აქტივისტს, რომელსაც მარიამ ლაშხმა უჩივლა, ქონება და ანგარიშები დაუყადაღეს

აქტივისტის ცნობით, მას საცხოვრებელი ბინა და საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს.

სამოქალაქო აქტივისტს, საპროტესტო აქციების მონაწილე მაგდა მამუკაშვილს, - რომელიც სასამართლომ 4000 ლარით დააჯარიმა „ქართული ოცნების“ წევრ მარიამ ლაშხის „შეურაცხყოფის“ საფუძვლით, - ჯარიმის გადაუხდელობის შემდეგ ქონება დაუყადაღეს.

მაგდა მამუკაშვილმა სამ მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვების საფუძველზე, საჯარო რეესტრმა ყადაღა დაადო მის საცხოვრებელ სახლს, ხოლო „თიბისი ბანკმა“ - მის კუთვნილ საბანკო ანგარიშებს.

ის აქვეყნებს საჯარო რეესტრის გამოქვეყნებულ განცხადებასაც, რომლის თანახმადაც, აღსრულების ბიურო რეესტრს მიმართავს, რომ „მოახდინოს ყადაღის წარმოშობის რეგისტრაცია“.

ის ასევე აქვეყნებს "თიბისი ბანკისგან" მიღებულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომელშიც წერია, რომ მისი ანგარიშის დაყადაღება აღსრულების ბიურომ მოითხოვა და გადასახდელი აქვს 4280 ლარი.

ასევე ნახეთ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულ გიორგი მინდაძეს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

მამუკაშვილს, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ამავე ბანკში იპოთეკური სესხი აქვს აღებული.

„თან გიყადაღებენ ანგარიშს და თან 25 რიცხვში მოგთხოვენ, ფული გადაიხადეო. არ გადაიხდი და სახლს გაგიყიდიან ერთად და შეხმატკბილებულად აღსრულება და თიბისი. რაში ადარდებთ შენი მცირეწლოვანი შვილები“, - წერს აქტივისტი.

  • მაგდა მამუკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 მაისს დააკისრა 4000-ლარიანი ჯარიმა, 17 მაისს მომხდარი ინციდენტის გამო.
  • გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა.
  • მამუკაშვილს, - კიდევ ორ აქტივისტთან ერთად, - შინაგან საქმეთა სამინისტრო „ქართული ოცნების“ დეპუტატ მარიამ ლაშხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდა.
  • დანარჩენი ორი აქტივისტი, სტუნდეტები, თათია აფრიამაშვილი და ლიკა ლორთქიფანიძე, 12-12 დღით დააპატიმრეს.
ასევე ნახეთ 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა კიდევ ერთ აქტივისტს, რომელსაც ლაშხი უჩიოდა
ასევე ნახეთ 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა სტუდენტს, რომელსაც დეპუტატმა მარიამ ლაშხმა უჩივლა

მამუკაშვილის პოზიციაა, რომ ჯარიმას არ გადაიხდის.

„არანაირ ანგარიშს არ დავდებ [თანხის] ასაგროვებლად, არცერთ კაპიკს მაგათ არ გადავუხდი. დამაყადაღონ და დიახ, მაგათ თვითონ აიღონ ჩემი ბავშვების ცოდვა თავზე. დამიყადაღონ ერთადერთი სახლი, რომელიც იპოთეკური სესხით მაქვს აღებული და 2037 წლამდე უნდა ვიხადო. დააყადაღონ ჩემი ერთადერთი სახლი, რომელშიც ჩემს მცირეწლოვან შვილებს ვზრდი! არ მიმაჩნია, რომ „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ და „ძირს რუსეთის დამპალი იმპერია“ ასაკრაძალი სიტყვებია და მაგისთვის ჯარიმა უნდა დამეკისროს“, - წერდა მამუკაშვილი 28 მაისს.