Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა პუტინთან საუბრისას უკრაინაში ომის დასასრულებლად პროგრესს ვერ მიაღწია


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ენდრიუსის ავიაბაზაზე პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვებს. 2025 წლის 3 ივლისი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ენდრიუსის ავიაბაზაზე პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვებს. 2025 წლის 3 ივლისი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას „ვერანაირ პროგრესს“ ვერ მიაღწია უკრაინაში ომის დასასრულებლად.

3 ივლისს გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ რუსეთმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანა უკრაინაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე.

ვაშინგტონთან მდებარე ენდრიუსის ავიაბაზიდან აიოვაში გამგზავრების წინ პრეზიდენტმა ტრამპმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს, მათ შორის, შეძლო თუ არა პუტინთან სატელეფონო საუბრის შედეგად უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოახლოება.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, „ვერანაირ პროგრესს“ ვერ მიაღწია და ომის გაგრძელებით უკმაყოფილოა.

ტრამპის ინფორმაციით, პუტინთან ისაუბრა ირანზეც.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა 3 ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სატელეფონო საუბრისას ტრამპმა ისევ დასვა უკრაინაში საომარი მოქმედებების რაც შეიძლება სწრაფად შეწყვეტის საკითხი, პუტინმა კი უთხრა, რომ რუსეთი განაგრძობს კონფლიქტის პოლიტიკურად, მოლაპარაკებებით გადაწყვეტის ძიებას და მზად არიან უკრაინასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის. ამის შესახებ სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ იუწყება.

მაისსა და ივნისში სტამბოლში გამართული ორი რაუნდის შედეგად მხარეები მხოლოდ ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლაზე შეთანხმდნენ.

უშაკოვის თანახმად, პუტინს და ტრამპს არ უსაუბრიათ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებაზე. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა 3 ივლისს ენდრიუსის ავიაბაზაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება სრულად არ შეუჩერებიათ. ტრამპის თქმით, ბაიდენმა იმდენი იარაღი გასცა, რომ უნდა დარწმუნდნენ, აქვს თუ არა საკმარისი თავად აშშ-ს.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის ინფორმაციით, 3 ივლისს პუტინმა და ტრამპმა უკრაინის გარდა, ისაუბრეს სხვა საკითხებზეც, მათ შორის ირანზე, სირიაზე, ენერგეტიკული და კოსმოსის კვლევის პროექტების რეალიზაციის პერსპექტივაზე და „ტრადიციული ფასეულობების გამტარებელი" კინოპროდუქციის გაცვლაზე.

უშაკოვის თანახმად, სატელეფონო საუბარი „ერთ ტალღაზე" წარიმართა და „საქმიანი და კონკრეტული" იყო.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირველი სატელეფონო საუბარი ინაუგურაციიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 2025 წლის 12 თებერვალს გამართა. მათ შორის დღემდე სულ ექვსი სატელეფონო საუბარი შედგა.





ფორუმი

XS
SM
MD
LG