საქართველოს გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც 2019-2024 წლებში იკავებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს, ფარულად და შენიღბულად, აქტიურად ახორციელებდა კანონით აკრძალულ სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს.
„ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც თანამდებობის პირს, გააჩნდა როგორც შემოსავლების, ასევე გაწეული ხარჯების დეკლარირების ვალდებულება. უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში ის უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. აღნიშნული გზით წარმომავლობა ხელოვნურად შეექმნა მის მიერ კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ნაწილს, 830 ათას ლარს, რაც მოექცა ლეგალურ ბრუნვაში. გარდა აღნიშნულისა, დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463 ათას 630 ლარად ღირებული ორი ავტომანქანა. ასევე ოჯახის წევრის მეშვეობით 210 ათას ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100%-იანი წილი, რომელსაც გააჩნდა უძრავი ქონება. პარალელურად, მისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ შპს-ში ინვესტირებული იქნა, ჯამში, 3 მლნ 670 ათას 172 ლარი. ამავდროულად, დაუსაბუთებელი თანხის ძირითადი ნაწილი, მისი ნამდვილი ბუნებისა და წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, დააკონვერტირა უცხოურ ვალუტაში, რის შედეგადაც მიღებული 6 მლნ 500 ათასი აშშ დოლარი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2025 წლის 17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის სახლის ჩხრეკისას“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ 24 ოქტომბერს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.
ასევე ნახეთ სუსი: ირაკლი ღარიბაშვილმა უკანონო შემოსავლების მიღება აღიარასაქართველოს გენერალური პროკურორის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
სისხლის სამართლის მუხლით გათვალისწინებული ეს დანაშაული, მისი გამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 9-დან 12 წლამდე.
„ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ. პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს - 1 მლნ ლარის - შეფარდების შესახებ, რომლის უზრუნველყოფა შესაძლებელია როგორც ფულადი თანხით, ასევე უძრავი ქონებით. აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად, პროკურატურამ მოითხოვა ბრალდებულისთვის ისეთი დამატებითი ვალდებულების დაკისრება, როგორიცაა პასპორტის ჩაბარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა“, - განაცხადეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილის ცოლისძმა: უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია, დაველოდოთ გამოძიებას