ალეკო ახვლედიანს, ვისი სტუმარიც თორნიკე რიჟვაძე იყო, გირაო შეუფარდეს

ალექსი ახვლედიანს გირაო შეუფარდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა ალეკო ახვლედიანს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის მეგობარსა და მასპინძელს.

ახვლედიანი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე.

გირაოს გადახდის ვადად მოსამართლემ 20 დღე განსაზღვრა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა. სასამართლო სხდომა, რომელსაც ახვლედიანის 20-მდე ახლობელი ესწრებოდა, დიდ დარბაზში გაიმართა.

ახვლედიანის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დაინიშნა 27 აგვისტოს, 15:00 საათზე.

55 წლის ახვლედიანს პროკურატურა ედავება იარაღის დაუდევრად შენახვას, - ოფიციალური ვერსიით, სწორედ მისი კუთვნილი იარაღით სცადა რიჟვაძემ მის სახლში თვითმკვლელობა.

რას ამბობს ახვლედიანი?

„არასდროს დანაშაული არ ჩამიდენია. მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან“, - განაცხადა სხდომაზე ბრალდებულმა ახვლედიანმა.

„ღმერთმა გადაგვარჩინა, რომ თორნიკე ცოცხალია“, - თქვა მან.

რიჟვაძე კლინიკაშია და მძიმედაა.

ასევე ნახეთ დაჭრილი თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა „სტაბილურად მძიმეა“ - შსს

ალექსი ახვლედიანის ადვოკატი, ლალი აფციაურიც აცხადებს, რომ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, დაცვის მხარე მზადაა, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

„გავეცანი საქმის მასალებს და სრულად ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან, ბრალდების მხარესთან“, - თქვა მან სხდომის დაწყებამდე.

ალექსი ახვლედიანის ადვოკატი ლალი აფციაური თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოსთან

  • ბრალდების მხარე, პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე ითხოვდა საპატიმრო გირაოს 30 000 ლარის ოდენობით, ხოლო დაცვის მხარე - არასაპატიმრო გირაოს იმავე ოდენობით;
  • საპატიმრო გირაოს შემთხვევაში ბრალდებული ჯერ იხდის გირაოს თანხას და შემდეგ ტოვებს საპატიმრო დაწესებულებას, არასაპატიმრო გირაოს შემთხვევაში კი დარბაზიდან თავისუფლდება და გარკვეული დრო ეძლევა გირაოს თანხის გადასახდელად.

ადვოკატმა ლალი აფციაურმა არასაპატიმრო გირაოს შეფარდების საჭიროების დასაბუთებისას განაცხადა, რომ ბრალდებულის ძმა არის „აგროჰაბის“ დამფუძნებელი და „ის თანახმაა, ერთ საათში შეიტანს თანხა“.

ასევე ნახეთ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა საძინებელში, მარტოდ დარჩენილმა სცადა - პროკურატურა

რა ვიცით რიჟვაძის საქმეზე?

წინა დღეს, 7 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც „გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა“, საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ შეიყვანეს.

მალევე ხელისუფლებასთან აფილირებულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა.

ამის დასტურად მოიტანეს წერილი და ამტკიცებდნენ, რომ ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილმა თავმჯდომარემ დაწერა.

ასევე ნახეთ ვოლსკი: რიჟვაძის წერილზე ჩემს მწარე ირონიით ნათქვამს ისე წარმოაჩენენ, თითქოს ეჭვქვეშ დავაყენე წერილის არსებობა

აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, თვითმკვლელობა საგარეჯოში, სტუმრად მყოფმა მასპინძლის იარაღით სცადა; ხოლო მანამდე წერილიც დაწერა, რომელშიც ოჯახის დაცვას „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებს სთხოვს - ასეთია შსს-სა და სახელისუფლებო მედიის მიერ აღწერილი სურათი.

თორნიკე რიჟვაძე ინციდენტისას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალეკო ახვლედიანის სტუმარი იყო.

რიჟვაძის გარშემო განვითარებული მოვლენები პოლიტიკურ ოპონენტებსა და ექსპერტებს მრავალ შეკითხვას უჩენს სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ თორნიკე რიჟვაძე ერთ-ერთი პირველი იყო მაღალჩინოსნებიდან, რომლებიც პოსტებიდან ერთმანეთის მიყოლებით გადადგნენ.

ასევე ნახეთ წერილით რატომ სთხოვს დახმარებას ივანიშვილსა და კობახიძეს? - კითხვები, ეჭვები და ფაქტები რიჟვაძის დაჭრის გარშემო