Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა სტუდენტს, რომელსაც დეპუტატმა მარიამ ლაშხმა უჩივლა


სტუდენტი ლიკა ლორთქიფანიძე
სტუდენტი ლიკა ლორთქიფანიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით თეთრეულმა 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა სტუდენტ ლიკა ლორთქიფანიძეს, რომელსაც "ქართული ოცნების" დეპუტატმა მარიამ ლაშხმა შეურაცხყოფისთვის უჩივლა.

ლაშხი 17 მაისს მომხდარი ინციდენტის გამო ჯამში უჩივის სამ ახალგაზრდა ქალს - ამ დღეს ისინი ერთ-ერთ კაფეში, სადაც ლაშხი თანმხლებ პირებთან, მათ შორის მცირეწლოვან შვილებთან ერთად იყოფებოდა, მასთან მივიდნენ შეძახილებით: "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს..."

შსს სამიდან ორ შემთხვევაში პატიმრობას ითხოვს, ერთ შემთხვევაში კი - ჯარიმას.

მარიამ ლაშხი ერთადერთი პოლიტიკოსი არ არის, რომელმაც აქტივისტების გამოხატვის თავისუფლების რეალიზაცია თავდასხმად და შეურაცხყოფად მიიჩნია და აქტივისტების წინააღმდეგ იჩივლა - ანალოგიურად მოიქცა ირაკლი ზარქუაც, რომლის სარჩელის გამოც ზუგდიდის სასამართლომ ორ აქტივისტ ქალს 3 500 და 4 000 ლარის ოდენობის ჯარიმები დააკისრა 23 მაისს.

დეპუტატების სარჩელების საფუძველია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა – სასჯელი პოლიტიკოსის შეურაცხყოფისთვის შეიძლება იყოს ჯარიმა 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 45 დღემდე ვადით.

ამ ჩანაწერს სახელმწიფო იყენებს როგორც პოლიტიკოსების, ისე პოლიციელების დასაცავად კრიტიკული მოქალაქეებისგან. დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ მუხლით 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა თორნიკე სხვიტარიძეს და 5 000-ლარიანი ჯარიმა ანი ქავთარაძეს - მათ შსს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG