Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი ვერ ხედავს სომხეთის „უკრაინიზაციის“ მიზეზს


სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები არარატ მირზოიანი(მარჯვნივ) და სერგეი ლავროვი ერევანში, ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 2025 წლის 21 მაისი
სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები არარატ მირზოიანი(მარჯვნივ) და სერგეი ლავროვი ერევანში, ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 2025 წლის 21 მაისი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სომხეთს უწოდა მოკავშირე და მეგობარი ქვეყანა, რომელსაც „უკრაინიზაციის“ საფრთხე არ ემუქრება.

ლავროვმა დღეს, 21 მაისს ერევანში მოლაპარაკება გამართა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან. შეხვედრის შემდეგ მინისტრების მიერ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლავროვს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, ხომ არ უპირებს რუსეთი სომხეთს იმავეს, რაც უკრაინაში გააკეთა.

„ვერ ვხედავ რაიმე მიზეზებს სომხეთის უკრაინიზაციისთვის. სომხეთი ჩვენი მოკავშირე, ჩვენი მეგობარია. სომხეთი კანონგარეშედ არ აცხადებს რუსულ ენას, რუსულ კულტურას“, - იყო ლავროვის პასუხი. ის, რომ უკრაინა რუსულ ენას და კულტურას ებრძვის, კრემლის პროპაგანდის შემადგენელი ნაწილია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, სომეხ კოლეგასთან დღევანდელი შეხვედრისას განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხები.

როგორც ლავროვმა თქვა, სამხრეთ კავკასიაში პრობლემები და საკითხები თავად რეგიონის ქვეყნებმა და უახლოესმა მეზობლებმა უნდა გადაჭრან.

ლავროვის განცხადებით, რუსეთი დაინტერესებულია სომხეთის აქტიური მონაწილეობით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ). ერევანმა 2024 წლიდან გაყინა თავისი წევრობა ამ რეგიონულ ორგანიზაციაში, რომელშიც სომხეთის გარდა გაერთიანებული არიან რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია 24-ის" კორესპონდენტმა ჰკითხა, ნიშნავს თუ არა სომხეთის მიერ ახალი სტრატეგიული პარტნიორების ძებნას და რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობების შეცვლას ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრისას მისი ამასწინანდელი განცხადება, რომ უსაფრთხოების არსებული არქიტექტურა არაეფექტიანია.

არარატ მირზოიანმა უპასუხა, რომ სომხეთი თავისი მწარე გამოცდილებით დარწმუნდა, რომ ეს არქიტექტურა არ მუშაობს და იძულებული გახდა, თავად დაეწყო სისტემის რესტრუქტურირება. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობებს, მირზოიანის განცხადებით, ერთმანეთის მიმართ ვალდებულებები, უფლებები და განზრახვები მკაფიოდ გაწერილია ხელმოწერილ და რატიფიცირებულ დოკუმენტებში, რომლებიც არავის გაუუქმებია.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, სხვა საკითხია ის, რომ არსებული მექანიზმები ყოველთვის სრულად არ მუშაობდა, მაგრამ ამ ფორმატების შეცვლა ერევნის დღის წესრიგში არ დგას.

სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები გაუარესდა მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე, რაც 2023 წლის სექტემბერში დასრულდა აზერბაიჯანის მიერ თავის შემადგენლობაში ამ რეგიონის დაბრუნებით.

ბოლო ხანს სომხეთის მთავრობამ ურთიერთობების გაღრმავება დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან.







ფორუმი

XS
SM
MD
LG