ვინ არის სომხეთში დაკავებული მილიარდერი სამუელ კარაპეტიანი?

სამუელ კარაპეტიანი. 2013 წელი

სომხური ეკლესიის მეთაურის კვალდაკვალ, ნიკოლ ფაშინიანი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოთამაშეს, მილიარდერ სამუელ კარაპეტიანს დაუპირისპირდა. მას ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

სამუელ კარაპეტიანი 17-დან 18 ივნისის ღამეს დააპატიმრეს. მანამდე მისი სახლი გაჩხრიკეს. ჩხრეკამდე რამდენიმე საათით ადრე, კარაპეტიანმა News.am-ის ჟურნალისტს უთხრა: „ყოველთვის სომხური ეკლესიისა და სომეხი ხალხის გვერდით ვიყავი. თუ პოლიტიკოსები ამ შეტევას ვერ აღკვეთენ, ჩვენ ჩვენებურად ჩავერევით“.

კიდევ უფრო ადრე, კარაპეტიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „მცირე დაჯგუფებამ“ სომხური ეკლესიის ათასწლოვანი ისტორია და ღვაწლი დაივიწყა:

„მთელი ძალით ვიბრძოლებ სომეხი ხალხის ამ სიწმინდისთვის, სადაც არ უნდა ვიყო და რაც არ უნდა მოხდეს. არავის მივცემ ნებას ჩვენი სიწმინდე შებღალოს“.

სხვადასხვა მონაცემით, კარაპეტიანთან ერთად 20-50 ადამიანია დაკავებული. სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ნარეკ სარქისიანმა განაცხადა: „დაკავებულია ადამიანების ჯგუფი. მიმდინარეობს ოპერატიული სამუშაოები“.

ფაშინიანსა და კათოლიკოს გარეგინ II-ს დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობა აქვთ. პატრიარქი პირდაპირ ითხოვდა პრემიერის გადადგომას 2020 წელს, ყარაბაღის ომში მარცხის შემდეგ. თავის მხრივ, ბოლო თვეებში ფაშინიანმა მაღალი რანგის სასულიერო პირების ჯგუფი უბიწოების აღთქმის დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, თუ აღმოჩნდება, რომ გარეგინ II-ს მართლაც ჰყავს შვილი, ის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი ვეღარ იქნებაო.

ასევე ნახეთ უბიწობის აღთქმა და ხელისუფლების დამხობა - მთავრობისა და ეკლესიის მტრობის ამბავი სომხეთში

უკვე ივნისში პრემიერმა წამოაყენა ინიციატივა, შეიქმნას საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც ახალ საკათალიკოსო არჩევნებს გამართავს.

ვინ არის სამუელ კარაპეტიანი?

59 წლის სამუელ კარაპეტიანმა სიმდიდრე რუსეთში იშოვა. 90-იან წლებში ის სომხეთიდან კალუგაში ოჯახთან ერთად გადავიდა და ბიზნესი წამოიწყო. შემდეგ საქმიანობა მოსკოვშიც გადაიტანა. დღეს ის რუსი მილიარდერების სიაში 44-ე ადგილს იკავებს. „ფორბსს“კარაპეტიანის ქონება 3,2 მილიარდი დოლარით აქვს შეფასებული.

სამუელ კარაპეტიანს ეკუთვნის

  • კომპანია „ტაშირი“ - ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს უძრავი ქონების, ენერგეტიკის, სამშენებლო, სავაჭრო კომპანიებს. ჯგუფში 45 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.
  • სავაჭრო-გასართობი ცენტრების ქსელი „რიო“.
  • სააქციო-კომერციული ბანკი „ფორა-ბანკი“, რომელსაც რუსეთის 18 რეგიონში 175 ფილიალი აქვს.
  • „გრანდ ფუდი“ - ეს კომპანია „ტაშირში“ შედის და რუსეთსა და სომხეთში 142 სარესტორნო ობიექტს აერთიანებს.
  • „სომხეთის ელექტროქსელები“ - ესეც „ტაშირში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც 1 მილიარდზე მეტ მომხმარებელს აწვდის ელექტროენერგიას.

„სომხეთის ელექტროქსელებთან“ დაკავშირებით თავისი გეგმები აქვს ნიკოლ ფაშინიანს, ის ამ კომპანიის ნაციონალიზაციას აპირებს.

„მგონი, მოვიდა დრო „სომხეთის ელექტროქსელების“ ნაციონალიზების. ეს მალე მოხდება და ჩემი ამოცანაა, რომ მისი ყველა თანამშრომელი კეთილსინდისიერად ასრულებდეს მოვალეობას“, - დაწერა მან თავის ტელეგრამ-არხზე.

ასევე ნახეთ სომხეთი ასეთი დამოუკიდებელი და სუვერენული არასოდეს ყოფილა - ფაშინიანი

ნაწყენი რუსეთი

სამუელ კარაპეტიანის დაკავებამ გააბრაზა კრემლი. პუტინის პროპაგანდისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ფაშინიანს ნაძირალა და არარაობა ეძახა.

„ახლო მეგობარი სამუელ კარაპეტიანი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა გამყიდველი, მოღალატე, ნაძირალა ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც გაყიდა სომხეთის ისტორია, ჩააბარა არცახი, გაყიდა ყველაფერი წმინდა, რაც კი სომეხი ხალხის ისტორიაში იყო. ახლა ეს ნაძირალა თურქი თავს უფლებას აძლევს, თქვას: „ეს ქვემო ტაპრი კი არ არის კალუგაში, ეს სომხეთის რესპუბლიკაა. იმედია, სახელმწიფოებრიობის გემოს გაიგებთ“. აი, ამას აცხადებს ნამდვილი პატრიოტის დაკავებაზე“, - სოლოვიოვი მაყურებლის წინაშე ჯერ ამ მონოლოგით წარდგა, შემდეგ სომხებს ეკლესიის დაცვისკენ მოუწოდა, ამ ყველაფრის მერე კი შეაჯამა - მე სომხეთის შიდა საქმეებში არ ვერევიო.

მილიარდერის დაკავებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა. თქვა, რომ მოსკოვი ყურადღებით აკვირდება, თუ რა ხდება რუსეთის მოქალაქის, კარაპეტიანის თავს. კარაპეტიანს ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

„რუსეთი დაეხმარება მას, რომ მისი ყველა უფლება დაცული იყოს“, - თქვა ზახაროვამ.

სამუელ კარაპეტიანის მხარდასაჭერად ერევანში, სასამართლოსთან, ხალხი შეიკრიბა. 18 ივნისი, 2025.

სამუელ კარაპეტიანის სასამართლო სხდომის პარალელურად ისმოდა ხალხის შეძახილები: „სამართლიანობა“, „თავისუფლება“. დაკავებულის ადვოკატები წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან და ასაჩივრებენ.

ასევე ნახეთ სომხეთში ოპოზიცია ირან-ისრაელის კონფლიქტის ფონზე აზერბაიჯანისგან თავდასხმის რისკს ხედავს