სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 107-ე წლისთავზე, 28 მაისს, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა:
„დღეს ჩვენ ისეთი სახელმწიფო გვაქვს, როგორიც არასოდეს გვქონია. ვართ უფრო სუვერენულები, ვიდრე ოდესმე, უფრო დამოუკიდებელი, ვიდრე ოდესმე“.
ფაშინიანმა დასძინა, რომ თავისი მმართველობის პერიოდში სომხეთი „მიღწევების პერსპექტიულ ეპოქაში“ შეიყვანა.
სომხეთის ოპოზიციის ლიდერებმა გააკრიტიკეს ფაშინიანი და დასცინეს კიდეც. ოპონენტების თქმით, ფაშინიანის ლიდერობა არის „კატასტროფული“ ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის.
ისინი მიუთითებენ აზერბაიჯანის გამარჯვებაზე 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომში, ასევე ცვლილებებზე, რომლებსაც ფაშინიანის მიერ ბაქოსადმი დათმობებად აფასებენ.
ნიკოლ ფაშინიანმა სიტყვით გამოსვლისას დაიცვა თავისი მთავრობის შემრიგებლური პოლიტიკა აზერბაიჯანისა და თურქეთისადმი, რამაც, მისი თქმით, სომხებს „გაუჩინა ჩვენი სუვერენიტეტის განვითარების, სახელმწიფოებრიობის რეალიზებისა და მისი შენარჩუნების ისტორიული შესაძლებლობა“.
ერთი მხრივ, 2020 წლის ომის, მეორე მხრივ კი, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, სომხეთის ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკაზე რიტორიკა შეცვალა და აცხადებს, რომ სურს ევროკავშირში ინტეგრაცია; რუსეთის ფედერაციასთან სომხეთს შიგადაშიგ ეძაბება ვითარება.
ფორუმი