Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს არასამთავრობოების ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება


საილუსტრაციო ფოტო: რუსთაველის გამზირზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები
საილუსტრაციო ფოტო: რუსთაველის გამზირზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააუქმოს დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების ყადაღის გადაწყვეტილება. ევროკავშირის პოზიცია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარმა პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა გაავრცელა.

„ეს არის მორიგი თავდასხმა ფუნდამენტურ უფლებებზე და სასამართლო სისტემის რეპრესიის იარაღად გამოყენება - პოლიტიკური დევნის აქტი - ფინანსებზე წვდომის წინასწარ განზრახული აღკვეთის საშუალებით გაგუდვა, რომელიც მიზნად განსხვავებული აზრის ჩახშობას და დასჯას ისახავს“, - აცხადებს ანიტა ჰიპერი.

მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არა სახელმწიფოს მტრები, არამედ დემოკრატიული პლურალიზმისა და ანგარიშვალდებულების ხერხემალია.

„წლების მანძილზე საქართველოს ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მამოძრავებელი ძალა იყო, რომელსაც ხელშესახები სარგებელი მოჰქონდა თავისი მოქალაქეებისთვის. ამ ორგანიზაციების მიზანში ამოღება ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და ძირს უთხრის საბაზისო პრინციპებს, რომლებსაც კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან...

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მედეგ და მამაც სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მზარდი რეპრესიების მიუხედავად, კვლავ ემსახურება მოქალაქეებს“, - ამბობს ანიტა ჰიპერი.

27 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ დააყადაღეს შვიდი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები. ეს ორგანიზაციებია:

  • „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“;
  • „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED);
  • „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI);
  • „დემოკრატიის მცველები“;
  • „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI);
  • „საფარი“;
  • „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC).

პროკურატურის შუამდგომლობა ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.

მათ 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ ედავებიან, „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში. ამავე საქმის ფარგლებში მარტში დააყადაღეს საქველმოქმედო ორგანიზაციები, მათ შორის „ნანუკას ფონდი“.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, დეპუტატ ლევან მაჭავარიანის თანახმად, ორგანიზაციები „ირიბად ახალისებდნენ“, რომ აქციის მონაწილეებს „მეტი დანაშაული ჩაედინათ“. მისი თქმით, „რა თქმა უნდა, აქ იკვეთება საბოტაჟის მცდელობა და შესაბამისად, პროკურატურა ყველაფერზე პასუხს გასცემს“.

გამოძიება ასევე ამბობს, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობა „სრულად იყო მიმართული ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის ფინანსური მფარველობის უზრუნველსაყოფად“ - როდესაც აქციებზე „ძალადობის საქმეების“ მიმართ არაერთი კითხვა არსებობს.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ანგარიშებსაც პროკურატურის მოთხოვნით ყადაღა დაადეს, აცხადებენ, რომ ამ შეზღუდვის მიუხედავად, საქმიანობას განაგრძობენ.

მათი თქმით, კვლავ განაგრძობენ ბრძოლას „ავტორიტარული წესებისა და რუსული კანონების წინააღმდეგ“ და გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას, რომ „ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული გზის მოწინააღმდეგეებმა მიზანს ვერ მიაღწიონ“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG