Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დნმ-ექსპერტიზის დასკვნა, დარბაზიდან გაყრილები და დაჯარიმებულები - ახობაძის სასამართლო


მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი დარბაზიდან უშვებს გიორგი ახობაძის გულშემატკივრებს, 2025 წლის 7ივლისი
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი დარბაზიდან უშვებს გიორგი ახობაძის გულშემატკივრებს, 2025 წლის 7ივლისი

პროევროპული აქციებისას დაკავებულ ექიმ გიორგი ახობაძის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა, შესაძლოა, 22 ივლისს გამოაცხადოს.

ამ მოსამართლემ გიორგი ახობაძის საქმე სასამართლო პროცესის დასასრულს, თითქმის ექვსი თვის თავზე, მიხეილ ჯინჯოლიასგან გადაიბარა.

7 ივლისს, მეშვიდე დარბაზში გამართულ სხდომაზე, დაცვის მხარემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, მათი თქმით, დადასტურდა ის, რასაც გიორგი ახობაძე მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ „მას ნარკოტიკული საშუალება“ ჩაუდეს:

ადვოკატები სასამართლო დარბაზში, მარიამ მაძღარაშვილი და ლაშა ცუცქირიძე, 7 ივლისი, 2025 წელი
ადვოკატები სასამართლო დარბაზში, მარიამ მაძღარაშვილი და ლაშა ცუცქირიძე, 7 ივლისი, 2025 წელი

„გიორგი ამბობდა, რომ როდესაც ის დააკავეს, მას პოლიციელებმა პირში გამოუსვეს თითები, მისი ნერწყვი აიღეს პირის ღრუდან და ის გადაიტანეს იმ ნარკოტიკულ ნივთიერების შესაფუთზე, რომელიც ჩაუდეს.

ასე აღმოჩნდა მისი ბიოლოგიური მასალა შესაფუთზე. ზუსტად ამას ვამტკიცებდით პირველივე პროცესიდან. ამასთან დაკავშირებით გვქონდა დანიშნული ექსპერტიზა, რომ დაგვედგინა ის ბიოლოგიური მასალა, რომელიც გადასული იყო შესაფუთზე, რა სახის ბიოლოგიური მასალა იყო, იყო ეს ნერწყვი თუ სხვა რამ. მივიღეთ, რომ პასუხია ნერწყვი. აქედან გამომდინარე, დადასტურდა ზუსტად ის, რასაც გიორგი თავის განმარტებაში ამბობს და ჩვენებაშიც იტყვის, რომ მისი პირის ღრუდან ხელოვნურად აიღეს ნერწყვი, რათა შეექმნათ მტკიცებულება გიორგი წინააღმდეგ,“ - ამბობს მარიამ მაძღარაშვილი, გიორგი ახობაძის ადვოკატი მტკიცებულებაზე, რომელიც სასამართლომ დასაშვებად ცნო.

ახლა მის საფუძველზე ორ მოწმეს, ორ ექსპერტს დაკითხავენ - იმას, ვინც ექსპერტიზა უშუალოდ ჩაატარა და იმას, ვინც ჩატარების სისწორე შეამოწმა.

გიორგი ახობაძეს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ედება, ეს სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულია, ისჯება 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ექიმი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ პოლიციამ მას ნარკოტიკული საშუალებები „ჩაუდო“.

გიორგი ახობაძე 2024 წლის 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.

იგი დასკვნითი სიტყვას 22 ივლისს გამართულ სხდომაზე იტყვის. მანამდე, 16 ივლისს, მას ადვოკატები გამოჰკითხავენ სასამართლოს დარბაზში.

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს მომდევნო სხდომის დანიშვნა ხვალ, 8 ივლისს, დილის 10 საათზე სურდა, თუმცა, გიორგი ახობაძემ მას სთხოვა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დილაობით თავს შეუძლოდ გრძნობს, აქვს დაჭიმულობა და უჭირს მოძრაობა.

გიორგი ახობაძე სასამართლო სხდომაზე, 7 ივლისი, 2025 წელი
გიორგი ახობაძე სასამართლო სხდომაზე, 7 ივლისი, 2025 წელი

მოსამართლემ მას დილით ადრე, 8 საათზე გაღვიძება ურჩია, რაზეც გიორგი ახობაძემ უთხრა, - „თქვენ ექიმი არ ხართ, რომ მიხვდეთ, რას ვამბობ“.

საბოლოოდ, 22 ივლისის ჩათვლით, მოსამართლემ ოთხი სხდომა დანიშნა, 9, 11, 16 და 22 ივლისს.

გიორგი ახობაძეს მოსამართლესთან კიდევ ერთი თხოვნა ჰქონდა:

„აქ, საკნებში, ისეთი სკამებია, ვერაფერს ეყრდნობი ზურგით. როცა დიდხანს გვიწევს ლოდინი, მაქვს ტკივილი, სკამი თუ შესაძლებელია, საზურგიანი“.

რომეო ტყეშელაშვილმა უპასუხა:

„საბადრაგო სამსახურს სთხოვეთ, თუ აქვს შესაძლებლობა, მოითხოვეთ, იქნებ არის შესაძლებლობა და აუცილებლად დააკმაყოფილებენ“.

7 ივლისს, სასამართლოს სხდომის დაწყებამდე, რომეო ტყეშელაშვილმა დარბაზიდან გაუშვა ყველა ის დამსწრე, რომლებიც მისი თქმით, ფეხზე არ ადგნენ, როდესაც ის დარბაზში შევიდა. გაშვებული დამსწრეების ნაცვლად მან სხდომაზე დასწრების სხვა მსურველები აღარ შემოუშვა:

„ბოლო რიგში, ვინც არ ადგა, ყველას დაატოვებინეთ დარბაზი“ - ამბობს რომეო ტყეშელაშვილი.

„კი მაგრამ, რამდენჯერ უნდა ავდგეთ, ხომ ავდექით, რატომ გვიშვებთ, გვიპასუხეთ, რამდენჯერ უნდა ავდგეთ, რომ შემოხვედით, ავდექით და დავსხედით“... ისმის დარბაზიდან შეძახილები.

„დატოვეთ დარბაზი, დაატოვებინეთ დარბაზი“, - მიმართა რომეო ტყეშელაშვილმა მანდატურებს.

დაახლოებით ათამდე ადამიანი ტოვებს დარბაზს.

სხდომაზე მცირეხნიანი შესვენების გამოცხადების შემდეგ, რომეო ტყეშელაშვილმა 200 ლარით დააჯარიმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი, რომელიც სხდომას აშუქებდა.

მოსამართლე აჯარიმებს ჟურნალისტსა და სხდომის ერთ დამსწრეს, 7 ივლისი, 2025 წელი
მოსამართლე აჯარიმებს ჟურნალისტსა და სხდომის ერთ დამსწრეს, 7 ივლისი, 2025 წელი

მოსამართლემ დააჯარიმა სხდომის კიდევ ერთ დამსწრე სალომე შულაია, ის მოსამართლის შემოსვლისას ფეხზე არ წამოდგა.

"სასამართლოს მიმართ გამოხატული უპატივცემულობისა და სხდომის თავმჯდომარის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის გამო" დაკისრებული 200-ლარიანი ჯარიმა სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. სასამართლოდან უკვე გამოთხოვილია დარბაზში არსებული სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი.

რამდენიმე ფაქტი რომეო ტყეშელაშვილის შესახებ

41 წლის რომეო ტყეშელაშვილი 15 წელია სასამართლოში სისტემაში მუშაობს. თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველად თითქმის 20 წლის წინ, სტაჟიორად მივიდა.

2010 წლიდან კი მუშაობა დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის კანცელარიაში, სპეციალისტის პოზიციაზე.

2022 წლიდან ის ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა.

რომეო ტყეშელაშვილის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი პირველად 2022 წელს გაჩნდა.

მაშინ მან უარი თქვა აშშ-ის საელჩოს სასწავლო პროგრამაში მონაწილეობაზე. მისი თქმით მან და კიდევ ოთხმა მოსამართლემ (ხათუნა ხარჩილავა, ნინო ნაჭყებია, მაია ქოქიაშვილი და გიზო უბილავა) ასე გააპროტესტეს სპეციალური სასწავლო პროგრამიდან ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის მოხსნა.

მაშინ მან საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩოს პროგრამიდან უსამართლოდ მოხსნეს და ეს მიუღებელია:

„მოსამართლის მიერ მიღებულ რომელიმე გადაწყვეტილებაზე რაიმე ანგარიშის მოთხოვნა არის ყოვლად მიუღებელი და აქედან გამომდინარე, მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ ნამდვილად არ მქონდა მორალური უფლება, ამ ყოველივეს შემდეგ მაგ ვიზიტში მიმეღო მონაწილეობა. ამიტომაც მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც მივიღე.

ბატონი ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, როგორ არაჯანსაღ გარემოებასაც ჰქონდა მის მიმართ ადგილი, რაზეც ლაშა ჩხიკვაძემ თავის განცხადებაში უკვე ისაუბრა. სწორედ აღნიშნული გარემოებების გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა რომეო ტყეშელაშვილმა საქართველოს პირველ არხთან.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 2022 წლის 15 ივლისს განცხადება გაავრცელა. მან თქვა, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ჩხიკვაძის განცხადებით, საელჩოს წარმომადგენელმა შეხვედრაზე მას უთხრა, რომ აშშ-ში დაგეგმილ მოსამართლეთა ვიზიტში მისი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოიღეს.

რომეო ტყეშელაშვილმა კოლეგები დაიცვა მაშინაც, როცა 2023 წლის აპრილში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართველ მოსამართლეებს დაუწესა სანქციები - მან ფეისბუკზე ამ გადაწყვეტილებას “მორიგი ცრუ ბრალდებები” უწოდა.

2023 წლის 12 მაისს კი იმყოფებოდა "მოსამართლეთა დღის" აღსანიშნავ წვეულებაზე გორში, რომელსაც აშშ-სგან სანქცირებული მოსამართლეებიც ესწრებოდნენ.

ამ მოსამართლეს დაეწერა 2023 წლის მაისში ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელების მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებული 21 წლის თორნიკე აკოფაშვილის საქმეც. ბრალდებულის ადვოკატებმა მაშინ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის აცილებას მოითხოვეს - მათ მიაჩნდათ, რომ ის მიკერძოებულია და არ არის დამოუკიდებელი, თუმცა, მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG