საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების (რომელიც შეეხებოდა საქართველოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დაშლის დროს გამოყენებულ ქიმიურ საშუალებებს) გამოქვეყნების შემდეგ მიმართავს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას, გაეროსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების უმაღლეს წარმომადგენლებს, შეისწავლონ აქციების დაშლის დროს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხი.
„ჯანდაცვის სპეციალისტების, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების და ადამიანის უფლებათა დამცველების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გამოყენებული ნივთიერებების ქიმიური შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია არ გამჟღავნებულა და არც მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარებულა.
თუ მაღალტოქსიკური ქიმიური ნაერთების პოტენციური გამოყენების შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, ასეთი ქმედებები ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი წერილში.
საერთაშორისო გამოძიების ჩატარება უნდა რვა ოპოზიციურ პარტიას („ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ფედერალისტები“) - მათ ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს.
„ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები, მოვუწოდებთ სანდო საერთაშორისო ინსტიტუტებს, ჩაატარონ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება, რათა დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებები, პასუხისმგებელ პირთა ვინაობა და აღიკვეთოს მსგავსი ნივთიერებების შემდგომი გამოყენება“, - აცხადებენ პარტიები.
ასევე ნახეთ 8 ოპოზიციური პარტია მიიჩნევს, რომ BBC-ს სტატიის შემდეგ საჭიროა საერთაშორისო გამოძიების ჩატარება ასევე ნახეთ „კითხვა ის არის, თავად მოიფიქრეს თუ რუსმა ზემდგომებმა ასწავლეს“, - „მაგნიტსკის აქტის“ ავტორი BBC-ის სტატიის შემდეგგუშინ დილას, 1 დეკემბერს, BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში, ელის ედვარდსი, აცხადებს, რომ „მოსახლეობა არასოდეს არ უნდა გახდეს ექსპერიმენტების სუბიექტი“ და საკითხი წამებისა და არასათანადო მოპყრობის მუხლით უნდა გამოიძიონ.
ამავე გამოძიებაში ჩანს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ს განუცხადა, რომ ეს მიგნებები „უკიდურესად აბსურდულია“ და პოლიცია „ბრუტალური კრიმინალების“ უკანონო ქმედებებს „კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ფარგლებში“ პასუხობდა.
ასევე ნახეთ BBC: თბილისში პროტესტის დასაშლელად I მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერება გამოიყენეს - „ოცნება“ BBC-ს უჩივისჟურნალისტური გამოძიების შემდეგ „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ გადაწყვიტა, BBC-ს წინააღმდეგ დაიწყოს „სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“. პარტიამ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციას უწოდა „ერთ დროს ავტორიტეტული მედია, რომელიც დღეს არაფორმალური მმართველობის პროპაგანდის იარაღად არის ქცეული“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
ეს მუხლებია:
- „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და
- „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“.
„გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია“, - აცხადებს სამსახური.
პრესცენტრის თანახმად, უწყება „შემდგარ ფაქტად“ მიიჩნევს მხოლოდ იმას, რომ:
- „ერთი მხრივ, გავრცელებული მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, მიმართულია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ, არსებითად არღვევს მათი და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს“;
- „მეორე მხრივ, პირიქით, შეიცავს იმ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ“.