Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მახაშვილი „MEGOBARI აქტზე“: იმედი გვაქვს, რომ ტრამპი ხელს არ მოაწერს ამ პროვოკაციულ რეზოლუციას


ლევან მახაშვილი
ლევან მახაშვილი

„ქართული ოცნების“ დეპუტატ ლევან მახაშვილს, რომელიც ასევე არის სადავო პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, „MEGOBARI აქტის“ ძალაში შესვლის შემთხვევაში, არ აამოქმედებს მას.

ასე გამოეხმაურა ის აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატაში მიღებას „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტისა“, რომელიც ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის სანქციების დაწესებას. ლევან მახაშვილი ამ შემთხვევაშიც „არაფორმალურ ძალებსა“ და „დიპ სტეიტზე“ საუბრობს.

„თეორიულად თუ იგი შევა ძალაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად დააზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს და სწორედ ესეც არის გათვლა აი, იმ არაფორმალური ძალების და გავლენების, რომლებმაც ესე ინერციით მაინც გაიტანეს ქვედა პალატაში.

საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, რამდენიმე ეტაპი არის დარჩენილი კიდევ ბოლომდე, სანამ თეორიულად შევა ძალაში, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს ამ პროვოკაციულ რეზოლუციას და ამით შეძლებს თავისი დანაპირების შესრულებას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამარცხოს ე.წ. დიპ სტეიტი“, - თქვა ლევან მახაშვილმა.

წუხელ აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act). კანონის მისაღებად 218 ხმა იყო საკმარისი, თუმცა დოკუმენტს მხარი 349-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 42.

ანალოგიური შინაარსის „მეგობარი აქტი“ წარდგენილია სენატშიც - ორპარტიული მხარდაჭერით.

ერთი მხრივ, კანონპროექტი ითვალისწინებს დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კორექტირების შემთხვევაში, დებს საქართველოსთან აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობის პირობას.

წარმომადგენელთა პალატის შემდეგ ჯერი კონგრესის ზედა პალატაზე, სენატზეა - სანამ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპამდე მიაღწევს, სენატმაც უნდა დაამტკიცოს.

2025 წლის 27 მარტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მას მხარი დაუჭირა. ახლა დარჩენილია კენჭისყრა სენატის სრული შემადგენლობის წინაშე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG