ის იქ შეხვდა ჩინეთის, ასევე ბელარუსისა და ყაზახეთის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს.
ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი დმიტრი ჰარა, ვისაც გელაძე შეხვდა, ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის, აშშ-ისა და სხვების მიერაა სანქცირებული.
ინფორმაცია ჩინეთის და ყაზახეთის მინისტრებთან შეხვედრის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრმა გაავრცელა, ხოლო ბელარუსელ მაღალჩინოსანთან - ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა.
გელაძის დელეგაცია ჩინეთში
ინფორმაცია, რომ გელაძე ჩინეთში გაემგზავრა, 17 სექტემბერს გაავრცელა სამინისტროს პრესცენტრმა.
უწყების ცნობით, გელაძე იმყოფება ქალაქ ლიანიუნგანგში, ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მიწვევით, - დელეგაციასთან ერთად.
დელეგაციის წევრები, გელა გელაძესთან ერთად, არიან მისი მოადგილეები:
- ალექსანდრე დარახველიძე (ამ პოსტზე მუშაობს 2021 წლიდან);
- შალვა თადუმაძე (დაინიშნა 2024 წლის დეკემბერში. მანამდე, 2019 წლიდან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. წარსულში - ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი).
- ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს „სხვა ხელმძღვანელი პირები“.
მათ მონაწილეობა მიიღეს „გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში“ - ან, როგორც მედიაში უწოდებენ, „ლიანიუნგანგის ფორუმში“.
ორგანიზატორების ცნობით, ფორუმს, რომელიც 16-19 სექტემბერს ტარდება, ესწრება 2000-ზე მეტი წარმომადგენელი 120 ქვეყნიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
„ლიანიუნგანგის ფორუმი“
„ფორუმის მთავარი თემაა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები, რომელსაც მსოფლიოს 120 ქვეყნის ლიდერები განიხილავენ“, - წერს შსს.
ეს ფორუმი პირველად 2022 წლის 29 ნოემბერს ჩატარდა. ის არის ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინის მიერ შეთავაზებული „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის“ ნაწილი.
2022 წელს ღონისძიების გახსნისას ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა ვანგ სიაოხუნგმა განაცხადა, რომ ჩინეთი იმუშავებს „ყველა მხარესთან, რათა დანერგოს პრეზიდენტ სი ძი ძინ პინის მიერ შემოთავაზებული გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“.
- საქართველო მხარს უჭერს გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას, - ასევე, „გლობალური განვითარების“ და „გლობალური ცივილიზაციის“ ინიციატივებს, - წერია 2023 წელს ჩინეთ-საქართველოს მიერ გამოცხადებული სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციაში;
- კრიტიკოსების ხედვით, ეს ინიციატივები არის ჩინეთის გლობალური გავლენის გაზრდის მცდელობა და ერთგვარი ალტერნატივა დასავლური „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა“.
შეხვედრა ბელარუსელ კოლეგასთან
ინფორმაცია ბელარუსელ კოლეგასთან შეხვედრის შესახებ საქართველოს შინაგან სამინისტროს პრესცენტრს (ჯერ) არ გაუვრცელებია. ეს ცნობა გამოაქვეყნა ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა.
უწყების ტელეგრამზე წერია, რომ სამუშაო შეხვედრა ლიანიუნგანგში შედგა - ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი გორასა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გელა გელაძეს შორის.
ამ წყაროს თანახმად, შეხვედრისას მინისტრებმა განიხილეს სხვადასხვა საკითხი, მათ შორის:
- „სისხლის სამართლის საქმეებში იურიდიული დახმარების გაწევა“;
- „შემდგომი თანამშრომლობის შესაძლო სფეროები“;
- „საგამოძიებო პროცესების გაციფრულება“;
- „თანამედროვე ანალიტიკური ინსტრუმენტების დანერგვა“;
- „პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება“.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის უშიშროების კომიტეტს შორის 2021 წლიდან მოქმედებს 2016 წელს დადებული შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ.
ვინ არის დმიტრი ჰარა
დმიტრი ჰარა, - რომელიც საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, თბილისშია დაბადებული, - 2021 წლის 11 მარტს დანიშნეს საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელად.
მანამდე, 2019-21 წლებში ის იყო გენერალური პროკურორის მოადგილე.
- მისი ამ თანამდებობაზე ყოფნისას მოეწყო მრავალათასიანი საპროტესტო აქციები ბელარუსში, რაც ალიაქსანდრ ლუკაშენკას არჩევნებში მეექვსედ გამარჯვების გამოცხადებას მოჰყვა.
- ანტისამთავრობო დემონსტრაციები ხელისუფლებამ სასტიკად ჩაახშო.
2021 წელს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა, სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, დმიტრი ჰარას, - ის ამ დროს უკვე საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი იყო.
დასაბუთებაში ევროკავშირის საბჭომ მიუთითა, რომ ჰარა პასუხისმგებელი იყო მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციონერების, ჟურნალისტებისა და სხვა მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების წარმოებაზე.
მათ შორის, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სერჰეი ციხანოუსკის (სვიატლანა ციხანოუსკაიას მეუღლის) პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებაზე.
სანქციებს შეუერთდნენ ისლანდია, ნორვეგია და ევროპის სხვა რამდენიმე ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის.
2021 წლის 9 აგვისტოს კი მას, როგორც საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს, სანქციები დაუწესა შეერთებულმა შტატებმაც. შტატებმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის, Nexta-ს დამფუძნებლის, ჟურნალისტ რამან პრატასევიჩის საქმესთან დაკავშირებით.
რა ითქვა სხვა შეხვედრებზე?
გეკა გელაძეს კიდევ ერთი შეხვედრა ჰქონდა მასპინძელთან, ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ ვანგ სიაოხუნგთან და ასევე ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ერჟან სადენოვთან.
გელაძემ ჩინელი კოლეგა საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
შსს-ის ცნობით, გელაძე-სიახუნგის შეხვედრაზე ისაუბრეს:
- „ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის შესახებ“;
- „დარგობრივ რეფორმებზე, მიმდინარე პროექტებზე, საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე“.
„ქართული მხარე მზად არის აქტიურად გააგრძელოს მუშაობა ჩინელ კოლეგებთან ერთად, რათა თანამშრომლობის არსებული მექანიზმები კიდევ უფრო მოქნილი და ეფექტიანი გახდეს“, - თქვა გელაძემ.
მათ გამოხატეს მზაობა, „განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები უწყებებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით“.
რაც შეეხება ყაზახ კოლეგასთან შეხვედრას, - ამ შეხვედრაზეც „ყურადღება გაამახვილეს არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე“.
- „გეკა გელაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის ყაზახ კოლეგებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით არსებული პარტნიორობის გაფართოებისთვის.
- მხარეებმა, ასევე, ხაზი გაუსვეს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას“, - წერს შსს.
„დასამალი არაფერია“ - კობახიძე
18 სექტემბერს, - როდესაც ჰკითხეს, რატომ არ გამოაქვეყნა შსს-მ ბელარუსელ კოლეგასთან შეხვედრაზე ინფორმაცია, - „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
„ეს არის ოფიციალური ვიზიტი, აქ დასამალი არაფერია, პირიქით, აბსოლუტურად ღიად გაცხადებული ვიზიტია“.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ „იქ რუსებიც იყვნენ“, კობახიძემ თქვა, რომ „რუსები არაფერ შუაში არ არიან“.
კობახიძის თქმით, საქართველოსთვის „განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩინეთთან, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება“.
„დანარჩენი არ ვიცი, რა გიპასუხოთ“, - თქვა მან და უშუალოდ ბელარუსელ კოლეგასთან გელაძის შეხვედრაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
„პრიორიტეტი - ჩინეთი“
„ქართული ოცნების“ მთავრობის გაცხადებული პოზიციაა, რომ სურს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავება.
თუმცა ოპონენტები მიუთითებენ, რომ ამ გაცხადებული პრიორიტეტის მიუხედავად, საქართველო არ მიუწვევიათ 2025 წლის სექტემბერში ჩინეთში გამართულ ორ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ პეკინის მოკავშირეები და სახელმწიფოები, რომლებსაც ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება სურთ.
ეს ორი ღონისძიება იყო:
- ჩინეთის დედაქალაქ პეკინში 3 სექტემბერს დაგეგმილი სამხედრო აღლუმი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს ეძღვნებოდა და რომელსაც 26 ქვეყნის პირველი პირები დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები.
- „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტი.
კრიტიკაზე პასუხად ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „სამიტის ფარგლებში იმყოფებიან კონკრეტული ქვეყნების ლიდერები ჩინეთში“.
- სამიტი გაიმართა 31 აგვისტოსა და პირველ სექტემბერს
- გამარჯვების დღე სამ სექტემბერს აღნიშნეს.
28 აგვისტოს, როდესაც საგარეო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწემ, ხონგ ლეიმ ჩამოთვალა იმ 26 ქვეყნის პირველი პირების ვინაობა, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინ პინის მიწვევით დაესწრებიან აღლუმს, ხაზი გაუსვა, რომ ისინი გამარჯვების დღის აღსანიშნავად იყვნენ მიწვეულნი
ფორუმი