პროკურატურა გამოკითხვაზე იბარებს დაყადაღებული სამოქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს

საილუსტრაციო ფოტო: პროკურატურის შენობა

პროკურატურა მოწმის სახით გამოსაკითხად უწყებაში იბარებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელთა საბანკო ანგარიშებიც გასულ კვირაში დააყადაღეს. მათ პროკურატურა 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ ედავება, „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში. ამავე საქმის ფარგლებში მარტში დააყადაღეს საქველმოქმედო ორგანიზაციები, მათ შორის „ნანუკას ფონდი“.

პროკურატურის თანახმად, სამოქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს გამოკითხვაზე იბარებენ "საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გასარკვევად".

პროკურატურის მიერ გავრცელებული წერილის მიხედვით: "სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2024 წლის პერიოდში საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარე ძალადობრივი საპროტესტო აქციების დაგეგმვასა და ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ასევე ცალკეული ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღნიშნული გარემოებები და სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები საფუძვლად დაედო 12 იურიდიული პირის - ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა".

თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა რამდენიმე დღის წინ დააკმაყოფილა.

დაყადაღებულია „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის", “დემოკრატიის მცველების", “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის", “საფარის", “სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ანგარიშები.

ასევე ნახეთ შვიდი სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაადეს


საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გააუქმოს დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების ყადაღის გადაწყვეტილება.

ასევე ნახეთ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს არასამთავრობოების ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება


ვინაიდან მას აფასებენ, როგორც "თავდასხმას ფუნდამენტურ უფლებებზე" და "პოლიტიკური დევნის აქტს".

ასევე ნახეთ ბრიტანეთის საელჩო: არასამთავრობოების ანგარიშების დაყადაღების მიზანი შესაძლოა მათი გაჩუმება იყოს

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ანგარიშებსაც პროკურატურის მოთხოვნით ყადაღა დაადეს, აცხადებენ, რომ ამ შეზღუდვის მიუხედავად, საქმიანობას განაგრძობენ.

ასევე ნახეთ არასამთავრობოები ყადაღის დადებაზე: ხალხის მტრებს სურთ, რომ აღარ შეგვეძლოს დახმარება

მათი თქმით, კვლავ განაგრძობენ ბრძოლას „ავტორიტარული წესებისა და რუსული კანონების წინააღმდეგ“ და გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას, რომ „ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული გზის მოწინააღმდეგეებმა მიზანს ვერ მიაღწიონ“.