უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევისას დრონებმა მოლდოვის საჰაერო სივრცეშიც შეაღწიეს

მოლდოვის პოლიციამ 25 ნოემბერს გაავრცელა ერთ-ერთ სოფელში, სახლის სახურავზე ჩამოვარდნილი დრონის ფოტო.

უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევის დროს ექვსმა უპილოტო საფრენმა აპარატმა მოლდოვის საჰაერო სივრცეშიც შეაღწია. ამის შესახებ დღეს, 25 ნოემბერს განაცხადა მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ.

ერთი დრონი, რომელზეც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სიმბოლოდ ქცეული Z-ია გამოსახული, სახლის სახურავს დაეცა მოლდოვის ფლორეშტის რაიონის ერთ-ერთ სოფელში.

დრონის ამსახველი ფოტო სოციალური ქსელებით გაავრცელა ადგილობრივმა პოლიციამ. ინციდენტის რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა და ადგილზე სპეციალისტების ჯგუფი გაიგზავნა.

25 ნოემბერს ორმა დრონმა შეაღწია რუმინეთის საჰაერო სივრცეშიც.

ასევე ნახეთ უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევისას 2 დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში აღმოჩნდა

უკრაინაზე რუსული დრონებითა და რაკეტებით მორიგი შეტევა გასულ ღამით დაიწყო და დილამდე გაგრძელდა.

დარტყმა იყო მოლდოვასა და რუმინეთთან მოსაზღვრე ოდესის ოლქზეც.

ასევე ნახეთ კიევში ექვსამდე გაიზარდა რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი