Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახსნილი საქმეების რაოდენობა - 0. აქციებზე სამართალდამცავების ძალადობა 6 თვის თავზეც არაა გამოძიებული


რუსთაველის გამზირი, 29 ნოემბერი, 2024 წელი, სამართალდამცავები აკავებენ აქციის მონაწილეს
რუსთაველის გამზირი, 29 ნოემბერი, 2024 წელი, სამართალდამცავები აკავებენ აქციის მონაწილეს

28 მაისს ზუსტად ექვსი თვე შესრულდა რუსთაველზე, ყოველდღიური პროტესტის, პროევროპული აქციების დაწყების დღიდან. ამ დრომდე, არცერთი სამართალდამცავი, რომლებმაც ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში, აქციის მონაწილეებზე, მათ შორის ჟურნალისტებზე იძალადეს, არც გამოვლენილი და არც დასჯილი არაა.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, მხოლოდ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში (2024 წლის 5 დეკემბრის მონაცემებით), სამართალდამცავების მიერ ძალადობის ფაქტების შესახებ 300-ზე მეტი საჩივარია შესული.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 52 პირს.

უწყებამ, რომელიც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულებსა და ასევე ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს, ამ დრომდე, საპროტესტო აქციების მსვლელობისას ნაცემი მოქალაქეების ვერცერთი საქმის გამოძიება ვერ მოახერხა - ამ დანაშაულების გახსნის სტატისტიკური მაჩვენებელი არის ნული.

რუსთაველის გამზირი, 4 დეკემბერი, 2024 წელი
რუსთაველის გამზირი, 4 დეკემბერი, 2024 წელი

გამოძიებები დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლას გულისხმობს.

„არ არიან გამოკითხულნი ის პირებიც კი, რომლებმაც თქვეს, რომ სწორედ მათ დამაკავეს“

28 ნოემბრიდან ელის მოძალადე სამართალდამცავების გამოვლენას „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი. 28 ნოემბრის ღამეს ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა, ფოტოებს იღებდა, როდესაც რამდენიმე სამართალდამცავის გარემოცვაში აღმოჩნდა.

ალექსანდრე ქეშელაშვილს ექვსი თვის თავზეც უჭირს იმ მომენტის გახსენება, როდესაც სამართალდამცავებმა ჟურნალისტი „ტალღაში შეითრიეს“, ჯერ სცემეს და შემდეგ დააკავეს.

ალექსანდრე ქეშელაშვილი, "პუბლიკის" ჟურნალისტი, 29 ნოემბერი, 2024 წელი
ალექსანდრე ქეშელაშვილი, "პუბლიკის" ჟურნალისტი, 29 ნოემბერი, 2024 წელი

რეპორტიორი ისე იყო ნაცემი, რომ მას ცხვირის გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ამბობს, რომ დღემდე აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის, უჭირს სუნთქვა.

მართალია ალექსანდრე ქეშელაშვილს დაზარალებულის სტატუსი მალევე მიანიჭეს, თუმცა მისი სასტიკი ცემის გამოძიების საქმე ამის იქით აღარ წასულა:

„ერთი ხელშესახები ნაბიჯიც კი არ გადაუდგამთ, რათა გამოევლინათ დამნაშავეები და დაესაჯათ. არ არიან გამოკითხულნი ის პირებიც კი, რომლებმაც თქვეს, რომ სწორედ მათ დამაკავეს. მინიმუმ მათ მაინც შეეძლოთ ეთქვათ, ვინ იყვნენ გარშემო სხვა პირები, რომლებიც შესაძლოა ყოფილიყვნენ მოძალადეები. უმწირესი მასალა დევს საქმეში".

მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ცუდად ვიყავი, მაქსიმალურად ვითანამშრომლე გამოძიებასთანო, ამბობს "პუბლიკის" ჟურნალისტი. ეგონა, რომ საქმეს გამოიძიებდნენ, მაგრამ ახლა სისტემური პრობლემაზე საუბრობს:

"ის ფაქტი, რომ მოძალადე სამართალდამცავები დღემდე დაუსჯელად დადიან, მეც და ჩემს კოლეგებსაც საკმაოდ დაუცველად გვაგრძნობინებს თავს. გვაქვს შიში, რომ კიდევ შეიძლება განმეორდეს ძალადობა, დაგვაკავონ უმიზეზოდ“.

28 ნოემბერს ნაცემი ალექსანდრე ქეშელაშვილი 17 მარტს, მოსამართლე ნინო ენუქიძემ აქეთ ცნო სამართალდამრღვევად პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით და მას სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

11 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიშის („ადამიანის უფლებების კრიზისი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ“) თანახმად, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით, დოკუმენტირებულია ჟურნალისტების მიმართ ძალადობის 108 შემთხვევა.

„აღარ მჯერა, რომ როდისმე დამნაშავეებს გამოავლენენ და დასჯიან“

კიდევ ერთი დაზარალებული, რომელიც უშედეგოდ ელის მოძალადე სამართალდამცავების გამოვლენას, ნიკა რომანაძეა.

მას ნიღბიანი სამართალდამცავები 28-29 ნოემბრის ღამეს რუსთაველის გამზირზე, ერთ-ერთ აფთიაქში გაუსწორდნენ ფიზიკურად.

ნიკა რომანაძე იმ ღამის მოვლენებს ზუსტად ექვსი თვის თავზე ასე იხსენებს:

ნიკა რომანაძე
ნიკა რომანაძე

„ვირუსი მქონდა, თავს შეუძლოდ ვგრძნობდი. როცა დარბევა დაიწყო, გავიქეცი - ყველა მიმართულებიდან მოდიოდნენ სპეცრაზმელები. რაღაც მომენტში გავაცნობიერე, რომ აღარც გაქცევის ენერგია მქონდა და იქვე, რუსთაველზე, აფთიაქში შევედი, ფარმაცევტებს ვთხოვე დახმარება.

როდესაც ნიღბიანებმა დაინახეს, რომ აფთიაქში ვიყავით რამდენიმე ადამიანი შესული, შემოცვივდნენ. თავიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა დაიწყეს, გადმოყარეს ნივთები და შემდეგ უკვე ძალადობაზე გადავიდნენ. მოვიდნენ ჩემთან და სახეში დამარტყეს რამდენჯერმე. დამაგდეს იატაკზე, წიხლი უნდოდათ ჩაერტყათ სახეში, მაგრამ ჩემი მეგობარი გადამეფარა და შეიძლება ითქვას, რომ გადამარჩინა“, - ჰყვება ნიკა რომანაძე.

ამბობს, რომ მან, როგორც მოქალაქემ, ყველა სამართლებრივი გზა სცადა, რომ მოძალადე სამართალდამცავები კანონის შესაბამისად დასჯილიყვნენ, მაგრამ დღეს უკვე აღარ სჯერა, რომ გამოძიება ამ ადამიანების, სულ მცირე, იდენტიფიცირებას მაინც შეძლებს:

„ის ადამიანები, რომლებიც მე ფიზიკურად გამისწორდნენ, შავებში იყვნენ ჩაცმულები, არ უჩანდათ სახე, მხოლოდ თვალები და არანაირი საიდენტიფიკაციო ნიშანი არ ჰქონდათ. ამიტომ არ მჯერა, რომ ამ ადამიანებს ოდესმე იპოვიან“, - ამბობს ნიკა რომანაძე.

მეხსიერებიდან წაშლილი ღამე

სრულად შეცვალა 22 წლის ალექსანდრე თირქიას ცხოვრება 2024 წლის 3 დეკემბრის ღამემ. საპროტესტო აქციის დაშლისას ალექსანდრეს წარბთან გაზის კაფსული მოხვდა და კვირები გაატარა რეანიმაციაში.

ექვსი თვის შემდეგ, ალექსს წინ კიდევ რამდენიმე ოპერაცია ელის - ერთ თვალში მხედველობა მხოლოდ 10% აქვს. ალექს თირქიას საქმე უფლებადამცველებს სტრასბურგშიც მიაქვთ. მას არ აქვს იმედი, რომ საქართველოში პასუხს აგებინებენ მათ, ვინც მასზე და სხვა მომიტინგეებზე იძალადა. საქართველოში მისი საქმის გამოძიება წინ არ წასულა.

რას ამბობენ რიცხვები?

რუსთაველის გამზირი, აქციის მონაწილეები ცდილობენ ცრემლმდენი აირის განეიტრალებას, 4 დეკემბერი, 2024 წელი
რუსთაველის გამზირი, აქციის მონაწილეები ცდილობენ ცრემლმდენი აირის განეიტრალებას, 4 დეკემბერი, 2024 წელი

2024 წლის 28 ნოემბრიდან, 10-დღიან ინტერვალში, საპოლიციო ძალებმა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია ძალის და სპეციალური საშუალებების გამოყენებით, 7-ჯერ დაშალეს:

  • 28-29 ნოემბრის,
  • 29-30 ნოემბრის,
  • 30 ნოემბრის-1 დეკემბრის,
  • 1-2 დეკემბრის,
  • 2-3 დეკემბრის,
  • 3-4 დეკემბრისა
  • და 6-7 დეკემბრის ღამეს.


2024 წლის 28 ნოემბრიდან 28 იანვრის ჩათვლით პერიოდში სახალხო დამცველის აპარატს, იდენტიფიცირებული აქვს 282 სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი.

რუსთაველის გამზირი, 3 დეკემბერი, 2024 წელი
რუსთაველის გამზირი, 3 დეკემბერი, 2024 წელი

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ამ პერიოდში, საპოლიციო ძალების მიერ ნივთების მოპარვით/წართმევით გამოწვეული ზიანის საერთო ოდენობა, სულ მცირე, 253 470 ლარია.

2024 წლის 19 ნოემბერი - 2025 წლის 28 თებერვლის პერიოდში, არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ინფორმაციით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 1084 ადამიანის მიმართ, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავებული იყო 486 ადამიანი.

2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, 60-ზე მეტ ადამიანს ემუქრებოდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. მათგან, 10 დაკავებულია 2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებისას, 52 კი 2024-2025 წლების ნოემბერ-თებერვალში მიმდინარე პროევროპულ აქციებზე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონაცემებით, დაკისრებული ჯარიმების ოდენობა 2 000 000 ლარს (დაახლოებით, 720 835 აშშ დოლარს) აღწევს.

რა ხარვეზებს ხედავენ უფლებადამცველები გამოძიების პროცესში?

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი, თამთა მიქელაძე რიცხვებით აღწერს პროევროპული აქციების მონაწილეების მიმართ გამოვლენილი ძალადობის მასშტაბს და ამბობს:

თამთა მიქელაძე
თამთა მიქელაძე

„ეს სტატისტიკა შემაშფოთებელია. სპეცრაზმი ძირითადად თავისა და სახის არეში ურტყამდა მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებს. ძალადობა გამოვლილი რესპონდენტები უთითებენ, რომ მათი 80% სცემეს თავის არეში. 50% ამბობს, რომ ისინი სცემეს სპეციალური ხელთათმანით. 46% კი ამბობს, რომ მათ სახეში ფეხებით გაუსწორდნენ“.

ეს ორგანიზაცია იცავს როგორც 2024 წლის გაზაფხულის, ისე შემოდგომის აქციებზე დაზარალებულ 60-მდე ადამიანის ინტერესებს ადგილობრივ და საერთაშორისო სასამართლოების დონეზე და აქვს წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებზეც.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი ქმედებები, არაერთ შემთხვევაში, მისი ბუნებითა და სისასტიკით, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება.

მათი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ძალადობაზე რეაგირების არარსებობა და, ზოგ შემთხვევაში, მისი წახალისებაც, მიუთითებს წამების სისტემურობასა და ამ დანაშაულის ორგანიზებულ ხასიათზე.

„ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების აბსოლუტური უმრავლესობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე უთითებდა, რის გამოც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება. მხოლოდ სოციალური სამართლიანობის ცენტრის დაცვის ქვეშ მყოფ 20 პირს აქვს დაზარალებულის სტატუსი.

თუმცა, დაზარალებულის სტატუსის არსებობის მიუხედავად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურს არც გაზაფხულის აქციებზე და არც შემოდგომის აქციებზე გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე არცერთი დამნაშავე პირის იდენტიფიცირება ამ დრომდე არ მოუხდენია და მათ მიმართ არ დაწყებულა სისხლისსამართლებრივი დევნა“, - ამბობენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.

მათივე შეფასებით, როგორც გაზაფხულის, აგრეთვე შემოდგომის აქციების დროს, მოქალაქეთა მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება ფორმალურად მიმდინარეობს და ამ დროისათვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, დამნაშავე პირების იდენტიფიცირება შეუძლებელია.

რუსთაველის გამზირი, 4 დეკემბერი, 2024 წელი
რუსთაველის გამზირი, 4 დეკემბერი, 2024 წელი

უფლებადამცველების შეფასებითვე, პრობლემას წარმოადგენს გამოძიების არარელევანტური კვალიფიკაციაც.

ისინი ამბობენ, რომ აქციების მიმდინარეობისას, დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალა არაერთხელ გამოიყენეს, თუმცა როგორც გაზაფხულზე, ისე შემოდგომაზე სამართალდამცავების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზი კი აჩვენებს, რომ საუბარი დაზარალებულის მიმართ დამამცირებელ, არაადამიანურ მოპყრობაზე ან წამებაზეცაა:

„ეს ქმედება დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა და ტერცია მუხლებით. გარდა ამისა, აღნიშნული დანაშაულები სრულად მოტივირებულია სიძულვილით, საპროტესტო აქციის მონაწილეების პოლიტიკური ან სხვა შეხედულების საფუძველზე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად წარმოადგენს დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებას და მისი გათვალისწინება ხდება სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის დროს. ამასთან ერთად, სამართალდამცავების მხრიდან, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა მოქალაქეთა განზრახ უკანონო დაკავებას და პირადი ნივთების ჩამორთმევას, რაც აგრეთვე არ არის გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციისას“, - ამბობენ სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტები.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2024 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოჰკითხა დაზარალებული პირები, დანიშნა ექსპერტიზები, ამოიღო და დაათვალიერა ვიდეომასალა, შეისწავლა ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების სასამართლო სხდომის ოქმები.

თუმცა უფლებადამცველებმა საქმეთა შესწავლის შედეგად გაარკვიეს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არ გამოუკითხავს პოლიციის საშუალო და მაღალი რგოლის თანამშრომლები, რომელთაც მოქალაქეთა მიმართ სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ შესაძლოა მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ, ან რომლებიც უშუალოდ შეკრების ადგილზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, მათ შორის აქციის დაშლისას:

„ჩვენ გამოძიების ფარგლებში მოვითხოვთ უკვე გადამდგარი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გამოკითხვას (გომელაურმა გადადგომის შესახებ განცხადება 28 მაისს გააკეთა რ.თ.), მისი მოადგილეების და ზვიად ხარაზიშვილის (შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი) გამოკითხვასაც. ჩვენ გვგონია, რომ ეს პირები ატარებენ სამართლებრივ პასუხისმგებლობას იმის გამო, რაც იმ დღეებში ხდებოდა“, - ამბობს მიქელაძე.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ გამოძიების ფარგლებში არ არის შესწავლილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საშუალო და მაღალი მენეჯერული რგოლის მობილურ ტელეფონებში და სხვა კომპიუტერულ ტექნიკაში არსებული ინფორმაცია, რომელიც აქციებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შეიძლება ასახავდეს და ცალკეულ პირთა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ავლენდეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამბობს, რომ აქციაზე დაშავებული მოქალაქეების უფლებების დასაცავად კანონით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას იყენებს, გამოძიება სწავლობს მათ მიერ გამოკითხვაში დაფიქსირებულ ყველა გარემოებას, თითოეულ პირს და მათ უფლებადამცველებს სისხლის სამართლის საქმის მასალებთან წვდომის და გაცნობის შესაძლებლობას აძლევს, რომლებიც ინფორმირებული არიან მიმდინარე გამოძიების პროცესის თაობაზე:

"სპეციალური საგამოძიებო სამსახური, იმ რესურსით, რომელიც უწყებას გააჩნია, თითოეულ დანაშაულებრივ ფაქტზე სამართლებრივი შედეგის დასადგომად, მაქსიმალურ ძალისხმევას წევს და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს", - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ განცხადებაში.

2025 წლის 15 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ 28-29 ნოემბერს ერთ-ერთმა პოლიციელმა დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის შედეგად მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა. შსს-ს თანახმად, „დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული არ არის“. უწყების ცნობითვე, „აქციის მოძალადე ჯგუფის წევრების მხრიდან განხორციელებული თავდასხმების შედეგად შსს-ის 171 თანამშრომელი დაშავდა“.

ექვსი თვეა, არ წყდება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და დემონსტრაციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. ექვსი თვის წინ, პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც პარტია აღარ დააყენებს ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე.

„ქართული ოცნება“ დემონსტრანტების შესაზღუდად ამკაცრებს კანონებს, პოლიცია კი აჯარიმებს მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ.

ფორუმი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG