რა შეურიეს წყლის ჭავლს? - ხელისუფლება ალაპარაკდა, თუმცა არ ამბობს მთავარს

წყლის ჭავლს „უცნაური სუნი“ ჰქონდა, მისი შხეფები კი წვავდა კანს. თუკი დღისით პარლამენტთან ფეხით გაივლიდით, იგრძნობდით ცხვირის, თვალების, ყელის წვას, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა ხველა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი.

მოკლედ

  • რას ყვებიან ის ადამიანები, რომლებიც გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებიდან მოყოლებული ებრძვიან ჯანმრთელობის პრობლემებს?
  • რას არ ამბობს ხელისუფლება წყლის ჭავლში გარეულ ქიმიურ ნივთიერებებზე?
  • რას ამბობენ BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე ყოფილი და ახლანდელი მაღალჩინოსნები?
  • რას ამბობენ ტოქსიკოლოგები?
  • რატომ ითხოვენ იურისტები და უფლებადამცველები საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას?
დემონსტრანტები, ვინც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაშლაში მოყვნენ, დღემდე განიცდიან ჯანმრთელობის პრობლემებს. უკავშირდება თუ არა ეს ქიმიური ნივთიერებების დამატებას წყლის ჭავლში, რომლელთა დასახელებას ხელისუფლება მისი გამოყენებიდან ერთი წლის შემდეგაც არ ასაჯაროებს?

არტერიული წნევის ცვალებადობა, მხედველობის გაუარესება, გულსისხლძარღვთა პრობლემები, დაუდგენელი დიაგნოზები, სხვადასხვაგვარია იმ სიმპტომებისა და დაავადებების ჩამონათვალი, რასაც აქციის მონაწილეების ნაწილი დღემდე უჩივის.

ისინი, რადიო თავისუფლებას უყვებიან, რომ შერყეული ჯანმრთელობის გამო მათი ცხოვრების ხარისხი უკიდურესად გაუარესდა - დაკარგეს სამსახური, ვეღარ გააგრძელეს სწავლა. კვლევებსა და მკურნალობაზე დახარჯული ფული კი ათასობით ლარს აღწევს.

მათი ემოციური მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა 30 ნოემბერს, BBC-ის მიერ გამოქვეყნებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ აქციების მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცავებმა, შესაძლოა, გამოიყენეს I მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური აგენტი, ბრომობენზილ ციანიდი, რომელსაც საფრანგეთის არმიაში „კამიტის“ სახელით იცნობდნენ.

„კამიტი“ ქიმიური იარაღია - ძლიერი და ხანგრძლივი მოქმედების ტოქსიკური ნივთიერება.

გამოძიების თანახმად, ბრომობენზილ ციანიდი წყლის ჭავლში უნდა ყოფილიყო შერეული.

რუსთაველის გამზირი, 3 დეკემბერი, 2024 წელი

რის გაგებას ითხოვდნენ ჟურნალისტები, ექიმები, ხალხი ჯერ კიდევ შარშან?

ზუსტად ერთი წლის წინ, როცა ყოველ საღამოს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს სამართალდამცავები უხეში ძალის გამოყენებით, ცრემლმდენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით შლიდნენ, აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი ამბობდა, რომ ის სიმპტომები, რომლებიც მათ წყლის ჭავლისა თუ ცრემლმდენი გაზის გაფრქვევის შემდეგ ჰქონდათ, გაცილებით მძიმე, ხანგრძლივი და რთულად გასამკლავებელი იყო წინა, 2023 და 2024 წლის გაზაფხულის აქციების დაშლისგან განსხვავებით.

ამბობდნენ, რომ წყლის ჭავლს „უცნაური სუნი“ ჰქონდა, მისი შხეფები კი წვავდა კანს.

და თუკი დღისით, რუსთაველის გამზირზე, განსაკუთრებით პარლამენტის სიახლოვეს, ქაშუეთთან, კლასიკურ გიმნაზიასთან ფეხით გაივლიდით, იგრძნობდით ცხვირის, თვალების, ყელის წვას, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა ხველა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი.

წყლის ჭავლი რუსთაველის გამზირზე, 2024 წელი

იმ დღეებში, პარლამენტის მომიჯნავე ტერიტორია გაჟღენთილი იყო გაურკვეველი ნივთიერებით. ექიმებმა, რომლებსაც აქციების დაშლისას დაზიანებული პაციენტები აკითხავდნენ, ჯანდაცვის სამინიტროს პეტიციით მოუწოდეს, გამოეთხოვათ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაცია იმ ქიმიური ნივთიერებების შესახებ, რომლებსაც პოლიცია იყენებდა.

მაშინ ექიმები ამბობდნენ, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო ცოდნა, თუ რა ტიპის ნივთიერებები გაიფრქვა რუსთაველის გამზირზე, რათა დაედგინათ მკურნალობის შესაბამისი მეთოდები. მათი ეს მოწოდება უპასუხოდ დარჩა.

ასევე ნახეთ საშიში ნაძვის ხე? - როგორი ჰაერია პარლამენტთან, რატომ დუმან უწყებები

ხელისუფლების დუმილი

კითხვაზე, კონკრეტულად რა ნივთიერება გამოიყენა ხელისუფლებამ მომიტინგეების დასაშლელად და რა რაოდენობით, პასუხი ერთი წლის თავზეც არ არის.

ასევე ნახეთ "ყველა დეტალი ფხვნილთან დაკავშირებით გასაჯაროვდება" - კობახიძე წყალში "კამიტს" გამორიცხავს, თუმცა არ ასახელებს კონკრეტულ აგენტს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და მთავრობის ხელმძღვანელმა 3 დეკემბერს აღიარა, რომ ტოქსიკური ნივთიერება დამატებული იყო ჭავლში, მაგრამ არა კამიტი, თუმცა თქვა, რომ ვარაუდობს - აკრძალული ქიმიური აგენტი არ იყო გამოყენებული, თუმცა დეტალებს მხოლოდ გამოძიება გაასაჯაროვებს.

რა ნივთიერება დაამატეს წლის ჭავლს - ამ კითხვაზე პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროს შარშან უნდა გაეცა და ახლაც, გამოძიებამის დარსულებამდე არ უნდა იყოს რთული - საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით არსებობს პროტოკოლი, რა ქიმიური საშუალებების გამოყენებაა ნებადართული დემონსტრაციების დასაშლელად, როგორ და რა რაოდენობით.

მაგალითად, ნებადართულია, Chloroacetophenone (CN), Chlorobenzylidenemalononitrile(CS), OC gas, მათ კონვენციური საშუალებები ჰქვია და ასევე უწოდებენ Riot-control Agents, ანუ დემონსტრაციების დასაშლელად განკუთვნილ საშუალებებს.

ატმოსფეროში გაფრქვევის შემდეგ, მათი მოქმედება, როგორც წესი, არ აღემატება ერთ საათს - წვავს თვალებს, იწვევს ხველას, აძნელებს სუნთქვას და ადამიანებს ინსტიქტურად აიძულებს, რომ სწრაფად გაეცალონ იმ ტერიტორიას, სადაც ეს ნივთიერება გაიფრქვევა.

თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუკი აგენტები გაიფრქვევა საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული რაოდენობით, დადგენლი დროის შუალედით, ადამიანების რაოდენობისა და სივრცის გათვალისწინებით.

რუსთაველის გამზირი, 4 დეკემბერი, 2024 წელი

თუკი ეს სტანდარტები დარღვეულია, კონვენციური საშუალებების შემთხვევაშიც კი, სიმპტომები არის გაცილებით მძიმე, ხანგრძლივი და აზიანებს ჯანმრთელობას - მაგალითად, იწვევს ქიმიურ დამწვრობას, მხედველობის დროებით ან მუდმივ დაზიანებას, ფილტვების შეშუპებას, ხანგრძლივ ხველასა და ქოშინს, თავბრუსხვევას, პანიკურ შეტევებს.

სუნთქვის გაძნელება, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები და სხვა სიმპტომები შესაძლოა გაგრძელდეს თვეების განმავლობაშიც კი. გადამეტებული რაოდენობით გამოყენება, ამ აგენტებს უკვე აქცევს ქიმიურ მომწამვლელ საშუალებად და ითვლება სამართალდამცავების მხრიდან ძალის არაპროპორციულ გამოყენებად.

ის, რომ წყლის ჭავლი ნამდვილად წვავდა ხალხს და ის, რომ წყლის ჭავლში ნამდვილად იყო გარეული ნივთიერება, ეს რადიო თავისუფლების კითხვაზე საპასუხოდ, ჯერ კიდევ შარშან დაადასტურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ:

„საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, წყლის ჭავლში იყოს გარეული შესაბამისი ნივთიერებები, გაზი იქნება თუ სხვა რამ“.

რა არის ეს „სხვა რამ“, ამ მთავარ კითხვაზე პასუხი საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე არ გაუცია.

2024 წლის დეკემბრის მსგავსად, რადიო თავისუფლებამ ახლაც მიმართა კითხვებით ჯანდაცვის სამინისტროს აქციების დაშლისას გამოყენებული გაურკვეველი ნივთიერებისა და ადამიანების ჯანმრთელობის გაუარესების ფაქტების შესახებ.

უწყებამ უკან დაგვიბრუნა კითხვები და მოგვწერა, რომ ინფორმაციას მხოლოდ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრინციპით მივიღებთ.

საუკეთესო შემთხვევაში, ამ კითხვებზე პასუხი, ჯანდაცვის სამინისტრომ შესაძლოა, ერთი თვის შემდეგ მოგვწეროს.

კითხვების ჩამონათვალი კი ასეთა:

  1. აქვს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის ნივთიერებები უნდა გამოიყენებოდეს სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან აქციების დაშლისას და რა დოზებია დასაშვები, რომ არ მოხდეს მოქალაქეების ჯანმრთელობის ხანგრძლივად მოშლა?
  2. აქვს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია, რა ნივთიერებებს იყენებენ სამართალდამცავი უწყებები აქციების დაშლისას და აძლევს თუ არა სამინისტრო რეკომენდაციებს (შესაძლოა, ეს დოკუმენტშიც იყოს ასახული და მიგვითითეთ დოკუმენტიც) სამართალდამცავ სტრუქტურებს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ?
  3. მას შემდეგ, რაც ნოემბერ-დეკემბრის აქციებისას და მომდევნო თვეებშიც, ასეულობით ადამიანი მიუთითებდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, მოიძია თუ არა ჯანდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია სამართალდამცავი სტრუქტურებიდან, რა ნივთიერებები გამოიყენეს მათ აქციის მონაწილეების დასაშლელად?
  4. თუ კი, მიიღეთ თუ არა მათგან პასუხი და რა ნივთიერებებზე მიუთითებდნენ სამართალდამცავი უწყებები?
  5. ახლა, როდესაც გამოქვეყნდა BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება, ასევე გამოძიება დაიწყო სუს-მა, მიმართეთ თუ არა სამართალდამცავ სტრუქტურებს, როგორც ჯანდაცვაზე პასუხისმგებელმა მთავარმა ორგანომ, რომ მოგაწოდონ ინფორმაცია ნოემბერ-დეკემბერში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შესახებ?
  6. გეგმავს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო, როგორც ჯანდაცვაზე პასუხისმგებელი მთავარი უწყება, გააკეთოს განცხადება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ?
  7. ხომ არ გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო გაავრცელოს რეკომენდაციები იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აქვთ ეჭვი, რომ ისინი შესაძლოა, ქიმიური იარაღით იყვნენ მოწამლულები?
  8. ხომ არ აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო ასეთი ადამიანების აღრიცხვას და მათთვის გარკვეული კვლევების ჩატარებას?

სანამ ჯანდაცვის სამინისტროს პასუხს მივიღებთ, რადიო თავისუფლება გიამბობთ გაზით მოწამლულთა (სამედიცინო) ისტორიებს.

ერთ ღამეში თითქოს 20 წლით დავბერდი

19 წლის ქეთო ხომერიკის ცხოვრება 2024 წლის დეკემბრის დასაწყისიდან სრულიად შეიცვალა. სამართლის სტუდენტი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ბოლო ერთი წელია, ვეღარ ესწრება ლექციებს. უჭირს დიდხანს ფეხზე დგომა. აქვს არტერიული წნევის უეცარი ცვალებადობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.

რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ სიმპტომებით ცხოვრება მისი ყოველდღიურობა გახდა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამედიცინო კვლევებში ათასობით ლარი დახარჯა. ამბობს, მხოლოდ ბოლო 10 დღეში ჩატარებულ კვლევაში 800 ლარი გადაიხადა, თუმცა, დიაგნოზს, ამ ეტაპზე, ექიმები ვერ სვამენ. ერთადერთი დიაგნოზი, რომელიც მას დაუდგინეს სინუსების (ცხვირის წიაღების) ანთება იყო:

ქეთო ხომერიკი აქციის დაშლის შემდეგ, დეკემბერი, 2024 წელი

„კარგი, მე დედა მყავს და დედამ გადამიხადა გამოკვლევების ფული, ვისაც არ აქვს ამის საშუალება, იმან რა ქნას?“, - ამბობს ქეთი ხომერიკი, რომელიც სამართლებრივი დავის წამოწყებას გეგმავს ჯერ საქართველოში და შემდგომ საერთაშორისო დონეზე:

„BBC-ის გამოძიების ნახვის შემდეგ კიდევ უფრო გამიმძაფრდა უსამართლობის განცდა. მე სამართალზე ვსწავლობ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიპოვო სამართალი, ამიტომ აუცილებლად მექნება სამართლებრივი რეაგირება“.

ქეთო ხომერიკი დეკემბრის პირველ დღეებში მოექცა წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი აირის გარემოცვაში - დაკარგა გონება და მთელი ღამის განმავლობაში ცუდად იყო. ჯანმრთელობა მეორე დღესვე გაუუარესდა.

„ ერთ ღამეში თითქოს 20 წლით დავბერდი.

ჯანმრთელობის პრობლემები დღესაც მაქვს - ცვალებადი წნევა, რომელიც არცერთ მედიკამენტს არ ემორჩილება. უცებ შეიძლება 160-მდე ამივარდეს წნევა და მეორე წუთას 90-მდე დავარდეს. წამალსაც ვერ სვამ ასეთ დროს.

დღემდე დავდივარ გამოკვლევებზე, მაგრამ ექიმები ვერ მიდგენენ დიაგნოზს. ისეთი ანალიზები ჩამიტარეს, აქამდე ისიც კი არ ვიცოდი, თუ არსებობდა. ანალიზები ჯანმრთელობის პრობლემას არ აჩვენებს, მაგრამ ფიზიკურად იმდენად ცუდად და სუსტად ვარ, რომ 15 წუთიც რომ ვდგავარ ფეხზე, საშინლად ვიღლები. მტკივდება ძვლები, მინდა, რომ სადმე ჩამოვჯდე.

დავიფიცებ, რომ არასდროს მქონია თავბრუსხვევა. მაგრამ ბოლო ერთი წელია, როგორც კი ფეხზე ვდგები, მაშინვე საშინელი თავბრუსხვევა მეწყება. მთელი წელია ლექციებზე ვერ დავდივარ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ერთადერთი, რაც ექიმებმა აღმოაჩინეს, ეს იყო სინუსების ანთება. სხვა დიაგნოზს, ამ ეტაპზე, ვერ სვამენ“, - უყვება ქეთო ხომერიკი რადიო თავისუფლებას.

იხსენებს კიდევ ერთ სიმპტომს: "დარბევიდან მეორე დღეს, უნივერსიტეტთან აქციაზე წავედი, იქ დამეწყო ყურში საშინელი ხმაური, ე.წ. წუილი და სამი თვის განმავლობაში არ გაჩერებულა."

რას ამბობს BBC-ს გამოძიება?

საფუძვლიანი ვარაუდები, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დაშლისას, სამართალდამცავებმა წყლის ჭავლში შერეული ბრომობენზილ ციანიდი გამოიყენეს, BBC-მ რამდენიმე ფაქტორს დააფუძნა.

გარდა იმისა, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრაციების მონაწილეები აღწერდნენ, შსს-ის მიერ გამოყენებულ სპეცსაშუალებების ეფექტს, ქიმიური იარაღის გამოყენების ვარაუდის ერთ-ერთი საფუძველი გახდა გდდ-ის ინვენტარის აღმწერი - 2019 წლით დათარიღებულ დოკუმენტი და მასში მითითებული ორი ქიმიური პროდუქტის კოდი - „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“.

გამომძიებელი ჟურნალიტები ასევე დაეყრდნენ შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნების, ლაშა შერგელაშვილის (გდდ-ის შეიარაღების სამსახურის ყოფილი უფროსი 2022 წლამდე) და გიორგი შაიშმელაშვილის (გდდ-ის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის) ინტერვიუებს და ექიმების მიერ ჩატარებულ სიმპტომების ხანგრძლივ კლინიკურ კვლევას.

BBC-ის გამოძიების თანახმად, გამოყენებული ნაერთი შეიძლება იყოს ბრომბენზილ ციანიდი, იგივე „კამიტი“, რომელიც შედის „UN3439“ ქიმიური ფხვილების ჯგუფში.

ასეთ დასკვნას იზიარებენ BBC-ის მიერ გამოკითხული ქიმიური შეიარაღების ექსპერტები და ტოქსიკოლოგები, რომელთა შეფასებით, კამიტი იძლევა იმ ეფექტსა და სიმპტომებს, რომელიც აღწერილია როგორც დაზარალებულთა, ასევე ქართველი ექიმების ჩატარებულ გამოკვლევაში.

ექიმ კონსტანტინე ჩახუნაშვილის, რომელიც თავადაც დღემდე მონაწილეობს დემონსტრაციებში, და მისი კოლეგების კვლევის მიზანი მიზანი იყო დაედგინათ არა ის, თუ რა ნივთიერება გამოიყენეს აქციის მონაწილეთა დასაშლელად, არამედ აღენუსხათ ის კლინიკური სიმპტომები, რომლებიც აქციების დაშლისას მოწამლულებს დიდხანს, კვირების განმავლობაში გაუგრძელდათ.

მკვლევრებმა აქციების მონაწილე 350 ადამიანი გამოჰკითხეს სპეციალური კითხვარის საშუალებით. 69 მათგანს ექიმებმა სამედიცინო გამოკვლევაც ჩაუტარეს.

გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ამბობდა, რომ „რაიმე სახის გვერდითი ეფექტი შეუნარჩუნდა“ სპეციალური საშუალებების გამოყენებიდან ერთი თვის განმავლობაში - თავის ტკივილი, დაღლილობა, ხველა, ქოშინი ან ღებინება. ეს კვლევა გამოქვეყნდა პროფესიულ ჟურნალ Toxicology Reports-ში. ეს პორტალი ღია, ანუ ყველასთვის ხელმისაწვდომი წყაროა.

„აუტანელ, საშინელ რეალობაში ვცხოვრობ“

49 წლის მკვლევარი, ქეთო პაპუნაშვილი, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, დღეს აქციებზე ვეღარ დადის.

ჯანმრთელობის პრობლემების გამო წამოვიდა სამსახურიდანაც.

ნოემბერ-დეკემბერში, აქციების დაშლისას მოწამლულ ქალს მალევე დაეწყო „მხედველობის გაორება“. მისი დიაგნოზი უცნობია. სიმპტომები ჰგავს მიასთემიურ სინდრომს (ნერვკუნთოვანი კავშირის დამაზიანებელი დაავადება), მაგრამ კვლევებით ეს დიაგნოზი არ დგინდება.

დღეს ქეთო პაპუნაშვილს ქუჩაში დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. დადის უსინათლოთათვის განკუთვნილი ჯოხით, რათა შემთხვევით, გაორებული მხედველობის გამო, რაიმეს არ დაეჯახოს.

„როდესაც მხედველობის გაორება დამეწყო, მივედი თვალის ექიმთან, გამომიკვლიეს და თქვეს, რომ ეს პრობლემა არ მომდინარეობდა თვალიდან და გამიშვეს ნევროლოგთან. მკურნალობის მეორე კურსს გავდივარ, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ."

ქეთო პაპუნაშვილი აქციაზე

ექიმები ერთმნიშვნევლოვნა ვერ პასუხობენ ქეთოსთვის მნიშვნელოვან კითხვას - შეიძლება თუ არა მისი ჯანმრთელობის შერყევა იყოს მოწამვლის შედეგი? "არ ვიცით, რა ნივთიერება იყო, ამის თეორიული შანსი არსებობდა, მაგრამ ამის დადასტურება არ შეეძლოთ. ეს მითხრეს ნევროლოგებმა, ეს აქვს ნათქვამი ორ ოფთალმოლოგს. ყველა მეუბნება, რომ ამის თეორიული შანსი არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად ამის დადასტურება არ შეუძლიათ“, - ამბობს ქეთო პაპუნაშვილი, რომელიც მდგომარეობას, რომელშიც ახლა ცხოვრობს, აუტანელს უწოდებს:

„ქუჩაში რომ გავდივარ, საგნებს, ადამიანებს ვხედავ გაორებულად. მაგალითად, შეიძლება დავინახო, რომ ბავშვს ეჯახება ავტობუსი, თუმცა, რეალურად, ეს ბავშვი და ავტობუსი ერთმანეთისგან შორს არიან, მე კი მათ შორის სივრცეს გაორებული მხედველობის გამო ვერ აღვიქვამ და მეწყება საშინელი შფოთვა.

ფაქტობრივად, ვიქეცი შშმ პირად. შემეცვალა ცხოვრების წესი, ვეღარც ვმუშაობ, ვეღარც ვსწავლობ, დამიქვეითდა კოგნიტური უნარები. ელემენტარული რაღაცების კეთებაც კი აღარ შემიძლია, მაგალითად, შეიძლება, ყავა ვერ ჩავყარო ჭიქაში, რადგან ვერ მივხვდე, რეალურად სად დგას ჭიქა. ჩემი ცხოვრება ახლა მუდმივ ტრავმებთან არის დაკავშირებული, ხან სად ვეცემი, ხან რას ვეჯახები. აი, ამაში მაცხოვრებენ, ვიტანჯები“, - უყვება რადიო თავისუფლებას 49 წლის ქალი და ბრაზობს, რომ აქციებზე სიარულს ვეღარ ახერხებს:

„ჩემთან მიმართებაში მათ ზუსტად გამოუვიდათ ის, რაც სურთ, რომ ხალხი აღარ გამოვიდეს ქუჩაში. ეს მათ გამოუვიდათ, რადგან მე ვეღარ დავდივარ აქციებზე. 40 ადამიანს 80-ად ვხედავ. ფიგურები ერთმანეთში გადადიან, აუტანელ მდგომარეობაში ვარ“.

რა თქვეს ყოფილმა და მოქმედმა მაღალჩინოსნებმა?

აქციების დაშლისას, ბრომობენზილ ციანიდის წყლის ჭავლში შერევის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პირველ დეკემბერს „იმედთან“ განაცხადა:

„ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები, ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ „ნაცებმა“ კატა გამოთხარეს“.

„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა (გეკა) გელაძემ კი 2 დეკემბერს თქვა:

„მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც კი განხორციელებულა ამ მიმართულებით და სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუსყიდია ე.წ. კამიტი“.

3 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დაშლისას წყლის ჭავლში "გარეული" იყო გარკვეული ნივთიერება. თუმცა, კიდევ ერთხელ უარყო, რომ ეს იყო „კამიტი“.

„მინდოდა მცოდნოდა, რა ნივთიერებით ვიყავი მოწამლული“

43 წლის თამარ კანკავა თბილისში გამართული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. გასულ წლებში, არაერთხელ მოყოლილა აქციების დაშლისას წყლის ჭავლში, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, ნოემბერ-დეკემბერში მან სულ სხვა უარყოფითი გამოცდილება მიიღო:

„გასული წლის გაზაფხულზე, როცა აქცია წყლის ჭავლით დაშალეს, ეს სიმპტომები არ მქონდა. ამჯერად კი მქონდა გაუსაძლისი ხუთვა, ხველა, სუნთქვის გაძნელება და რაც მთავარია, ეს გაგრძელდა ძალიან დიდხანს.

წვა იყო უფრო ინტენსიური. თუკი წინა აქციებისას ვიცოდით, როგორ გავმკლავებოდით ამ ნივთიერებებს, როგორ ჩამოგვებანა სახე, თვალები და ა.შ. ნოემბერ-დეკემბერში ეს ჩვენი მეთოდები აღარ ან ძალიან ნაკლებად მუშაობდა. ყველაზე ნიშანდობლივი იყო ხანგრძლივი ღებინება, რომლიც დაახლოებით 5-6 საათის განმავლობაში გამიგრძელდა“.

თამარი ვარაუდობს, რომ მისი გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაშლისას გამოყენებულ ქიმიურ ნივთიერებას უკავშირდება:

თამარ კანკავა

„მიუხედავად იმისა, რომ ქრონიკული დაავადების მატარებელი ვარ, ამ დაავადებასთან წლებია ვცხოვრობ და არასდროს შეუქმნია პრობლემა. თუმცა, მოწამვლის შემდეგ დამეწყო ისეთი სიმპტომების გამოვლენა, რაც ადრე, ჩემი ქრონიკული დაავადების მიუხედავად, არასდროს მქონია და არც უნდა მქონოდა“.

ეს სიმპტომები თამარს აქციების დაშლიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დაეწყო და როგორც თვითონ ამბობს, გახდა უმართავი:

„მაღალი წნევა, რომელიც აბსოლუტურად აღარანაირ კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა. ორჯერ მქონდა ინსულტის რისკი. წნევა მაღლა იწევდა ყველანაირი წინაპირობის გარეშე, ვერაფერთან ვაკავშირებდით ამ პროცესს, აღარ ექვემდებარებოდა მედიკამენტოზურ მკურნალობას.

ბოლო ერთი წელია, სულ მქონდა ეჭვი, რომ ჩემი გაუარესებული ჯანმრთელობის პრობლემები ინტოქსიკაციას უკავშირდებოდა. როდესაც მივდიოდი მკურნალ ექიმებთან, ჩემი ოჯახის წევრებთან, რომლებიც ასევე ექიმები არიან, ყოველთვის ვაფიქსირებდი, რომ მქონდა ეჭვი, რომ ეს იყო ინტოქსიკაციის მიზეზი. ძალიან მინდოდა მცოდნოდა, რა ნივთიერებით ვიყავი მოწამლული, რომ შემდეგ უფრო კონკრეტული კვლევები დამეწყო“.

43 წლის ქალი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ დაეწყო კოორდინაციასთან დაკავშირებული პრობლემებიც და გარკვეული პერიოდი, მხოლოდ ჯოხის დახმარებით გადაადგილდებოდა: „როდესაც ვიდექი, მაშინაც კი მეგონა, რომ ვიქცეოდი. ეს გაგრძელდა თვეების განმავლობაში“.

ამასთან ერთად, თამარს მკვეთრად გაუუარესდა მხედველობა: „ათ წელზე მეტია ერთი და იმავე ნომრის სათვალეს ვიყენებდი. ბოლო ერთ წელში, ერთნახევარი ზომით გამიუარესდა მხედველობა. როდესაც ვისაუბრე ჩემს ექიმთან, მან არ გამორიცხა, რომ ჩემი მხედველობის გაუარესება გარეგან ზემოქმედებას შეიძლებოდა უკავშირდებოდეს“, - ეუბნება თამარ კანკავა რადიო თავისუფლებას.

სუს-ში დაწყებული გამოძიება და გამოკითხვაზე დაბარებული ექიმები და BBC-ის სხვა რესპონდენტები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, პირველ დეკემბერს, გამოძიება დაიწყო ორი მუხლით. „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“.

„გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია“, - განაცხადეს სუს-ში და დააზუსტეს:

„ერთი მხრივ, გავრცელებული მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, მიმართულია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ, არსებითად არღვევს მათი და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს“;

„მეორე მხრივ, პირიქით, შეიცავს იმ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ“.

2 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომლის მიერ ჩატარებული კვლევაც BBC-ის რესპონდენტებმა, უცხოელმა ტოქსიკოლოგებმა გაანალიზეს.

გამოკითხვაზე დაიბარეს ასევე კვლევის კიდევ სამი თანაავტორი, დავით ჩახუნაშვილი, გოგი ჩახუნაშვილი და კარდიო-რევმატოლოგი, გელა ღუნაშვილი და საგამოძიებო ფილმის რესპოდენტები.

ასევე ნახეთ BBC-ის ფილმის გამო გამოკითხეს გიორგი ჩახუნაშვილი, ეკა გიგაური და თამარ ონიანი

2 დეკემბერს გამოკითხვიდან გამოსულმა ექიმმა თქვა, რომ მას შთაბეჭდილება დარჩა, რომ გამომძიებლებს უნდათ, მისი კვლევა და საგამოძიებო მასალა ერთმანეთს დაუკავშირონ:

„დღეს რაც ტრიალებს მედიაში, ძირითადად არის ის, რომ უნდათ თქვან, რომ ჩვენი კვლევა უდევს საფუძვლად იმ დასკვნას, რომ გამოიყენეს კონკრეტული ნივთიერება, რაც ჩვენი კვლევის საგანი არ ყოფილა. კონკრეტული წუთი და წამი დავუსახელე, სადაც BBC კონკრეტულად ამას ამბობს [...] რომ ამ კვლევის საფუძველზე ვერ დადგინდა კონკრეტული აგენტი რაც იყო, იმიტომ რომ არ იყო ჩვენი მიზანი ეს რომ შეგვესწავლა...

ჩემი აზრით, მათ უნდათ თქვან, რომ BBC დაეყრდნო ჩვენ კვლევას, როდესაც ეს თქვა, ამით მოახდინონ BBC-ს დისკრედიტირება და შესაბამისად ისე გამოიყვანონ, თითქოს BBC ჩვენ კვლევაზე დაფუძნებით ამბობს იმას, რასაც ამბობს, რაც რეალობას არ შეესაბამება“, - თქვა გამოკითხვიდან გამოსულმა ექიმმა 2 დეკემბერს, გვიან ღამით.

ასევე ნახეთ BBC-სთვის ინტერვიუს მიცემის გამო სუსმა დაიბარა ზვიად მაისაშვილი

„ექიმები მეკითხებოდნენ, კლუბური ნარკოტიკი ხომ არ მქონდა მიღებული“

ვერაფრით დაადგინეს ექიმებმა, რა იწვევს ჟურნალისტის, ქეთი თუთბერიძის ბრადიკარდიას, გულის ცემის შენელებას.

დეკემბრის შემდეგ მას ორჯერ ჰქონდა ბრადიკარდიის შეტევა. დასჭირდა ჰოსპიტალიზაციაც.

წყლის ჭავლში პირველად 29 ნოემბერს მოჰყვა, თუმცა, ორ დეკემბერს, წყლის ჭავლთან ერთად, ფეხებთან აუფეთქდა ცრემლმდენი გაზის კაფსულაც:

ქეთი თუთბერიძე აქციის დაშლის შემდეგ, დეკემბერი, 2024 წელი

„მქონდა ასფიქსიის, გაგუდვის შეგრძნება. რაღაც მომენტში მეგონა, რომ ვკვდებოდი. მაშინვე მივხვდი, რომ ეს არც ჩვეულებრივი წყალი იყო და არც ჩვეულებრივი გაზი. ორჯერ მოვხვდი სასწრაფოში. სატურაცია მქონდა დავარდნილი.

ყველაზე საინტერესო ისაა, რაც მერე დაიწყო - ბრადიკარდიის შეტევები. ჯერ დეკემბერშივე და შემდეგ უკვე გაზაფხულზე. მე მაქვს აბსოლუტურად ჯანმრთელი გული და გამაოგნებელი იყო ექიმებისთვისაც, მეკითხებოდნენ კიდეც, რაიმე კლუბური ნარკოტიკული საშუალება ხომ არ მქონდა მიღებული.

ამასთანავე, შეიცვალა ჩემი სისხლის საერთო ანალიზი - გაიზარდა ლიმფოციტების რაოდენობა, რასაც ექიმები დღემდე ვერაფერს უკავშირებენ. მაქვს ჰაერის უკმარისობა, სატურაციის აპარატიც კი შევიძინე. ამასთანავე, მარცხენა მხარეს დამიტოვა თავის ტკივილი“, - ეუბნება ქეთი თუთბერიძე რადიო თავისუფლებას, რომელიც ახლა, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ წყლის ჭავლში, სავარაუდოდ, გამოყენებული იყო I მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური აგენტი, ბრომობენზილ ციანიდი, კიდევ ერთხელ აპირებს გამოკვლევების ჩატარებას.

რას ეუბნებიან BBC-ს ტოქსიკოლოგები?

BBC-ის ერთსაათიან საგამოძიებო ფილმსა და ვრცელ სტატიაში, გამომძიებელი ჟურნალისტები არ ამტკიცებენ, რომ წყლის ჭავლში, რომელიც გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის დასაწყისში, რუსთაველის გამზირზე, ყოველ საღამოს უხვად გაიფრქვეოდა, ჰქონდა ინტენსიური სუნი და წვავდა კანს, დანამდვილებით შერეული იყო ბრომობენზილ ციანიდი.

თუმცა, ისინი საფუძვლიან ვარაუდს გამოთქვავენ მისი გამოყენების შესახებ მათ მიერ მოპოვებული მასალისა და ამ მასალის თაობაზე ტოქსიკოლოგებთან და ქიმიური იარაღის ექსპერტებთან გასაუბრების საფუძველზე.

ტოქსიკოლოგი, ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორი, კრისტოფერ ჰოლსტეგი BBC-სთან საუბრისას, მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჰიპოთეზას გამოთქვამს, რომ ეს შესაძლოა იყოს ქიმიური ნივთიერება სახელად „კამიტი“.

„არსებული მონაცემების საფუძველზე… როგორც უშუალოდ ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფთა კლინიკური ნიშნები, ასევე სხვა მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება ბრომობენზილ ციანიდის ზემოქმედებას“.

მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გავრცელებული კლინიკური ნიშნები გამოწვეული ყოფილიყო იმ საშუალებებით, რომლებსაც, როგორც წესი, მასობრივად იყენებენ დემონსტრაციების დასაშლელად, მათ შორის CS გაზით:

„სიმპტომების ხანგრძლივობა არ შეესაბამება ტიპურ ქიმიურ აგენტებს, რომლებიც ადამიანთა ჯგუფის კონტროლისთვის გამოიყენება, განსაკუთრებით CS გაზს“, - ამბობს BBC-სთან საუბრისას პროფესორი ჰოლსტეგი.

(მისი ეს ციტატები შეტანილია BBC-ის გამოძიების ტექსტურ ვარიანტში, სტატიაში. რ.თ).

„დადასტურებული არგუმენტით ვერ ვიმსჯელებ, რომ "კამიტი" იქნა გამოყენებული“

რადიო თავისუფლება ესაუბრა ტოქსიკოლოგს, რომელსაც თავადაც ჰქონდა კომუნიკაცია აქციებზე დაზარალებულ რამდენიმე პაციენტთან.

როგორც ის გვეუბნება, ბრომბენზილ ციანიდით მოწამლულ ადამიანს, გარდა ხილულად შესამჩნევი მწვავე სიმპტომებისა, ცვლილებები უნდა ჰქონდეს სისხლშიც.

ერთ-ერთი ასეთი დამახასიათებელი ცვლილება, მისი თქმით, ეს არის ლაქტატის მკვეთრი მატება, რომელიც მას არ დაუფიქსირებია:

„ნებისმიერ ვერსიას აქვს უფლება, რომ იარსებოს და რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა დაისვას კითხვები, მაგრამ როგორც ტოქსიკოლოგს, შემიძლია გიპასუხოთ, რომ პირადად მე არცერთი პაციენტი სუნთქვის ისეთი უკმარისობით მოსული დარბევიდან არ მყოლია, ვისთანაც საჭირო გახდა ან აპარატზე გადაყვანა, ან ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაია, ან აღმოვაჩინე მათ სისხლში მომატებული ლაქტატი, რაც ციანიდით მოწამვლის ერთ-ერთი მაჩვენებელი შეიძლება იყოს.

ჩემი ინფორმაციით, ასეთი შემთხვევები არ დაუფიქსირებიათ არც ჩემს სხვა კოლეგებს. აქედან გამომდინარე, პირადად მე, ვერანაირი დადასტურებული არგუმენტით ვერ ვიმსჯელებ, რომ ეს ნივთიერება იქნა გამოყენებული აქციის მონაწილეების დასაშლელად. ამით მე არც არაფერს ვამტკიცებ და არც არაფერს გამოვრიცხავ. ეს არის მშრალი ფაქტები. თუმცა, ვიმეორებ, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა დაისვას კითხვები“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.

კითხვაზე, ხანგრძლივ პერიოდში, ჯანმრთელობის რა გართულებებს იწვევს ბრომბენზილ ციანიდით მოწამვლა, ის გვპასუხობს:

„სამწუხაროდ, არ არსებობს გამოკვლევები, რომ ბრომბენზილ ციანიდით მოწამვლას შესაძლოა ჰქონდეს ასეთი შორეული და იმ ტიპის გართულებები, რაზეც აქციის მონაწილეები მიუთითებენ, რადგან ამ ნივთიერებით ექსპოზირებული, ანუ მოწამლული ადამიანების ნახვა და მათზე დაკვირვება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამ ნივთიერების გამოყენება ადამიანთა წინააღმდეგ, ათწლეულებია, შესაბამისი კონვენციების თანახმადაა დაუშვებელი.

არსებობს გარკვეული კერძო და იშვიათი გამოცდილება, როდესაც ზოგიერთი საწარმოო პროცესის დროს, მაგალითად, ხანძრისას, შესაძლოა გამოიყოს ციანიდი, როგორც ინდუსტრიული ტოქსინი, თუმცა, მოკვლევის შემდეგ, სამწუხაროდ, ვერ ვნახე ვერც ერთი კლინიკური შემთხვევის აღწერა, სადაც სრულყოფილად იქნებოდა ასახული ბრომობენზილ ციანიდით მოწამლული ადამიანების შემდგომი, შორეული გართულებების შესახებ ინფორმაცია“, - ამბობს ტოქსიკოლოგი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

„უნდა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება“

ახლა, როდესაც აქციების დაშლიდან ზუსტად ერთი წელია გასული, ფაქტობრივად, ნულს უტოლდება შანსი, რომ სამედიცინო თუ სხვა საგნებზე ჩატარებული გამოკვლევებით, დადგინდეს და დადასტურდეს, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა გამოიყენეს თუ არა მოქალაქეების წინააღმდეგ, აქციების დასაშლელად ქიმიური იარაღი, ბრომბენზილ ციანიდი, რადგან ადამიანის სისხლში მისი კვალი 24-დან 72 საათამდე რჩება, მძიმე შემთხვევებში - 5-7 დღემდე. ფილტვების მძიმე დაზიანებისას კი ერთი დღიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში.

მართალია, ბრომობენზილ ციანიდი ორგანიზმში დიდხანს არ ნარჩუნდება, მაგრამ ის ტოვებს არაპირდაპირ „ბიოლოგიურ კვალს“. სისხლში მწვავე ანთებითი რეაქციის მაჩვენებლების მატებას, ხოლო ფილტვებში ქიმიური ბრონქიტისა და პნევმონიის ნიშნებს, რაც კვლევებში რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში შეიძლება ჩანდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მიუთითებს, რომ ქიმიური აგენტების შემთხვევაში ტოქსიკოლოგიური ანალიზი უნდა ეყრდნობოდეს სპეციალიზებულ ლაბორატორიებს.

ასევე არ არსებობს, დადასტურებული სამეცნიერო კვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ხანს რჩება სხვადასხვა ზედაპირზე, მათ შორის, ტანსაცმელზე, ნიადაგსა და ხეებზე ბრომობენზილ ციანიდის კვალი.

რაც შეეხება ზოგადად, ცრემლმდენი გაზების დალექვას სხვადასხვა ზედაპირზე, სპეციალისტები ამბობენ, რომ მათი კვალი შესაძლოა დარჩეს ზედაპირსა და ტანსაცმელზე, თუმცა, მათი თქმით, არც ერთი კვლევა არ ასახელებს კონკრეტულ ვადას, რადგან ეს დამოკიდებულია გარემოზე, ტენიანობაზე, ტემპერატურასა და განიავებაზე.

იურისტები და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია ჩატარდეს დამოუკიდებელი, საერთაშორისო გამოძიება, რომელიც მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას იპოვონ პასუხები კითხვაზე, რა ნივთიერება გამოიყენა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.

იურისტმა მარიკა არევაძემ უკვე დაიწყო აქციის იმ მონაწილეების ბაზისა და დოკუმენტაციის შეგროვება, რომლებსაც აქვთ ეჭვი, რომ ისინი გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ქიმიური ნივთიერებით მოიწამლნენ.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მას უკვე დაუკავშირდა რამდენიმე ათეული ადამიანი:

მარიკა არევაძე, იურისტი

„აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული საერთაშორისო დონეზე, რა ტიპის ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, რაც არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია ქიმიური ნივთიერების გამოყენება და ისჯება ხუთიდან ათ წლამდე პატიმრობით.

მოვახდენ ამ ყველაფრის დოკუმენტირებას. მოვიძიებ ამ ადამიანებისგან სამედიცინო დოკუმენტაციას, კონსულტაციებს გავივლი, როგორც იურისტ კოლეგებთან, ისე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც გამოვიყენებ როგორც ადგილობრივ, ისე ყველა საერთაშორისო მექანიზმს, როგორც ანგარიშებით დაწყებული, ისე საჩივრებით დასრულებული“.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2 დეკემბერს მიმართა ქიმიური იარაღის აკრძალვის (OPCW) ორგანიზაციას, გაეროსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების უმაღლეს წარმომადგენლებს, საქართველოში 2024 წლის ნოემბერ–დეკემბრის აქციების დროს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხის შესწავლის შესახებ.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ციხიდან ავრცელებს განცხადებას და ამბობს, რომ მიმართა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ჰააგაში, დაიწყონ გამოძიება ქიმიური აგენტების გამოყენების გამოსაკვლევად.

იქიდან გამომდინარე, რომ დღესდღეობით, ფაქტობრივად, შეუძლებელია სამედიცინო კვლევებით დადასტურებულად დამტკიცდეს, რა ნივთიერების გამოყენებით დაშალეს აქციების მონაწილეები და გამოიყენეს თუ არა მათ წინააღმდეგ ქიმიური იარაღი - ბრომობენზილ ციანიდი, დამოუკიდებელი და ობიექტური გამოძიებისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, ამ პროცესში დადგინდეს ე.წ. დოკუმენტური კვალი - მათ შორის, შესყიდვების დოკუმენტები, სამართალდამცავი უწყებების მიერ გამოყენებული ინტენტარის სია, შესაბამისი ბრძანებები და ინსტრუქციები. ეს დოკუმენტები სახელმწიფო უწყებების ხელშია.