განვიხილეთ ცის დაცვა - ზელენსკი ტრამპთან სატელეფონო საუბარზე

ფოტო არქივიდან: ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და დონალდ ტრამპი. 2025 წლის 25 ივნისი

უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტებმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

„პრეზიდენტი ტრამპი ძალიან კარგადაა ინფორმირებული, მადლობა მას უკრაინის მიმართ ამ ყურადღებისთვის. განვიხილეთ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები და შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ ცის დაცვის გაზრდის საკითხზე. შევთანხმდით ჩვენი გუნდების საპასუხო შეხვედრაზე“, - წერს ზელენსკი ტელეგრამით და აღნიშნავს, რომ საუბარი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო.

ზელენსკის თქმით, მან ტრამპთან ასევე განიხილა აშშ-სთან ერთობლივი წარმოების შესაძლებლობები თავდაცვის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში.

ტრამპის და ზელენსკის საუბრის შესახებ ასევე იუწყება Axios-ის კორესპონდენტი ბარაკ რავიდი. ჟურნალისტს წყარომ აცნობა, რომ პრეზიდენტების საუბარი 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდა და რომ ეს იყო "კარგი ლაპარაკი". წყაროს თქმით, ტრამპმა და ზელენსკიმ განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დარტყმების ესკალაციისა და კიევისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდების საკითხები.

ასევე ნახეთ ტრამპმა პუტინთან საუბრისას უკრაინაში ომის დასასრულებლად პროგრესს ვერ მიაღწია
ასევე ნახეთ ლავროვის მხარდაჭერა, დუგინის კრიტიკა, ვუჩიჩის მადლობა - რა ხდება მოსკოვსა და ბელგრადს შორის, როცა სერბები ახალ არჩევნებს ითხოვენ
ასევე ნახეთ “კიდევ ერთხელ შეცდა” - ასლან ისმაილოვი პუტინის „გეოპოლიტიკურ კრუნჩხვებზე“