პროკურატურის შუამდგომლობა ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკამყოფილა.
მათ 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ ედავებიან „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში. ამავე საქმის ფარგლებში მარტში დააყადაღეს საქველმოქმედო ორგანიზაციები, მათ შორის „ნანუკას ფონდი“.
ჯერჯერობით პროკურატურის განცხადებას არასამთავრობოები არ გამოხმაურებიან, თუმცა ზოგადად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან დევნას უკავშირებენ მთავრობის სურვილს, ჩაახშოს მისდამი კრიტიკულად განწყობილი ხმები.
ვის დაუყადაღეს ანგარიშები
ეს ორგანიზაციები არიან:
- „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“
- „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED)
- „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI)
- „დემოკრატიის მცველები“
- „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI)
- „საფარი“
- „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC).
რას ევადებიან მათ
პროკურატურის მტკიცებით, ისინი „კოორდინირებულად“ აფინანსებდნენ წინა წელს საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეებს - „სამართალდამცავთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებებისათვის“.
პროკურატურა ასევე წერს, რომ აღნიშნული ორგანიზაციების ფინანსები გამოყენებულ იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის „სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, - რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს“, - წერს პროკურატურა.
პროკურატურის განცხადებაში არ არის ნახსენები ანტიკორუფციულ ბიუროში მიმდინარე მოკვლევა, რის ფარგლებშიც ასევე ფიგურირებენ იგივე არასამთავრობოები - „უცხოეთის აგენტების“ (FARA-ს) ახლადმიღებული კანონის ფარგლებში.
ბრალდება, რის გამოც გამოძიების ფარგლებშიც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, არის „საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზება“.
საქმის პროკურორია შალვა კოტრიკაძე.
ამავე პროკურორის მიმართვის საფუძველზე დაადეს ყადაღა ხუთ საქველმოქმედო ორგანიზაცია 2025 წლის 17 მარტს. მათი ხელმძღვანელების სახლები გაჩხრიკეს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა საზოგადოებრივი მოძრაობამ, „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ ამავე წლის 18 იანვარს პროკურატურას მიმართა „პოლიტიკური ველის ჯაშუშებისგან გასაწმენდად“.
მაშინ ანგარიშები დაუყადაღეს:
- ნანუკას ჟორჟოლიანის ფონდს
- „ფროსფერითი საქართველოს“
- ფონდს „ერთმანეთისთვის 24/7“
- „სირცხვილიას“
- „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლს“.
„ხდებოდა ჯარიმების გადახდა“
პროკურატურის დასაბუთებაში წერია, რომ დაყადაღებულ ორგანიზაციების ხელმძღვანელები „ღიად მოუწოდებდნენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და წინააღმდეგობისკენ“, - თუმცა სახელებს განცხადებაში არ აღნიშნავს.
გამოძიება ასევე ამბობს, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობა „სრულად იყო მიმართული ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის ფინანსური მფარველობის უზრუნველსაყოფად“ - როდესაც აქციებზე „ძალადობის საქმეების“ მიმართ არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს.
პროკურატურა წერს იმასაც, რომ ამ ორგანიზაციების ფინანსებით „ხდებოდა სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა, დაცვის ხარჯების უზრუნველყოფა და სხვა სახის პირადი, თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა“.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ ამის მიზანი „მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩართული პირების წახალისება“ და მათი „მფარველობა“ იყო.
„სამართლებრივი დაცვის გამო დაგვაყადაღეს“
„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ იურისტი საბა ბრაჭველი ციტირებს პროკურატურის განცხადების ამ მონაკვეთს და წერს:
„ანუ, სხვა ადამიანის (მით უფრო, უსამართლოდ დაკავებულის) სამართლებრივ დაცვაში დახმარება, მათი ოჯახის ხელშეწყობა, იურიდიული კონსულტაციის მიცემა და ზოგადად, პატიმრის გამხნევება პროკურატურამ დანაშაულად შერაცხა და ამის გამო სამოქალაქო ორგანიზაციებს ყადაღები დაგვადო“.
„ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც განსაცდელში მყოფ ადამიანებს არასოდეს ვტოვებთ მარტო. ქოცები არიან ისინი, ვინც პატიმრების დახმარებას დანაშაულად აცხადებს, ამისთვის სისხლის სამართლის ნორმებს ქმნის და გვაყადაღებს. გადაწყვიტეთ, რომელია ჩვენში ქართველი. როგორ ქვეყანაში გინდათ ცხოვრება. რადგან შეუძლებელია, ჩვენც და ამ უსისხლო სადისტებსაც საქართველოს შვილები გვერქვას“, - წერს იურისტი.
იმავეს წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი „ქართული ოცნების“ მთავრობაში, ამჟამად კვლევითი ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინა ხიდაშელი.
ის „ყოვლად სამარცხვინოს“ უწოდებს პროკურატურის პოზიციას და წერს:
„ამ ყოვლად სამარცხვინო განცხადებაში წერია, რომ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დაისაჯონ იმის გამო, რომ "მათი ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა სრულად იყო მიმართული ... დაცვის ხარჯების უზრუნველყოფა და სხვა სახის პირადი, თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა“.
„ანუ, კიდევ ერთხელ, - უფლებადამცველი ორგანიზაციები საბოტაჟის მუხლით უნდა გასამრთლდნენ და მოასამართლემ ეს დააკმაყოფილა იმის გამო, რომ ადვოკატის მომსახურებას და ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაში ეხმარებოდა საკუთარ ბენეფიციარებს“, - წერს თინა ხიდაშელი.
„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამის გარდა რა წერია ამ განცხადებაში, თავისთავად ამის დაშვება რომ პროკურატურა ამას წერს და მოსამართლე აკმაყოფილებს იმ მასშტაბის ტრაგედიაა დიად საბჭოეთშიც კი 30-აინი წლების შემდეგ რომ აღარ მომხდარა“, - მიიჩნევს ის.
„ვიზალიბერალიზაციის საბოტაჟი“
ერთ-ერთი ორგანიზაციის, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ სრულიად აბსურდულია და შესაბამის დასაბუთებას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
თუმცა ის მოკლე შეჯამებაში ხაზს უსვამს, რომ „გადაწყვეტილება პრაქტიკულად ნიშნავს ორგანიზაციების ინსტიტუციურ და ფინანსურ პარალიზებას“.
„ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ჩვენ მოქალაქეების და სოციალური ჯგუფების მხარდაჭერა ვეღარ გავაგრძელოთ და გავჩერდეთ. აღარ ვამხილოთ მათი დანაშაულები, უსამართობა და აღარ ვაშენოთ სოლიდარობა საზოგადოების შიგნით“, - წერს მიქელაძე.
„ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის „დედლაინამდე“ (31 აგვისტომდე) რამდენიმე დღით ადრე სამოქალაქო ორგანიზაციების განადგურების გადაწყვეტილება რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ცალკე დიდი საკითხია. პრაქტიკულად, ეს არის ბრიუსელთან ურთიერთობის ესკალაციაა „ქართული ოცნების“ მხრიდან და ამ პროცესის სრული საბოტაჟი“, - მიიჩნევს ის.
- ევროკომისია განიხილავს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას დემოკრატიის "სერიოზული უკუსვლის" გამო, რეკომენდაციების შესრულების ვადად აგვისტოს ბოლოა დასახელებული.
- ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება.
- საქართველოს მთავრობა ევროკავშირის მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების შესახებ განცხადებებს "შანტაჟად" აფასებს.
ფორუმი