Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ თორნიკე სხვიტარიძეს პატიმრობა, ანი ქავთარაძეს კი ჯარიმა შეუფარდა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა თორნიკე სხვიტარიძეს და 5 000- ლარიანი ჯარიმა ანი ქავთარაძეს - შსს მათ ედავებოდა სასამართლოს დერეფანში 17 აპრილს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას.

მირიან ქავთარაძე პატიმრობაში მყოფი აქტივისტის და პარტია „ახლის“ წევრის, საბა სხვიტარიძის საქმის განხილვისას ამ დღეს სასამართლომ მოწმის სახით გამოჰკითხა. გამოკითხვისას თორნიკე სხვიტარიძე სხდომათა დარბაზში იყო, ანი ქავთარაძე სასამართლოს დერეფანში.

მას შემდეგ, რაც პოლიციელის გამოკითხვა დასრულდა, მირიან ქავთარაძეს საბა სხვიტარიძის მხარდამჭერებმა ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს. მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ისმის შეძახილები, მათ შორის „მონა“, „ქავთარაძეების გვარის სირცხვილი“, „მხდალი“, „ნაძირალა“.

  • თორნიკე სხვიტარიძე პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ბრალდებული დემონსტრანტის, საბა სხვიტარიძის ძმაა.
  • ანი ქავთარაძე წარმოადგენს "კოალიციას ცვლილებისთვის“. შსს მისთვის პატიმრობას არ ითხოვდა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არის მცირეწლოვანი შვილების დედა.

ქავთარაძეს და სხვიტარიძეს შსს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებოდა. ეს მუხლი ადმინისტრაციულ კოდექსში ახალი ჩანაწერია. ცვლილება 2025 წლის თებერვალში დამტკიცდა და ითვალისწინებს 2000-დან 5000 ლარამდე ჯარიმას ან 60 დღემდე პატიმრობას.

ამ მუხლით უკვე გაასამართლეს "კოალიცია ცვლილებისთვის" გუნდის სხვა წევრებიც: მირანდა ბაღათურია და ანა ყურაშვილი. ორივე 4 000-4 000 ლარით დააჯარიმეს.

საბა სხვიტარიძეს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. კერძოდ, ბრალდების მტკიცებით, იგი 2024 წლის 4 დეკემბერს, საღამოს საათებში, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხა პოლიციელ მირიან ქავთარაძეს და თავში ორჯერ ჩაარტყა ხელკეტის მსგავსი საგანი, რითაც ჩაიდინა „სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა“. აღნიშნული დანაშაულისთვის გათვალისწინებულია სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG