Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზის კაფსულით დაშავებული - 22 წლის ალექსი თირქია შეცვლილ ცხოვრებაზე


2024 წლის 3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში, საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებულ 22 წლის ალექსი თირქიას წარბთან გაზის კაპსულა მოხვდა და რეანიმაციაში აღმოჩნდა. კადრები - როგორ მიჰყავთ სახედასისხლიანებული სასწრაფო დახმარების მანქანისკენ, ალექსი თირქიას მეხსიერებიდან წაშლილია.

2024 წლის 3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში, საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებულ 22 წლის ალექსი თირქიას წარბთან გაზის კაპსულა მოხვდა და რეანიმაციაში აღმოჩნდა.

კადრები - როგორ მიჰყავთ სახედასისხლიანებული სასწრაფო დახმარების მანქანისკენ, ალექსი თირქიას მეხსიერებიდან წაშლილია. არც კაფსულის მოხვედრის მომენტი ახსოვს კარგად. მხოლოდ ხანგრძლივი ძილიდან გამოღვიძების შემდეგ მოითხოვა ტელეფონი და მაშინ გაიგო, რაც მოხდა.“მეგონა, ცხვირის ოპერაცია გავიკეთე”.

სამაგიეროდ, ახსოვს, რომ გაქცევას ცდილობდა, თუმცა მთელი რუსთაველი და მიმდებარე ქუჩები სპეცრაზმის ალყაში იყო მოქცეული.

ექვსი თვის შემდეგ, ალექსს წინ კიდევ რამდენიმე ოპერაცია ელის - ერთ თვალში მხედველობა მხოლოდ 10% აქვს და ეს უნდა გამოსწორდეს. მზის სინათლე ამ დრომდე აღიზიანებს და სათვალით დადის, დაზიანებული აქვს სამწვერა ნერვი - ესეც საოპერაციოა, თავზე დიდი ნაკერის კვალი ახლაც ემჩნევა, ამიტომ მუდამ კაპიუშონი ახურავს. ხშირად აქვს თავის ძლიერი ტკივილები, ვეღარ მუშაობს და დროებით 22 წლის ბიჭის ყველა გეგმა გაჩერებულია.

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ამბავი, რომ სახელმწიფოსგან ალექს თირქიას შემდგომი მკურნალობის და საოპერაციო ხარჯები არ დაფინანსდებოდა, თუმცა ამბის გახმაურების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში საკითხი მოიკვლიეს და განმარტეს, სამედიცინო დოკუმენტაცია იყო არასწორად გადაგზავნილი და ხარვეზი გამოსწორდა.

ალექს თირქიას საქმე სტრასბურგშიც წავა და იქ იდავებს დამნაშავის დასჯისთვის, თუმც კი დიდი იმედი არა აქვს, რომ საქართველოში პასუხს აგებინებენ მათ, ვინც მომიტინგეებზე იძალადა. საქართველოში მისი საქმის გამოძიება წინ არ წასულა.

ექვსი თვის შემდეგ, რუსთაველზე, იმავე ადგილას მდგარი ალექსი ამბობს, რომ არსად გადახვეწას არ აპირებს, რომ მისი ქვეყანაა ესაა და სამართლიანობისთვის ბრძოლასაც აქ გააგრძელებს.

დეკემბრის საპროტესტო აქციების პერიოდში 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ნაწილი - ადმინისტრაციული, ნაწილი კი, სისხლის სამართლის დანაშაულის მუხლებით.

მათ დიდ ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სპეცრაზმელების მხრიდან მომიტინგეების ცემის არც ერთი ფაქტი გამოძიებული არ არის.

არ დასჯილა არც ერთი პოლიციელი. არც ის, ვინც 3 დეკემბრის ღამით, 22 წლის ალექსს გაზის კაფსულა ესროლა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG