კანონპროექტის თავდაპირველმა ავტორმა და ინიციატორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა, რომელსაც "ქართული ოცნება" „დიპ სტეიტის“ ნაწილად განიხილავს და აბუჩად იგდებს, 6 მაისს სოციალურ პლატფორმა X-ზე „ბიძინა ივანიშვილის სახელმწიფოს მიტაცებაში ხელშემწყობთა სია" გამოაქვეყნა. მასში შედიან „ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნები - მთავრობასა და პარლამენტში, სასამართლო სისტემაში, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტსა და ბიზნესში.
„მხარი დაუჭირეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, თუ არადა მოიმკით შედეგებს“, - მიმართავს მათ ჯო უილსონი.
სიაში სხვებთან ერთად არიან ირაკლი კობახიძე - პრემიერ-მინისტრი, კახა კალაძე - თბილისის მერი, ირაკლი ღარიბაშვილი - პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრი; შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის სპიკერი, ნინო წილოსანი - ვიცე-სპიკერი, მამუკა მდინარაძე - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გიორგი კალანდარიშვილი - ცესკოს თავმჯდომარე.
ასევე ნახეთ „მეგობარი აქტის“ თანაავტორი უილსონი „ივანიშვილის ხელშემწყობების სიას“ აქვეყნებსუილსონი აღნიშნავს, რომ სიაში მყოფები „ეხმარებიან ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს "საქართველოს ჩრდილოვან მმართველობაში, საქართველოს სახელმწიფოს მიტაცებასა და ქვეყნის ჩინეთის, ირანისა და რუსეთისათვის დაქვემდებარებაში“.
"მეგობარი აქტი" - ორპარტიული, 80%-იანი მხარდაჭერით - მოიცავს როგორც ქართველი ხალხისთვის სასარგებლო გეგმას, ასევე “ოცნების” პოლიტიკის საწინააღმდეგო ზომებს და სანქციების მექანიზმს.
- “ოცნების” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუკი პრეზიდენტი ტრამპი ამ დოკუმენტს ხელს მოაწერს, ეს ე.წ. დიპ სტეიტის გამარჯვების ნიშანი იქნება.
- პარალელურად, მმართველ პარტიაში ზოგს სჯერა, რომ დონალდ ტრამპი “მეგობარ აქტს” ხელს არ მოაწერს; ხოლო ზოგის აზრით, სანქციები არაფერს შეცვლის - ეს მექანიზმი ისედაც არსებობდა.
რას ცვლის "მეგობარი აქტი"?
“ქართული ოცნების” დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ „მეგობარ აქტში“ - “რეალურად კი მტრულ აქტში მეგობრული არაფერი წერია” და არც დიდი სიახლეა, რადგან დონალდ ტრამპს შეუძლია სანქციების ნაწილი “დღესვე აამოქმედოს”, “შეეძლო ერთი თვის წინ აემოქმედებინა” და “შეუძლია აამოქმედოს ერთი თვის შემდეგაც”.
“ეს კანონპროექტი კანონად იქცევა თუ არა, ტრამპის გადაწყვეტილებასთან აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის!“ - უთხრა მაჭავარიანმა ჟურნალისტებს.
„სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, იურისტი თინა ხიდაშელი ადასტურებს, რომ ეს ნამდვილად ასეა - ვაშინგტონს “ახლაც შეუძლია სანქციების ამოქმედება და ბიძინა ივანიშვილიც ზუსტად ასე დაასანქცირეს”, მაგრამ საკანონმდებლო აქტის მიღება სანქციების მექანიზმს სტრუქტურირებულ სახეს აძლევს და ნიშნავს, რომ “საქართველოს პრობლემა უკვე პოლიტიკის დონეზეა აყვანილი”.
“ეს არის ძალიან მძიმე ამბავი. ჩემთვის ყველაზე სამწუხარო მთელ ამ ისტორიაში არის ის, რომ ასეთ კანონებს [აშშ] არ იღებენ მეგობარი ქვეყნების შესახებ… ეს არის უმძიმესი ვერდიქტი. შესაძლოა, ეს “ქართული ოცნებაში” ბევრს სულაც არ აღელვებს, მაგრამ უზარმაზარ პრობლემას უტოვებენ ქვეყანას - მათი ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, ყველაზე მძიმე საბრძოლი იქნება ზუსტად ამ ტიპის აქტებით გამოწვეული ზიანის უკან შემობრუნება, ნდობის აღდგენა ქვეყნის მიმართ, სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ისტაბლიშმენტის შემობრუნება, რადგან მარტო აშშ-სთან ხომ არ გვჭირს ეს. იმავენაირი პრობლემები გვაქვს ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში”, - ეუბნება თინა ხიდაშელი რადიო თავისუფლებას.
ხიდაშელი ასევე გვეუბნება, რომ "ქართულ ოცნებას" სანქციები და შესაბამისად, "მეგობარი აქტი" ძალიანაც აღელვებს და სწორედ სანქციების თავიდან აშორების მიზანს უკავშირებს ის "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარისა და ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლას.
ღარიბაშვილი მაინც მოხვდა ჯო უილსონის მიერ 6 მაისს გამოქვეყნებულ შესაძლო სანქცირებულთა სიაში.
ასევე ნახეთ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტი“ მიიღო 349 ხმით 42-ის წინააღმდეგსანქციები - ვის, რატომ და როგორ?
5 მაისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დამტკიცებულ ტექსტში ზუსტად არის აღწერილი სტრუქტურა, ვადები და ცალკეული ინსტიტუციების ფუნქციები და ვალდებულებები - საქართველოს პრობლემების მასშტაბის დასადგენად და ზედამხედველობისთვის.
ტექსტში დაზუსტებულია კონკრეტული ვადები, თუ როდის რა და როგორ უნდა გააკეთოს სახელმწიფო დეპარტამენტმა, თუ პრეზიდენტმა, მათ შორის კონკრეტული ადამიანების სანქცირებისა თუ სპეციალური ანგარიშების მოსამზადებლად.
მაგალითად, კანონის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 90 დღისა, პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს კონკრეტულ ადამიანთა სანქცირების საკითხი, სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვა სტრუქტურების მონაცემებზე დაყრდნობით. სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირებულთა შესახებ ანგარიში უნდა ჩააბაროს კონგრესს.
სანქციების შეიძლება დაუწესდეთ:
- მოხელეს, რომელიც [2014 წლის 1 იანვრისთვის და ამ დღის შემდეგ] იყო ან არის საქართველოს ხელისუფლების პარლამენტის წევრი, ანდა არის ყოფილი ან მოქმედი მაღალჩინოსანი პოლიტიკურ პარტიაში;
- საქართველოს მთავრობის მაღალი რანგის თანამდებობის პირს, სამართალდამცველი, სადაზვერვო, სასამართლო სტრუქტურების, ადგილობრივი და მუნიციპალური მმართველობის ჩათვლით;
- თანამდებობის პირის ოჯახის წევრებს, როგორც სარგებლის ბენეფიციარებს.
სანქციების დაწესების საფუძვლად მითითებულია, მათ შორის, კავშირი კორუფციის მნიშვნელოვან შემთხვევებთან; ძალადობასთან ან დაშინებასთან - ევროატლანტიკური ინტეგრაციის ბლოკირების მიზნით; პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობა მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძირის გამოთხრაში.
სანქციებს შორის არის:
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციების და წილის დაბლოკვა, აკრძალვა, თუკი ეს ქონება მდებარეობს აშშ-ში ანდა თუკი მას ფლობს ან აკონტროლებს აშშ-ის მოქალაქე;
- აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა;
- უარი ამერიკის ვიზასა და ქვეყანაში შესასვლელ ყველა დოკუმენტზე;
- ყველა მოქმედი ვიზის ან ნებისმიერი სხვა სახის სამგზავრო საბუთის ანულირება;
- უარი ყველანაირ სარგებელზე - რასაც ითვალისწინებს აშშ-ში მოქმედი კანონი „იმიგრაციისა და მოქალაქეობის“ შესახებ.
"მეგობარი აქტის" ტექსტში ხაზგასმულია მოთხოვნა, რომ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულები და რომ ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს შეკრებისა და გამოხატვის, პროტესტის თავისუფლება და ასევე უფლება, თავად განსაზღვროს ქვეყნის საგარეო კურსი.
კანონის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღისა, სახელმწიფო მდივანმა, ეროვნული დაზვერვის დირექტორსა და თავდაცვის მინისტრთან თანამშრომლობით, კონგრესის ორივე პალატის კომიტეტებს საიდუმლო ანგარიში უნდა წარუდგინოს - რუსეთისა და ჩინეთის ზეგავლენების შესახებ საქართველოში ეროვნული დაზვერვის დირექტორსა და თავდაცვის მინისტრთან თანამშრომლობით.
საქართველოში ასეთ ზეგავლენებზე ხშირად ლაპარაკობენ კანონპროექტის თანაავტორი, ინიციატორი და მხარდამჭერი კანონმდებლები კონგრესის ორივე პალატაში.
„საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტის“ - MEGOBARI Act-ის - ინგლისური დასახელების (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act) აბრევიატურა ქართულ სიტყვა „მეგობარს“ ემთხვევა და სიმბოლური დატვირთვა აქვს.
წარმომადგენელთა პალატაში, “მეგობარი აქტის” განახლებული ვარიანტის ოფიციალურ სახელწოდებად მითითებულია - “საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის ზეგავლენასთან გამკლავება”.
ახალი არჩევნები - როგორც გამოსავალი
კონგრესმენი ჯო უილსონი მუდმივად გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ხალხის მიმართ და მოითხოვს ახალი არჩევნების ჩატარებას საქართველოში.
"ივანიშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს სძულს ამერიკა და შეურაცხყოფა მიაყენა პრეზიდენტ ტრამპს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები წინსვლის ერთადერთი გზაა", - დაწერა კონგრესმენმა უილსონმა 6 მაისს პლატფორმა X-ზე.
2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების შესახებ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საჭიროა საქართველოს ხელისუფლებამ ძირეულად გამოიძიოს ყველა ბრალდება, განისაზღვროს არალეგიტიმურობის საკითხი და დადგეს ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ჩაერივნენ არჩევნებში.
“ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით არალეგიტიმურმა „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა 2024 წლის არჩევნები - მათ მართლაც გააყალბეს ეს არჩევნები ამ შემთხვევაში. მას შემდეგ მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები არ წყდება”, - აღნიშნა კანონპროექტის კიდევ ერთმა თანაავტორმა, კონგრესმენმა სტივ კოენმა 5 მაისს, დებატების მსვლელობისას.
ოპოზიციაში, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ "მეგობარი აქტის" დამტკიცება მისალოცია საქართველოს მოქალაქეებისთვის.
- 349 ხმით 42-ის წინააღმდეგ - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ორპარტიულ კანონპროექტი 5 მაისს დაამტკიცა. პალატის სრული შემადგენლობა სულ 433 კონგრესმენს ითვლის და შესაბამისად, მხარდაჭერის მაჩვენებელი 80%-ს უტოლდება.
- კანონპროექტი დამტკიცდა დაჩქარებული წესით [Considered under suspension of the rules]. ამ მექანიზმით, დებატები დროში შეზღუდულია [40 წუთი] და სხდომაზე შინაარსობრივი ცვლილებები აღარ ხდება. ასეა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წინასწარვე ცხადია, რომ კანონპროექტს 2/3-ზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს.
კიდევ რა წერია?
კონგრესმენ უილსონის პროექტი, "მათრახთან" ერთად, მოიცავს „თაფლაკვერსაც“.
ეს იმ შემთხვევებში, თუკი საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიულ განვითარებასა და საკუთარ კონსტიტუციურ ვალდებულებებს.
“პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრთან კონსულტაციით, უნდა შეინარჩუნოს და საჭიროების შემთხვევაში გაზარდოს სამხედრო სფეროში თანამშრომლობა საქართველოსთან, მათ შორის - უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის საჭირო ტექნიკის შემდგომი მიწოდებით, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება რუსეთის აგრესიისგან ტერიტორიული თავდაცვის მიზანს და ასევე [დახმარებას] შესაბამისი ტრენინგებით, ტექნიკური მომსახურებითა და საოპერაციო მხარდაჭერით“, - წერია ტექსტში თავდაცვის სფეროში შესაძლო თანამშრომლობის შესახებ.
ასევე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული მომავალი თანამშრომლობა - ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავება და აკადემიურ სფეროში გაცვლითი პროგრამების გაფართოება.
კანონპროექტში მითითებულია, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობაც იმის მიხედვით გაგრძელდება, თუ როგორ აღსრულდება ხალხის ნება.
სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა.
ასევე ნახეთ "მეგობარი აქტი" აშშ-ის სენატშიც - რა მათრახებს და თაფლაკვერებს განიხილავს კონგრესი საქართველოსთვის?"ოცნების" გამოცდა ტრამპისთვის
„MEGOBARI აქტი“ 27 მარტს დაამტკიცა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა და ახლა კანონპროექტი სენატის სხდომაზე განხილვას ელოდება.
ამ ეტაპზე სენატის საკანონმდებლო ბაზაში კანონპროექტის ორი ერთნაირი ვარიანტია ატვირთული, აქედან ერთი - 27 მარტს დამტკიცებული და მეორე - რაც სენატმა უნდა განიხილოს. ორივე ვარიანტის შინაარსი ზუსტად ემთხვევა წარმომადგენელთა პალატის მიერ 5 მაისს დამტკიცებულს.
თუკი “მეგობარი აქტი” სენატშიც დამტკიცდება, კანონად ქცევისთვის მას პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა მოაწეროს ხელი.
ასევე ნახეთ აქ „დიპ სტეიტმა“ სძლია ტრამპის ადმინისტრაციას, ბრძოლა გრძელდება - კობახიძე „მეგობარი აქტის“ მიღებაზე“მეგობარ აქტს” “ქართული ოცნება” პრეზიდენტ ტრამპის „გამოცდად“ განიხილავს - თუკი აშშ-ის პრეზიდენტი საბოლოო ვარიანტს ხელს მოაწერს, ნიშანი იქნება იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ე.წ. დიპ სტეიტი ვერ დაამარცხა. ამ თემაზე ერთნაირი განცხადებები გააკეთეს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა.
“ვნახოთ, აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია როგორ და რა ძალისხმევით მიჰყვება მის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას. ეს ძალიან მალე გამოჩნდება!” – ამბობს ირაკლი კირცხალია.
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარედ არჩეულმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ "მეგობარი აქტის" მხარდამჭერი რესპუბლიკელი კონგრესმენები არა პრეზიდენტ ტრამპის მოკავშირეები, არამედ "დიპ სტეიტის" დავალებების შემსრულებლები არიან. "ჯო უილსონი, მაგალითად, არის თავიდან ბოლომდე დიპ სტეიტი“, - თქვა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე თქვა, რომ სანქცია არის "კომპლიმენტი“.
სადავო პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის ლოგიკით, კანონპროექტი “ინერციით” დაამტკიცეს "დიპ სტეიტის" მოკავშირე ძალებმა, მაგრამ მაინც იტოვებს იმედს, რომ პრეზიდენტი ტრამპი “ხელს არ მოაწერს ამ პროვოკაციულ რეზოლუციას და ამით შეძლებს თავისი დანაპირების შესრულებას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამარცხოს ე.წ. დიპ სტეიტი“.
ასევე ნახეთ მახაშვილი „MEGOBARI აქტზე“: იმედი გვაქვს, რომ ტრამპი ხელს არ მოაწერს ამ პროვოკაციულ რეზოლუციასსაერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი ალექსანდრე კუხიანიძე თითქმის დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპი კონგრესის ორპარტიული გადაწყვეტილების წინააღმდეგ არ წავა:
“[პრეზიდენტი ტრამპი] ინფორმირებული იქნება, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობიდან ამერიკული ინვესტორები გაყარეს და მოიყვანეს ჩინური კომპანიები. ეს ტრამპისთვის ზუსტად ის არის, რაც ხარისთვის წითელი ნაჭერი. როდესაც პრემიერ-მინისტრი ჩადის თეირანში [ირანში] და იქ ტერორისტებთან ერთად დგას და ირგვლივ ყვირიან: “სიკვდილი ამერიკას” - ეს ფაქტი უკვალოდ არ გავა და აშშ-ის პრეზიდენტი იგნორირებას არ გაუკეთებს ამას”, - ალექსანდრე კუხიანიძე ჩვენთან საუბრისას ასახელებს კიდევ რამდენიმე ფაქტორს, რომლებსაც, მისი ვარაუდით, დონალდ ტრამპი სათვალავში მიიღებს: საქართველოში [2012 წელს] მისი მასპინძლის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და სააკაშვილის მიერ დაგეგმილი “ტრამპ ტაუერის” პროექტის “ქართული ოცნების” მმართველობისას ჩაშლა.
ბათუმში 47-სართულიანი შენობის - “ტრამპ ტაუერის” - აგების სალიცენზიო შეთანხმებას 2011 წელს აშშ-ში მოეწერა ხელი. პროექტი 2014 წლისთვის უნდა დასრულებულიყო. “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ეს პროექტი აღარ განხორციელდა. მაშინ - უძრავი ქონების ამერიკელი მაგნატის რანგში, თავისი სახელობის პროექტის პრეზენტაციაზე, ტრამპი საქართველოში 2012 წლის აპრილში ჩამოვიდა, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლამდე 6 თვით ადრე.
ყველას, ვინც მხარს უჭერს "მეგობარ აქტს", “ქართული ოცნებისთვის” ე.წ. დიპ სტეიტის ნაწილია. ამ დოკუმენტს ისინი საქართველოში „რევოლუციის მოხდენის ერთ-ერთი იარაღად“ განიხილავენ; ხოლო თავად ჯო უილსონზე ხშირად აღნიშნავენ, რომ ის ოპოზიციის მიერ არის დაქირავებული და დიდ ფულს უხდიან. უილსონს ასეთ ბრალდებებზე მხოლოდ ეცინება.
“აბსოლუტური სიცრუეა. რომ ვიღებდე ანაზღაურებას, ეს აუცილებლად გამოჩნდებოდა ჩემს ფინანსურ ანგარიშგებებში - და იქ არაფერია”, - ამბობს კონგრესმენი უილსონი რადიო თავისუფლებისთვის 2024 წლის დეკემბერში მიცემულ ინტერვიუში.
ასევე ნახეთ გვსურს, წინ წავწიოთ „მეგობარი აქტი“ - სენატორები შაჰინი და რიში"მეგობარი აქტის" დამტკიცებამდე
აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ახლახან შეხვედრები გამართა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელიც აშშ-ში, დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეკრებაზე იმყოფებოდა.
აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ, დავითაშვილმა იმედი გამოხატა, რომ ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში „არსებობს ძალიან მყარი პოზიცია“, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა „არათუ გაგრძელდეს, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდეს.“
თუმცა ჯერჯერობით ამერიკელ მაღალჩინოსნებს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებიათ და დღემდე ძალაშია სანქციებიც "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პარტიის საპატიო მილიარდერი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ასევე ნახეთ ლევან დავითაშვილის თქმით, თეთრ სახლში ენდრიუ პიკს შეხვდა - ვინ არის იგიდავითაშვილის მიერ ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით globalnews.ge-ს სახელმწიფო დეპარტამენტში უპასუხეს, რომ "დახურულ დიპლომატიურ საუბრებზე" კომენტარს არ გააკეთებენ, თუმცა კვლავ გაიმეორეს, რომ თბილისთან ურთიერთობა კონკრეტული პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული.
"შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას, რათა დაამტკიცოს, რომ იგი სერიოზულადაა განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით", - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.