Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დანიშნეს


ახალი მინისტრი არის გელა გელაძე.
ახალი მინისტრი არის გელა გელაძე.

ირაკლი კობახიძემ ვახტანგ გომელაურის შემცვლელი წარადგინა - მას შეცვლის გელა გელაძე. იგი სუსის შეცვლილი უფროსის მოადგილის პოსტზე თითქმის ორი თვის წინ დანიშნეს. ის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროიდან მუშაობს სისტემაში.

ახალი მინისტრის პრეზენტაციას ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, - რომელიც დღეს დილას წერილობითი განცხადებით დაემშვიდობა საზოგადოებას და თქვა, რომ სურს, ოჯახს მეტი დრო დაუთმოს, - არ დასწრებია.

გელა გელაძე 2025 წლის იანვრიდან 2025 წლის 5 აპრილამდე „ქართული ოცნების“ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის მოადგილე იყო, 5 აპრილს კი სუსის ახალი უფროსის, ანრი ოხანაშვილის მოადგილედ დაინიშნა.

  • თავდაცვის სამინისტროში ის მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდა, სუსში კი - არასრული ორი თვის.

ირაკლი კობახიძემ გელაძე წარადგინა, როგორც „გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე იურისტი“, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის „მრავალწლიანი სტაჟი“ აქვს.

გელა გელაძე
გელა გელაძე

კარიერა „ოცნების“ მმართველობისას

მისი მოკლე ბიოგრაფიული ცნობები ასეთია:

  • 2023-24 წლებში – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
  • მანამდე ხუთი წელი ამავე სამინისტროს მანდატურის სამსახურის უფროსი იყო.

გელა გელაძე ამ პოსტს იკავებდა 2021 წლის 19 მაისს, როდესაც თბილისის 51-ე სკოლაში ერთ-ერთ კლასს ეწვია, კამერების წინ, მის უკან დაფაზე კი ჩანდა რუსულენოვანი წარწერა: Жизнь ворам - „ქურდებს სიცოცხლე“.

  • 2012-16 წლებში იყო პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, 16-18 წლებში კი - შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სამმართველოს უფროსი.

კარიერა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას

  • ის წარსულში „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში, დიმიტრი შაშკინის მინისტრობისას, მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილეც იყო - 2010-12 წლებში;

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ის ასევე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის სოდ-ში:

  • 2007-2008 წლებში – იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მრჩეველი;
  • 2007 წელს – იუსტიციის სამინისტროს პრობაციის დეპარტამენტის მრჩეველი;
  • 2005-2006 წლებში – შსს-ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე;
  • 2005 წელს - თბილისის პოლიციის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ზედამხედველი;
  • 2004-2005 წლებში – შსს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ის) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი;
  • 2004 წელს – შსს-ის დიდუბე-ჩუღურეთის საგამოძიებო სამსახური გამომძიებელი;
  • 2004 წელს – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გენ. ინსპექციის მრჩეველი.

რატომ გადადგმა გომელაური

28 მაისს, დილის 9:30 საათისათვის, შსს-ის პრესცენტრმა გაავრცელა ცნობა ვახტანგ გომელაურის გადადგომის შესახებ. როგორც თავად აცხადებს, გადაწყვიტა ოჯახს მეტი დრო დაუთმოს.

გომელაური, - რომელსაც 2024 წლის 19 დეკემბერს აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ ფინანსური სანქციები დაუწესეს დემონსტრაციების დარბევის ფონზე, - მეორე დღეს ვიცე-პრემიერად დანიშნეს.

  • შინაგან საქმეთა მინისტრად პირველად იგი 2015 წელს დაინიშნა;
  • შემდეგ სუსის უფროსი იყო;
  • 2019 წლიდან გომელაური ისევ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დააბრუნეს.

„დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავს უფლება მივეცი და გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს - მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო”, - ნათქვამია გომელაურის განცხადებაში, რომელიც დღეს, 28 მაისს, გამოქვეყნდა შსს-ს ოფიციალურ საიტზე.

გომელაური აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის სახელმწიფოების მიერაა სანქცირებული ადამიანის უფლებების ხელყოფისა და მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე პოლიციის ძალადობის გამო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG