მოკლედ
- დაჯარიმებულ ნათია გაბრავას შსს-მ ისევ უჩივლა.
- ის სოციალურ ქსელში პოლიციის მაღალჩინოსნის შეურაცხყოფისთვის დასაჯეს.
- ნათია გაბრავა სასამართლომ გასულ ზაფხულშიც დააჯარიმა ამავე მუხლით.
- მარტოხელა, 7 წლის შვილის დედა, ამბობს, რომ მზად იყო ამ გადაწყვეტილებისთვის.
- კიდევ ერთი მსგავსი დარღვევა და 28 წლის აქტივისტს, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაემუქროს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ნათია გაბრავას დაჯარიმების გადაწყვეტილება 27 ნოემბერს მისი დასწრების გარეშე მიიღო. აქტივისტი სასამართლო სხდომაზე არ მისულა:
„არ ვაღიარებ [სასამართლოს] სამართლიანი გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოდ“ და მათთან არანაირ თანამშრომლობას არ განვიხილავ, - უთხრა დღეს ნათია გაბრავამ რადიო თავისუფლებას.
რატომ დააჯარიმა მოსამართლემ აქტივისტი?
ნათია გაბრავას შსს ედავება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის, ლაშა სალუქვაძის სიტყვიერ შეურაცხყოფას სოციალურ ქსელში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილით ჩადენილ სამართალდარღვევას.
ამ სადავო პოსტში ის წერდა, რომ პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე, ია მელითაური, „ქალებზე მოძალადე“ პოლიციელმა ლაშა სალუქვაძემ დააკავა, და იქვე, სიტყვებში ასოების ვარსკვლავებით ჩანაცვლებით აგინა კიდეც მას.
„ია მელითაური დააკავეს სალუქვაძეზე პოსტის გამო. ზუსტად ვიცი! გუშინდელ დაკავებულებში ჰყავთ ერთ-ერთი, რომელიც იას ნაცვლად დააკავეს!
ხოდა, სალუქვაძის მოძალადე დედას შე**ცი, სი**ლისიანი **ეკაცა, ეგ!
ახლა დადგეს და მეც დამიჭიროს! ამიიის პატრონს შ**ეცი!“ - დაწერა ნათია გაბრავამ 23 ნოემბერს.
რატომ დააჯარიმეს აქტივისტი 6 თვის წინ?
ჯერ ერთი წელიც არ არის გასული, რაც 28 წლის ქალი, 7 წლის შვილის მარტოხელა დედა, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ იმავე დარღვევისთვის ანუ პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის (173-ე მუხლის მეორე ნაწილი), 5000 ლარით დააჯარიმა ჭავჭავაძის გამზირზე სამართალდამცავის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო.
იმ დღეს აქცია ჭავჭავაძეზე პროევროპული პროტესტისას დაკავებული მათე დევიძის სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა.
ნათია გაბრავა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იხსენებს, რომ ის ერთ-ერთი პოლიციელის ქცევამ გააბრაზა. ამბობს, რომ პოლიციელმა ის აქციაზე სექსუალურად შეავიწროვა:
ნათია გაბრავა საპროტესტო აქციაზე
„იმ დღეს ქორწილში ვიყავი, კაბის გამოცვლა ვერ მოვასწარი და პირდაპირ ასე წავედი აქციაზე. როცა პოლიციამ ჩვენი გზიდან გადაყვანა დაიწყო, ერთ-ერთმა პოლიციელმა მკერდში ჩამიყო ხელი. რომ ვუყვირე, რას აკეთებ-მეთქი, მიპასუხა, ჰოდა, ასე ნუ ჩაიცვამო. თავიდან მშვიდად ვიყავი, ვეუბნებოდი, რომ ეთქვა სახელი და გვარი, თუმცა, ცხადია, არაფერი უთქვამს.
იქვე დავინახე ლაშა სალუქვაძე, მივედი და ვუთხარი, ეთქვა მისი თანამშრომლის სახელი და გვარი, მაგრამ უშედეგოდ. ერთადერთი შედეგი რაც იყო, სალუქვაძემ პოლიციელებს უთხრა, ჩემთვის ზურგი შეექციათ. ამის შემდეგ უკვე ჩემგან იყო შეურაცხმყოფელი სიტყვები მათ მიმართ, რასაც, რა თქმა უნდა, არც ვმალავ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნათია გაბრავა.
კიდევ ერთი სამართალდარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულში გადაიზრდება
ამ ერთი წლის განმავლობაში კიდევ ერთი მსგავსი სამართალდარღვევა, ანუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული საქციელი - სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერი შეურაცხყოფა და ნათია გაბრავას, სავარაუდოდ, უკვე სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლებენ.
ეს ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში „ქართული ოცნების“ ინიციატივით 16 ოქტომბერს შევიდა და ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება.
„ხანდახან უფრო ემოციურად ვუდგები ხოლმე რაღაცებს, მაგრამ საბოლოოდ მაქვს განცდა, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება დამაკავონ სისხლის სამართლის წესით, თუნდაც ამ აბსურდული მიზეზის გამო. დალაგებული მაქვს ისიც, სად და როგორ იცხოვრებს ჩემი შვილი და ალბათ უფრო ამიტომ ვარ თამამი, რადგან ვიცი, რომ რამე - მიხედავენ.
ჩემი ქცევა არ შეცვლილა არც წინა სასამართლოს შემდეგ და არც ახლა შეიცვლება. „ოცნების“ შემუშავებულ უსამართლო კანონებს ერთად და ერთიანად უნდა დავუპირისპირდეთ და ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს“, - ამბობს ნათია გაბრავა.
სამოქალაქო აქტივისტი პროფესიით ოკუპაციური თერაპევტია. უკვე 8 წელია მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან, უმეტესად აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებს ეხმარება სხვადასხვა უნარის გამომუშავებასა და დასწავლაში:
„ვმუშაობ სხვადასხვა ქალაქში, რადგან ჩვენს პროფესიაში ძალიან ცოტანი ვართ, სულ 64-ნი [საქართველოში], და შესაბამისად, ერთ-ერთი საჭირო პროფესიის ადამიანი ვარ, ახლაც თერაპიაზე გავრბივარ. ჩემი საპატიმროში გამოკეტვა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ ჩემს ოჯახზე, არამედ იმ 50 ბავშვზეც, რომლებსაც ყოველდღიურ თერაპიებს ვუტარებ“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.
იურისტი ვერიკო გაგუა ნათია გაბრავას ინტერესებს სასამართლოში გასულ ზაფხულს იცავდა. მისი თქმით, 26 ივნისს, როცა სასამართლო აქტივისტის სამართალდარღვევის საქმეზე მსჯელობდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ნათია გაბრავას სოციალური ქსელისა და პოსტების განხილვა წამოიწყო:
„მე მაშინვე გავაპროტესტე ეს, რადგან იმ სხდომაზე არ განიხილებოდა ნათია გაბრავას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები.
ყოვლად მიუღებელია სოციალურ ქსელში დაფიქსირებული აზრის გამო ადამიანის სამართალდამრღვევად და მეტიც, კრიმინალად გამოცხადება. ეს ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებსაც და აზრის გამოხატვის თავისუფლებასაც. პირველივე პროცესზე აშკარად იყო გამოხატული, რომ, რაკი ნათია აქციების აქტიური მონაწილეა და ჩართულია ამ პროცესში, ამიტომაა მის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი და დასჯის მექანიზმიც ამიტომ არის გააქტიურებული“, - ეუბნება ვერიკო გაგუა რადიო თავისუფლებას.
ჯარიმები სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებისთვის - მოკლე ისტორია
ნათია გაბრავა არ არის გამონაკლისი, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო დააჯარიმეს.
გასულ ზაფხულს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არაერთი მოქალაქე, მათ შორის, აქტივისტები და ჟურნალისტები დააჯარიმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული იმ პოსტებისთვის, რომლებიც მაღალჩინოსნებმა შეურაცხმყოფლად მიიჩნიეს და სამართალდარღვევის, კერძოდ, 173-ე 16 პრიმა მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის დაფიქსირება მოითხოვეს.
ეს მუხლი კოდექსში 2025 წლის 6 თებერვალს გაჩნდა - სწორედ მაშინ, როდესაც პროევროპული აქციებისა და ხანგრძლივი პროტესტის ფონზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არაერთი კანონის გამკაცრება გადაწყვიტა, მაგალითად, შეკრებებზე აკრძალა ლაზერების გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვისა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც.
173-ე 16 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად ითვლება საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება, ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან, ან საქმიანობასთან დაკავშირებით.
ასევე ნახეთ "ეს არის სამართლებრივი აბსურდი" - როგორ იძიებენ და სჯიან ხალხს ჩინოვნიკების შეურაცხყოფისთვისთუმცა ამ მუხლის მიღმაც, სოციალურ ქსელში მაღალჩინოსნისა თუ სამართალდამცავის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მანამდეც არაერთხელ დააჯარიმა სასამართლომ არაერთი მოქალაქე.
ჯერ კიდევ 2022 წელს, ფეისბუკში გამოქვეყნებული სტატუსის გამო ბათუმის რაიონულმა სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო ერთ-ერთი პირი. მან უცენზურო სიტყვებით მოიხსენია პოლიციის თანამშრომლები. ის სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ცნო სამართალდამრღვევად და 2500 ლარით დააჯარიმა.
მალევე სასამართლომ სოციალურ ქსელში, ოღონდ ამჯერად Tiktok-ში, გამოქვეყნებული ვიდეოს გამო ცნო სამართალდამრღვევად ერთ-ერთი კომპანიის კურიერი, ირაკლი მილაძე. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამცავის შეურაცხყოფისათვის ის 2000 ლარით დააჯარიმა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო დაიბარეს გამოკითხვაზე სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი. გამოკითხვაზე დაიბარეს ტელეკომპანია „ფორმულის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და წამყვანი მიშა მშვილდაძეც. მაგალითად, ზუკა ბერძენიშვილის ფეისბუკ-პოსტში უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდების ნიშნები დაინახა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო დაეკისრა 2000-ლარიანი ჯარიმა ქეთევან გაბიანს. თუმცა ამ შემთხვევაში, მის წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს. ქეთევან გაბიანს მაშინდელმა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა უჩივლა.
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, 2023 წლის 15 თებერვალს, თეა წულუკიანმა სოციალურ ქსელში დაწერა: „დღეიდან იგი სისხლის სამართლის დამნაშავეა და არა - ნაცური კეთილშობილების დედამიწაზე დამკვიდრებისათვის მებრძოლი ენჯეო-ამორძალი. ეს მნიშვნელოვანი სასამართლო პრეცედენტია!“
ასევე ნახეთ ასჯერ დაფიქრდი, ერთხელ დაწერე - ხელისუფლების ირიბი გზავნილი სოციალური ქსელის მომხმარებლებსგამოხატვის თავისუფლების კრიმინალიზება
იურისტი მარიკა არევაძე ბოლო ერთი წელია, სასამართლოებში იცავს პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა ინტერესებს. რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე წამოწყებული საქმეები არის „ერთი დიდი კონტექსტის“ ნაწილი, რომელიც საზოგადოებაში პროტესტის შეჩერებას ისახავს მიზნად.
დიდი კონტექსტის ნაწილია ის კანონებიც, რომლებიც „ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ შეცვალა და გაამკაცრა. საბოლოოდ კი, მისი თქმით, საქმე გამოხატვის თავისუფლების კრიმინალიზებამდეც მივიდა:
მარიკა არევაძე, იურისტი
„ჯერ დაიწყო გაზრდილი ჯარიმებით, შემდგომ უკვე ალტერნატივის გარეშე, პირდაპირ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებით და უფრო მეტიც, მოახდინეს გამოხატვის თავისუფლების კრიმინალიზება და აზრის გამოხატვა, რიგი მუხლების ფარგლებში, გახდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
გამოხატვის თავისუფლება მოაქციეს ჩარჩოში, დაავიწროვეს, რომ თითქოსდა სახელმწიფო თანამდებობის პირის შეურაცხყოფა არ შეიძლება და შეურაცხყოფად შეუძლიათ ჩათვალონ ნებისმიერი სიტყვა. და ეს მაშინ, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს პირიქით, თმენის ვალდებულება გააჩნია. ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტთან, რომელსაც, ამ დრომდე იზიარებდა საქართველო“, - ეუბნება რადიო თავისუფლება მარიკა არევაძე.
იურისტები თვლიან, რომ ამ ტიპის ტენდენციის დამკვიდრებით, ხელისუფლება ცდილობს მოქალაქეებში კრიტიკისა და პროტესტის მუხტის ჩახშობას. მათივე განმარტებით, სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად აუცილებელი პირობებია მყისიერი საფრთხე სხვა ადამიანისთვის, მუქარა ანდა ძალადობა.
ასევე ნახეთ ჩინოვნიკების გასაგონად „პირის ამყრალება“ აკრძალულია, პირიქით - არა