Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვს ერევანში საპროტესტო აქციით დახვდნენ


საპროტესტო აქცია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ერევანი, 2025 წლის 21 მაისი
საპროტესტო აქცია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ერევანი, 2025 წლის 21 მაისი

ერევანში საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, არარატ მირზოიანის და სერგეი ლავროვის შეხვედრა.

ლავროვი ერევანში 20 მაისს, საღამოს ჩავიდა, მირზოიანს კი დღეს, 21 მაისს შეხვდა.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს პარტიების, „რესპუბლიკისთვის“ და „ევროპული პარტიის“ ლიდერებმა და უფლებადამცველებმა.

მათ თან ჰქონდათ სომხეთის და ევროკავშირის დროშები და რუსეთის პრეზიდენტ პუტინის და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის ფოტოები, წარწერით: „მკვლელები“. პოლიციამ აქციის მონაწილეებს მოსთხოვა სამინისტროს შენობის მოპირდაპირე ტროტუარზე გადასვლა, რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია.

საპროტესტო აქციის შესახებ გავრცელებულ ცნობაში რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა" აქციის მონაწილეები „ანტირუს პროვოკატორებად" მოიხსენია.


ერევანში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს პოლიციამ ტროტუარზე გადასვლა მოსთხოვა
ერევანში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს პოლიციამ ტროტუარზე გადასვლა მოსთხოვა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არარატ მირზოიანი და სერგეი ლავროვი ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებული შემადგენლობით შეხვდნენ.

არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზად არის ეფექტიანი პოლიტიკური დიალოგისა და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის გასაგრძელებლად ორივე სახელმწიფოს და მათი ხალხების ინტერესთა შესაბამისად.

მირზოიანმა და ლავროვმა ხელი მოაწერეს საგარეო საქმეთა სამინისტროების კონსულტაციების 2025-2026 წლების პროგრამას.

სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები გაუარესდა მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე, რაც 2023 წლის სექტემბერში დასრულდა აზერბაიჯანის მიერ თავის შემადგენლობაში ამ რეგიონის დაბრუნებით.

ბოლო ხანს სომხეთის მთავრობამ ურთიერთობების გაღრმავება დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან.









ფორუმი

XS
SM
MD
LG