არქიმანდრიტი ილია საპატრიარქოში შეხვედრაზე მას შემდეგ მიიხმეს, რაც მან გასულ კვირაში, 29 ოქტომბერს, როცა საპატრიარქოში არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი დაიბარეს, პატრიარქის მოსაყდრე შიოს „ეგზარქოსი“ უწოდა. ამ წოდებას საქართველოში ატარებდნენ ეკლესიის მეთაურები რუსეთის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ.
5 ნოემბერს, საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხელმოწერა ახლავს, ვკითხულობთ, რომ არქიმანდრიტ ილიას მღვდელმოქმედება აეკრძალა ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და „ზოგადად ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისთვის, ეპარქიალური კომისიის წარდგინების საფუძველზე“.
ამავე განცხადების თანახმად, მას მღვდელმოქმედება აეკრძალა იმ დრომდე სანამ ის „არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს“.
"მე არანაირ სინანულს არ ვითხოვ. მე ერთადერთს გეტყვი ისევ და ისევ, მე განვმტკიცდი იმ აზრზე, რომ რუსეთისგან ხარ მოგზავნილი. ეს არის ჩემი პასუხი მეუფე შიოს. არ მოვინანიებ არასდროს. არ ვიცი, რა იქნება. ჩვენ პატრიარქს ვეტყვითო და მე პატრიარქთან ვითხოვ შეხვედრას“. - ამბობდა არქიმანდრიტი ილია ამ განცხადების გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე, მას შემდეგ რაც საპატრიარქოში, პატრიარქის მოსაყდრესთან, ქორეპისკოპოსთან და პატრიარქის მდივანთან ნახევარსაათიანი შეხვედრა დატოვა.
საპატრიარქოდან გამოსულმა არქიმანდრიტმა ჭიშკართან შეკრებილ სასულიერო პირებსა და სხვა გულშემატკივრებს, პროევროპული აქციების მონაწილეებს, უთხრა, რომ მას თავისუფლად ლაპარაკის საშუალება არ მისცეს, შეხვედრიდან კი ფიზიკური შეხებით „გამოაგდო“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ.
არქიმანდრიტი ილია, რომელიც არქიმანდრიტ დოროთესთან ერთად, ბოლო ერთი წელი, საქართველოში მიმდინარე პროევროპული პროტესტისა და აქციების მხარდამჭერი და მონაწილეა, ამბობს, რომ მისგან შეხვედრის მონაწილეები ერთადერთი სიტყვის - „ვინანიებ“ - თქმას ითხოვდნენ.
შეხვედრიდან გამოსულმა არქიმანდრიტმა ასე აღწერა სიტუაცია, რომელშიც საპატრიარქოს კედლებს მიღმა აღმოჩნდა:
„შევედი ოთახში. ოთახში იყო მეუფე შიო, მეუფე თეოდორე და მამა მიქაელ ბოტკოველი. მეუფე შიომ მითხრა, რომ ჩემი განცხადებები იყო შეურაცხყოფა, რომ თქვენ ეკლესიას და პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებთ და იყო ასეთი საუბარი და ეს უნდა მოინანიოო.
თავიდან საუბარსაც თითქმის არ მაცდიდნენ, ანუ ჩემგან ითხოვდნენ ერთ სიტყვას, მოინანიე და გადი. მე არ გავჩერდი და ვთქვი ასეთი რამ, ის რაც ვთქვი, სიტყვა „ეგზარქოსი“ [მეუფე შიოზე], ამას ავხსნი-მეთქი. ვუთხარი, რომ თქვენგან არ გამიგია ერთი სიტყვა რუსეთზე, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი არის მტერი, გინტურზე, ანწუხელიძეზე, ახალგაზრდებზე, დასისხლიანებულები რომ არიან ქუჩაში, ერთი სიტყვა არ გამიგია თქვენი მათ დასაცავად-მეთქი... ან მოინანიე, ან ზომებს მივიღებთო“.
არქიმანდრიტი ილია ირწმუნება, რომ შეხვედრის მსვლელობისას ოთახში შევიდა ანდრია ჯაღმაიძე და მას ხელის კვრით დაატოვებინა იქაურობა:
„ამ საუბრისას, შემოდის მამა ანდრია, უკნიდან, კარიდან და ასეთი ტონით მეუბნება, რომ გადი გარეთ, შენ და შენ... ბოლომდე არ მალაპარაკეს, ჩემი სიტყვები არ მოისმინეს, გამომაგდეს და გამოსვლის დროს, მოდის მამა ანდრია და მიჯიკავებს ხელით. მე ვუთხარი, ხელს რატომ მირტყამ-მეთქი და უცებ შეცბა, მე ხელით არ გიჯიკავებო... ალბათ უშიშროებაში ისწავლა ეს ტონი. მე ხელი არ მიმიბრუნებია... - თქვა არქიმანდრიტმა ილიამ.
რადიო თავისუფლება წერილობით დაუკავშირდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ანდრია ჯაღმაიძეს და 5 ნოემბერს, საპატრიარქოში შეხვედრაზე განვითარებული მოვლენების, მათ შორის, არქიმანდრიტ ილიას მიერ ნახსენები ფიზიკური ძალის გამოყენების შესახებ კითხვა დაუსვა.
ანდრია ჯაღმაიძემ მოგვწერა:
„რას ნიშნავს „დამიჯიკავა“? განვასახიერო თუ როგორ აგიხსნათ? სთხოვეთ მას, უფრო ზუსტად განასახიეროს. მაპატიეთ, ძალიან არასერიოზულია და მამაკაცისთვის შეუფერებელი ასეთი ინტერპრეტაციები“,- გვიპასუხა მან.
ამ შეხვედრამდე 6 დღით ადრე, 30 ოქტომბერს, ანდრია ჯაღმაიძემ თავის სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც არქიმანდრიტ ილიას განცხადებასა და მის მიერ, მეუფე შიოს „ეგზარქოსად“ მოხსენიებას გამოეხმაურა:
„არცერთ ადგილობრივ ეკლესიაში, საქართველოს არცერთ ეპარქიაში, მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადება არ დარჩებოდა პასუხგაუცემელი. იმედია, არქიმანდრიტს (სახელი არ მახსოვს) ასევე მოუწევს პასუხის გაცემა ამ განცხადებაზე“.
5 ნოემბერს, საპატრიარქოში შეხვედრაზე, არქიმანდრიტ ილიასთან ერთად შესვლას ითხოვდა არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილიც, რომელიც 29 ოქტომბერს, ილია მეორემ ეპარქიული კომისიის მიმართვის საფუძველზე გაათავისუფლა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და ის განმწესდა წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად.
ამის მიზეზად კი დასახელდა „კომისიის უგულებელყოფა, შეურაცხყოფა და [კომისიაზე] კვლავ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა“. ამავე განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი "ეკლესიის იერარქიისა და თავად კომისიის წევრების მისამართით შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს" აკეთებს.
29 ოქტომბერს არქიმანდრიტი დოროთე საპატრიარქოსთან მივიდა და კომისიის სხდომაში მონაწილეობას საჯაროობის უზრუნველყოფის პირობითა და მედიის თანდასწრებით აპირებდა, თუმცა უარის მიღების შემდეგ საპატრიარქოში აღარ შევიდა.
არქიმანდრიტ დოროთეს 5 ნოემბერს, საპატრიარქოში არქიმანდრიტ ილიასთან ერთად შესვლის უფლება საპატრიარქომ და შესაბამისად, საპატრიარქოს დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა არ მისცეს.
მას შემდეგ, რაც არქიმანდრიტი ილია შეხვედრაზე მარტო შევიდა, არქიმანდრიტმა დოროთემ რადიო თავისუფლებას უთხრა:
„გაუგონარია, არქიმანდრიტს არ უშვებდნენ საპატრიარქოში და თან არ უშვებდნენ თავის სულიერ შვილთან ერთად. მე მინდოდა მასთან ერთად შესვლა იმიტომ, რომ საპატრიარქო ვალდებულია, მოძღვართან ერთად შემდგარიყო შეხვედრა. პირიქით, მათ ჩემთვის უნდა მოეთხოვათ პასუხი, რომ თუკი ჩემი სულიერი შვილი ასე საუბრობს, თუკი მათ არ მოსწონთ მისი საუბარი, ჩემთვის უნდა მოეთხოვათ პასუხი, მაგრამ ამათ არც ბერობა იციან, არც მონაზვნობა“.
არქიმანდრიტ დოროთეს სიტყვებით, რაც უფრო მეტად შეეცდებიან მათ დასჯასა და შეწინააღმდეგებას, მით მეტად „იყვირებს მათში ჭეშმარიტება“:
„რასაც აკეთებს „ოცნება“, რომ მოხუც ქალებს, კაცებს, აზას და სხვებს იჭერენ, სწორედ ასეთ აგონიაში არიან ესენიც. „ოცნებასთან“ ერთად ცდილობენ, რომ გააჩუმონ ყველა, ვისაც პროტესტი აქვს იმაზე, რაც საქართველოში და რაც საპატრიარქოში ხდება, როდესაც ერთი ჯგუფის მიერაა დაპყრობილი საპატრიარქო.
მე რასაც ვამბობ, იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ეს ორი ჯვარი მიკეთია, მე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ქრისტეს შვილი ვარ. ეს ამათ არის, რომ ძალაუფლება და ფული ალაპარაკებთ. მეუფე შიომ ჩაიგდო ხელში მთელი საპატრიარქო, მეუფეც ეგ არის, სინოდიც ეგ არის, პატრიარქიც ეგ არის და ეს კაცი მოქმედებს რუსეთის სასარგებლოდ. ამას ვამბობ მე და ეს გაიმეორა მამა ილიამ... ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმიტომ, რომ ჯვარი გვიკეთია. არა უშავს, წირვა-ლოცვა თავის დროზე ამათ აეკრძალებათ. დააბნელეს საპატრიარქო და ტყვეობაში ჰყავთ პატრიარქი“, - უთხრა არქიმანდრიტმა დოროთემ რადიო თავისუფლებას.
საპატრიარქოს ჭიშკართან შეკრებილები იყვნენ პროევროპული აქციის აქტიური მონაწილეები, მათ შორის იყო მწერალი, პუბლიცისტი და გამომცემელი, ზვიად კვარაცხელიაც, რომელმაც 3 დღე გაატარა იზოლატორში, რადგან მოსამართლემ ის სამართალდამრღვევად ცნო რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვისთვის.
იზოლატორი ზვიად კვარაცხელიამ რამდენიმე დღის წინ დატოვა და იმავე საღამოს კვლავ შეუერთდა საპროტესტო აქციას რუსთაველზე.
5 ნოემბერს კი საპატრიარქოსთან არქიმანდრიტ ილიას მხარდასაჭერად მივიდა:
„სასულიერო პირების მიერ გამოხატული სოლიდარობა წინააღმდეგობის მოძრაობისთვის, სოლიდარობა არა მხოლოდ ამბიონიდან გამოხატული, არამედ ფიზიკურად, ხალხის გვერდით დგომით გამაგრებული, არის უმნიშვნელოვანესი ამ პროტესტში.
მამა დოროთე ყურაშვილი და მისი საძმო სწორედ ამას ამტკიცებენ თავიანთი ბრძოლით, რომ პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ჩვენი ხალხის წინაშე და პირველ ყოვლისა, ეს პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს სახელმწიფო ინსტიტუციებსაც და მათ შორის, თავის სამწყსოს წინაშე უნდა ჰქონდეს ეკლესიას. ამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. დღევანდელი დღეც იმას ადასტურებს, რომ გაბედვა ამ ბრძოლაში არის უმნიშვნელოვანესი“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
არქიმანდრიტი თეოდორე ყურაშვილი და მასთან ერთად რამდენიმე სასულიერო პირი, საქართველოში მიმდინარე პროევროპული აქციების აქტიური მხარდამჭერები არიან და თავადაც იღებენ მონაწილეობას ამ პროტესტში, რუსთაველის გამზირზე.
5 ნოემბერს, არქიმანდრიტმა თეოდორემ, სანამ საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიას დატოვებდა, იქ შეკრებილ გულშემატკივრებს შესძახა:
„შევხვდებით რუსთაველზე... ჩვენ გავიმარჯვებთ, სიმართლე ჩვენთანაა, ღმერთი ჩვენთანაა... ნუ გეშინიათ, დავამარცხებთ ბოროტებას“...
თვის ბოლოს ერთი წელი სრულდება, რაც საქართველოში, უმეტესად კი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, ყოველდღიური პროევროპული აქციები იმართება. ამ ერთი წლის განმავლობაში ათობით ადამიანი გაასამართლეს და დააპატიმრეს სისხლის სამართლის წესით, მათ შორის, ჟურნალისტი ქალი.
ასობით ადამიანი დააჯარიმეს ან დააპატიმრეს ადმინისტრაციული წესით. რამდენჯერმე გამკაცრდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.
დაწესდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობებიც განმეორებით ჩადენილ ადმინისტრაციულ დანაშაულზე.
17 ოქტომბრიდან, ანუ კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებების ამოქმედების დღიდან მოყოლებული, გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა უკვე შეეფარდა ათობით ადამიანს.
ამ წუთებშიც, როდესაც ეს სტატია მზადდება (18:50, 5 ნოემბერი), თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს გზის გადაკეტვისთვის დაკავებულთა სასამართლო სხდომები.
ფორუმი