ავტორი: სოხუმური გამოცემა „ნუჟნაია გაზეტა“
იბეჭდება მცირე შემოკლებით
ნახევარ წელზე მეტია, რაც ბადრა გუნბა აფხაზეთის ხელისუფლების სათავეში მოექცა. ჯერ ასლან ბჟანიას მოვალეობის შემსრულებელი იყო, ბოლო ორი თვე კი პრეზიდენტია. ეს ცოტა დრო არ არის, ამიტომ აღარ დავუცდით, 100 დღე როდის გავა.
რა თქმა უნდა, გუნბა ტრამპი არ არის და ვერც რუსეთსა და უკრაინას შეარიგებს, მაგრამ აფხაზეთის პრეზიდენტსაც აქვს თავისი მოვალეობები, რომელშიც უპირველესად უფლებებისა თავისუფლების დაცვა იგულისხმება, ასევე შიდა და გარე პოლიტიკის განსაზღვრა, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ეროვნული განვითარების პროგრამის დამტკიცება და კიდევ ბევრი სხვა რამ.
მაგრამ თუ მოგზაურობას, შაშის თამაშს, მშვილდის სროლასა და აფხაზ ჩინოვნიკებთან გამართულ რამდენიმე თათბირს არ ჩავთვლით, გამოვა, რომ ინაუგურაციის დღიდან ბადრა გუნბამ მხოლოდ მთავრობის შექმნა მოასწრო.
ამ ხნის განმავლობაში ორჯერ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, სამჯერ - სერგეი კირიენკოს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილეს; ყირიმში არტ-კლასტერი „თავრიდი“ მოინახულა, სოხუმში კი რამდენიმე რუს ჩინოვნიკს შეხვდა. დათანხმდა ეთანამშრომლოს რუსული ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია „დიალოგის“ ხელმძღვანელს ვლადიმირ ტაბაკს, რომელიც ახლა ჩინოვნიკებს „მედიაწიგნიერებასა“ და სოციალურ ქსელებში პროპაგანდას ასწავლის. საინტერესო დეტალი: ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვლადიმირ ტაბაკმა „სახელი გაითქვა“ როგორც ეროტიკული კალენდრის პროდიუსერმა. მასზე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები იყვნენ გამოსახულები და მაშინდელ პრემიერ-მინისტრს პუტინს ულოცავდნენ. შესაძლოა აფხაზეთის პრეზიდენტის დონეზე ხელშეკრულების დადების შემდეგ ჩვენც გველის „ბატონყმობისგან გათავისუფლება“ და იმ პროექტების დაბრუნება, რომლებიც აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას დაამცრობენ.
ბოლომდე არა, მაგრამ მაინც გასაგებია, თუ რატომ არის გუნბა ხელისუფლებაში. იმით დავიწყოთ, რომ სტრუქტურა, რომელიც ხელისუფლების მიერ დასახული ამოცანების შესრულებას უზრუნველყოფს (ეს ამოცანები ჯერ განსაზღვრული არაა) ისევ გაფართოვდა - ვიცეპრეზიდენტების რაოდენობა სამიდან ხუთამდე გაიზარდა (ერთი თანამდებობა დღემდე ვაკანტურია), კიდევ გვაქვს 33 სამინისტრო და სამმართველო. ქალაქებისა და რაიონების ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს გაჭირვებით ცვლიან, რადგან ეს ცვლილება რაიონის კრებამ უნდა დაამტკიცოს. ხელისუფლებაში ახალი არავინ მოსულა. ბადრა გუნბა ერთი ადგილიდან მეორეზე იმ ადამიანებს ანაცვლებს, რომლებიც ჩამოგდებული ხელისუფლებისგან ერგო მემკვიდრეობით. ეს გარანტიებია ბჟანიასთვის, ანქვაბისთვის და ოზგანისთვის, რომლებმაც თანამდებობები კი დატოვეს, მაგრამ გავლენა მაინც აქვთ. სწორედ ამიტომ მიანდვეს ხელისუფლების მეთაურობა ყოფილ ფინანსთა მინისტრს ვლადიმირ დელბას, რომელიც ამ სქემაში გარკვეულია. სწორედ ამიტომ ხელმძღვანელობს სოხუმის ყოფილი მერი ბესლან ეშბა პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ამგვარად ფინანსური უსაფრთხოება უზრუნველყოფილია და დოკუმენტებიც გასაიდუმლოებული, სხვების დასანახავადაც კი არავინ შეეცდება კორუფციას ებრძოლოს.
შემდეგ - ძალოვნები, ეს ბლოკი თითქმის არ შეცვლილა: შინაგან საქმეთა მინისტრი, გენპროკურორი. სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან უშიშროების სამსახურში ბჟანიას საქმის ერთგული დმიტრი დბარი გადაიყვანეს. ბჟანიას კიდევ ერთი მეგობარი ვლადიმირ ანუა მინისტრის პორტფელს ინარჩუნებს. აქ რთული არ არის განვსაზღვროთ, რომ მომავალში ხელისუფლება უზურპირებული იქნება, მოქალაქეების უფლებები დარღვეული; სამოქალაქო ინსტიტუტები და ოპოზიცია წნეხის ქვეშ მოექცევა, გაქრება დამოუკიდებელი მედია.
ბადრა გუნბა საფრთხეს შესაძლოა ვერც იაზრებს. საერთოდ პრეზიდენტები (აფხაზეთის ნამდვილად) თავისი მმართველობის პირველ წელს წინა ხელისუფლების კრიტიკაზე ააგებენ ხოლმე: ადანაშაულებენ შიდა და გარე პოლიტიკის ხარვეზებში, დანაშაულის დაფარვაში, ენერგოკრიზისში და ასე შემდეგ. ზოგს იმდენად იტაცებს ეს საქმიანობა, რომ მეხუთე წელსაც წარსულში ისვრის ქვებს. მაგრამ ბადრა გუნბას აქ ხელი ძალიან შეეშლება - მას, როგორც ბჟანიას ტრადიციების გამგრძელებელს მსგავსი რეზერვი არ აქვს, ვერავის დაადანაშაულებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თაფლობის თვე მალე დასრულდება და აფხაზურ საზოგადოებას რამე იმაზე მეტი უნდა შესთავაზოს, ვიდრე ლენტების გაჭრა და „ლენინი და ბავშვების“ თამაშია. უნდა შესთავაზოს გამოსავალი ენერგეტიკული და ეკონომიკური კრიზისიდან, განსაზღვროს შიდა და გარე პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები მომავალი ოთხი წლისა და ცხრა თვის განმავლობაში.
ორ თვეში გაიმართება ორჯერ გადავადებული თვითმმართველობის არჩევნები, წელიწად-ნახევარში ბჟანიას ფორმირებული პარლამენტის უფლებამოსილების ვადაც ამოიწურება. ამ დროს არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ახლანდელი პრეზიდენტი რამეს დამოუკიდებლად ფიქრობდეს. ამ დროის განმავლობაში გუნბას აფხაზური პრესისთვის ერთი ინტერვიუც კი არ მიუცია, „უახლოესი გარემოცვისთვისაც“ კი არ ჩაუბარებია ანგარიში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ. არც ეკონომიკური პრობლემების განხილვა შემოუთავაზებია, არც მოქალაქეები დაუცავს, არც პარლამენტში მისულა - ქვეყნის უმაღლეს ორგანოში. ბადრა გუნბას ინტერესის მიღმა აღმოჩნდა პოლიტიკური არასტაბილურობა, ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემები, ქვეყნის შიდა წინააღმდეგობები, საგარეო პოლიტიკა.
რა გააკეთა მთელი ამ ხნის განმავლობაში აფხაზეთის პრეზიდენტმა? 130-ზე მეტი ბრძანება გამოსცა (მათგან ნახევარიც კი არაა გამოქვეყნებული), ძირითადად საკადრო ცვლილებებზე. მონაწილეობდა მემორიალურ და სადღესასწაულო ღონისძიებებში. ერთხელ შეხვდა ანას ქიშმარიას, რომელიც ადამიანის უფლებების კუთხით მუშაობს. ერთხელ ითათბირა ძალოვნებთან, გაისროლა ტყვიამფრქვევიდან (წვრთნებზე) და მშვილდიდან (საბავშვო შეჯიბრებაზე).
აი, ეს არის ბადრა გუნბას ექვსი თვის მოღვაწეობა. მან ვერ შეამჩნია, რომ მრავალშვილიანი დედები თაღლითებად გამოაცხადეს, რომ აფხაზეთის მოქალაქეებს მეორე მოქალაქეობა (რუსეთის) ჩამოართვეს, ჟურნალისტები უცხოეთის აგენტებად გამოაცხადეს, რუსეთიდან დეპორტირებულ აფხაზ რეპატრიანტებს სამშობლოში დაბრუნების საშუალება არ მისცეს, რომ პროფესიონალებს პოლიტიკური მოტივებით დევნიან, აფხაზ ბიზნესმენებსა და მეწარმეებს კი ავიწროებენ.
პრეზიდენტს ჯიუტად არ უნდა ეს ყველაფერი დაინახოს.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში.
ფორუმი