანხმება მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე... და არ ავალდებულებს მხარეებს განახორციელონ ქმედება, რაც ეწინააღმდეგება მხარეთა სახელმწიფო ინტერესებს", - განაცხადა სკანდალის საპასუხოდ სუსმა. გომელაური ამ დროს უკვე შსს მინისტრი იყო.

“ფორმას გაგხდი”

2020 წლის იანვარში მედიამ გაავრცელა 2014 წლის ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა, სადაც ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ძმის პოლიციელებთან დაპირისპირებაა ასახული. ამ ჩანაწერში იზორიას ძმა პოლიციელებს ემუქრება რომ “ფორმას გახდის.” ვახტანგ გომელაურმა მედიასთან ჩანაწერის კომენტირებისას თქვა, რომ პოლიციელის მისამართით ნათქვამი ფრაზა - “ფორმას გაგხდი” - დანაშაული არ იყო.

"ასეთი რაღაც ხდება უამრავი, მათ შორის, აქციებზე და მაშინაც არ ვაკავებთ", - თქვა მაშინ გომელაურმა.

ბანკის ძარცვა და 50-მდე მძევალი ზუგდიდში

პოლიცია 28 თვის განმავლობაში ეძებდა ბადრი ესებუას, რომელიც გამოძიების ვერსიით, 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, საქართველოს ბანკის შენობაში შეიარაღებული შეიჭრა, 50-მდე მძევალი აიყვანა და მათი თავისუფლების ნაცვლად ნახევარი მილიონი დოლარი მიიღო.

სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და ფულით, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

“სად წავა, დღეს არა, ხვალ დავაკავებთ”, - ამბობდა 2020 წლის დეკემბერში ვახტანგ გომელაური საქართველოს პარლამენტში ესებუაზე დასმული კითხვების პასუხად.

ბანკზე თავდამსხმელი საბოლოოდ 2023 წლის თებერვალში ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ადგილობრივი მაცხოვრებლის სახლში აიყვანა პოლიციამ. ბადრი ესებუამდე დააკავეს მისი ძმა, როგორც მიმალვაში ხელშემწყობი პირი.

ბადრი ესებუა სასამართლო დარბაზში. 2023 წლის აპრილი
ბადრი ესებუა სასამართლო დარბაზში. 2023 წლის აპრილი

5 ივლისი

2021 წლის 5 ივლისს თბილისში ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაარბიეს აქტივისტების ოფისები - ამ დღეს მასშტაბურ ძალადობასთან ერთად თვალში საცემი იყო პოლიციის უმოქმედობა მათ თვალწინ მომხდარ ძალადობრივ ფაქტებზე. შინაგან საქმეთა მინისტრი მხოლოდ სამი დღის შემდეგ, 8 ივლისს გამოჩნდა საჯაროდ - ამ დროს საზოგადოების ნაწილი უკვე მის გადადგომას ითხოვდა; გომელაურმა თქვა, რომ “პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ";

“ჯერ უნდა გაირკვეს, იყო თუ არა აღკვეთადი სამართალდარღვევა და მერე უნდა დავაყენოთ პასუხისმგებლობა", - ამბობდა 2021 წლის ივლისში, იმ დროისთვის “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნების პასუხად.

5 ივლისს მოძალადე ჯგუფებმა პარლამენტთან რკინის ჯვარი აღმართეს, რომელიც ამ დრომდე საკანონმდებლო ორგანოსთან დგას
5 ივლისს მოძალადე ჯგუფებმა პარლამენტთან რკინის ჯვარი აღმართეს, რომელიც ამ დრომდე საკანონმდებლო ორგანოსთან დგას

5 ივლისის ორგანიზებული ძალადობის საქმეზე გამოძიებას ორგანიზატორები არ გამოუვლენია, ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის მსჯავრდადებულები ვადაზე ადრე გაათავისუფლეს - მათ შორის იყვნენ ისინიც, ვინც ლექსო ლაშქარავაზე, "ტვ პირველის" ოპერატორზე იძალადა. ლაშქარავა ამ თავდასხმიდან ერთ კვირაში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. შსს-მ მისი გარდაცვალების დღეს რამდენიმე ბრიფინგი გამართა და მისი მიზანი, უფლებადამცველების შეფასებით გარდაცვლილის დისკრედიტაციის, მისი სიკვდილის ნარკოდამოკიდებულებით ახსნა იყო. ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები ლექსო ლაშქარავას 5 ივლისის თავდასხმის შემდეგ ექიმის დანიშნულებით ჰქონდა გამოწერილი.

მიხეილ სააკაშვილის დაკავება

2021 წლის 1 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, თბილისში დააკავეს, 8 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც იმ დილით თავად გამოაქვეყნა ვიდეოკადრები ბათუმიდან.

მაშინ დღის პირველ ნახევარში "ქართული ოცნება" ამტკიცებდა, რომ სააკაშვილის გავრცელებული კადრები ვიდეოფაბრიკაცია იყო და ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში არ შემოსულა. გვიან საღამოს კი პრემიერ-მინისტრის, შს მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ერთობლივი ბრიფინგზე გაირკვა, რომ სააკაშვილი არათუ საქართველოში შემოვიდა, უკვე რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იყო გადაყვანილი დაკავების შემდეგ. ამ დღეს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა სამწუთიან განცხადებაში სააკაშვილის დაკავებას “უპრეცედენტო სპეცოპერაცია” უწოდა, ვახტანგ გომელაურს და გრიგოლ ლილუაშვილს მადლობა გადაუხადა და საზოგადოებას “ბიძინაობა” მიულოცა.

მიხეილ სააკაშვილის დაკავება. 2021 წელი, 1 ოქტომბერი
მიხეილ სააკაშვილის დაკავება. 2021 წელი, 1 ოქტომბერი

პოლიციის ქალაქის მშენებლობა თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე

ვახტანგ გომელაურმა, მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე 1000-ბინიანი პოლიციის ქალაქის პრეზენტაცია 2022 წლის აპრილში მოაწყო. ეს არის 6 ჰექტარზე გადაჭიმული 7 კორპუსისგან შემდგარი მიკროუბანი, სადაც პოლიციელებს შეღავათიანი პირობებით შეეძლებათ ბინების მიღება. პროექტის მიხედვით, პოლიციის ქალაქის მშენებლობა 2026 წელს უნდა დასრულდეს.

ვერტმფრენის ჩამოვარდნა გუდაურში

2022 წლის 29 ივლისს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა სამაშველო ოპერაციას გუდაურში, რომლის მიზანიც ხევში ჩავარდნილი პარაპლანის მფრინავების გადარჩენა იყო. ვინ გასცა ქარიან ამინდში ვიწრო ხეობაში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი საბჭოთა ვერტმფრენით ოპერაციის ჩატარების ბრძანება, ამ დრომდე უცნობია.

“კადრის მიხედვით რაც დავინახე, თითქოს გორას, კლდეს ეჯახება [ვერტმფრენის] უკანა მხარე და შემდეგ იწყება უკვე მართვის დაკარგვა. რამ გამოიწვია? შეცდომა იყო? გაუმართაობა იყო? თუ ქარის ბრალი იყო? ალბათ ექსპერტიზა გვეტყვის", - თქვა ვერტმფრენის კატასტროფის შემდეგ გუდაურში ჩასულმა ვახტანგ გომელაურმა.

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დღემდე არ დასრულებულა. გარდაცვლილთა ოჯახებს სახელმწიფომ 100 000 -100 000 ლარი გამოუყო.

გუდაურში დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების პანაშვიდი სამების ტაძარში
გუდაურში დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების პანაშვიდი სამების ტაძარში

ცვლილებები პოლიციის აკადემიაში

2023 წლის შემოდგომაზე პოლიციის აკადემიაში სწავლის ვადები შემცირდა და მიღების კრიტერიუმები გამარტივდა. თუ მანამდე მომავალი პოლიციელები თითქმის 5 თვის განმავლობაში გადიოდნენ სწავლებას, აკადემიაში მოსახვედრად კი ტესტებს აბარებდნენ, ცვლილებების შედეგად აკადემიაში სავალდებულო კურსი თვენახევრიანი გახდა, პატრულ ინსპექტორის პოსტზე მოხვედრა კი 9 კლასის ატესტატითაც გახდა შესაძლებელი.

მაშინ ეს ცვლილებები სისტემის გარეთ სამინისტროდან პოლიციელების მასშტაბური გადინებით აიხსნება - სამინისტრომ ეს უარყო, სისტემაში კადრების გადინება და მათი ახლებით ჩანაცვლება მუდმივი და ჩვეულებრივი პროცესიაო.

სტიქია რაჭაში

2023 წლის 3 აგვისტოს, დღის ოთხი საათისთვის, მედიაში პირველი ცნობები გავრცელდა იმის შესახებ, რომ რაჭაში, კურორტ შოვთან, დამანგრეველი მეწყერი ჩამოწვა და ერთ-ერთი სასტუმროს 16 სტუმარი დახმარებასა და ევაკუაციას ითხოვს. სტიქიის ზონაში, სადაც ღვარცოფმა ჯამში 33 ადამიანი იმსხვერპლა, დღის ბოლომდე ელოდებოდნენ სამაშველო ვერტმფრენს, რომელმაც დაბნელებისთანავე შეწყვიტა მუშაობა. შინაგან საქმეთა მინისტრი სტიქიის ზონაში მხოლოდ მეთერთმეტე დღეს, 13 აგვისტოს ჩავიდა. ამ დროს უკვე ნაპოვნი იყო 25 დაღუპულის ცხედარი და კვლავ ეძებდნენ ცხრას.

“არ იყო საჭიროება, რომ გაერისკათ პილოტებს, რადგან შეიძლება ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო”, - თქვა გომელაურმა შოვში მედიასთან გაკეთებულ პირველ განცხადებაში, სამაშველო ოპერაციის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად. მანვე განმარტა, რომ მხოლოდ წინა დღეს დაბრუნდა საქართველოში თურქეთიდან, სადაც “ძალიან მძიმედ” ავადმყოფ მამას ახლდა თან.

ვახტანგ გომელაური შოვში
ვახტანგ გომელაური შოვში

სტიქიის ზონაში პროფესიონალი მაშველები, ჯარი და მოხალისეები დაღუპულების ცხედრებს თითქმის ორი თვის განმავლობაში ეძებდნენ - გამოძიება ამ საქმეზე დღემდე გრძელდება მხოლოდ ორი, 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. იურისტების აზრით, ამ გამოძიებას მინიმუმ ორი სხვა მუხლი, განსაცდელში მიტოვება და სამსახურებრივი გულგრილობა უნდა დამატებოდა.

სახელმწიფომ გუდაურში დაღუპულების მსგავსად, შოვში დაღუპულთა ოჯახებსაც გაუწია ფინანსური დახმარება - ამჯერად 20 000-20 000 ლარით;


შოვი სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ
შოვი სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ

გდდ-ს ახალი ბაზა

2024 წლის 24 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, შინაგან საქმეთა მინისტრმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს ახალი ბაზა მოინახულა - კადრებში, რომელიც მთავრობისა და შსს-ს პრესსამსახურებმა გაავრცელეს, ჩანდა სპეცრაზმელების განახლებული ავტოპარკი, აღჭურვილობა, შეიარაღება და ახალი წყლის ჭავლის მანქანები - სპეცტექნიკა, რომელსაც სულ მალე, ნოემბერსა და დეკემბერში ინტენსიურად გამოიყენებს სახელმწიფო ხელისუფლების გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო მოქალაქეების წინააღმდეგ.



უპრეცედენტო ძალადობა დემონსტრანტებზე

საქართველოში, სადაც დემონსტრანტებზე ძალადობა ბოლო წლებში თვალში საცემ პრობლემად იქცა, 2024 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ გამართულ აქციებზე სპეცრაზმელების მხრიდან დემონსტრანტების ცემამ და არასათანადო მოპყრობამ, რაც საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით წამებას უტოლდება, უპრეცედენტო მასშტაბები მიიღო. პირდაპირი მაუწყებლობის დროს ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები, პოლიციის მანქანაში დაკავებულების ცემა, ძარცვა და შეურაცხყოფა, ქალების მიმართ გაუპატიურების მუქარა და ამ შემთხვევების გამოუძიებლობა განგაშის საფუძველი გახდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ისე დატოვა, რომ დემონსტრანტებზე ძალადობის არცერთი საქმე გამოძიებული არ არის - გამოკვეთილი არ არის არცერთი პოლიციელის პასუხისმგებლობა მომხდარში.

საქალაქო სასამართლო "ჯგუფური ძალადობის" მუხლებით ბრალდებული 19 აქტივისტის საქმეს განიხილავს, რომელთა წინააღმდეგ ჩვენებებს დაზარალებული პოლიციელები იძლევიან.

სტიქია გურიაში

2025 წლის თებერვლის ბოლოს გურიაში დიდთოვლობამ მოსახლეობას მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა - სტიქიის გამო ათობით სოფელი გარე სამყაროს მოწყდა და საკვების მარაგების და კომუნიკაციების გარეშე დარჩა. პროფესიონალ მაშველებთან ერთად მათ დასახმარებლად მოხალისე მაშველები წავიდნენ - ვახტანგ გომელაური გურიაში დიდთოვლობის დაწყებიდან მეხუთე დღეს გამოჩნდა ვერტმფრენით, სადაც მასთან ერთად იყო კიდევ ცხრა ადამიანი, მათ შორის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, უწყების პრესსამსახურის უფროსი, ფოტოგრაფი, ოპერატორი და ოზურგეთის მერი.

„[მათ] გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის სოფლებში, არსებული ვითარების მონიტორინგი ვერტმფრენიდან განახორციელეს...” - ეწერა შსს-ს მიერ 28 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციის რიგების შევსება კონკურსის გარეშე

2024 წლის 9 დეკემბერს ცვლილებები შევიდა პოლიციის კანონში, რამაც მკვეთრად გაამარტივა პოლიციაში მუშაობის დაწყების პროცესი. ამ ცვლილებებით პოლიციელი რომ გახდე, კონკურსის გავლაც კი აღარ არის საჭირო - კონკურსის გარეშე პოლიციაში მიღების წესის და პირობების განსაზღვრა მხოლოდ მინისტრის ბრძანებით გახდა შესაძლებელი. ამ საკანონმდებლო ცვლილებებიდან მალევე თბილისის ქუჩებში გამოჩნდნენ თვალში საცემად ნორჩი პოლიციელები.


ფორუმი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG