ამერიკული დაზვერვის წინასწარი შეფასებით, ირანის ბირთვული პროგრამა არ განადგურებულა და მხოლოდ შეფერხდა - მედია

ფორდოს ურანის გამამდიდრებელი მიწისქვეშა ობიექტისთვის აშშ-ის ავიდარტყმების შემდეგ, 2025 წლის 22 ივნისს გადაღებული სატელიტური ფოტო

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შედეგების შესახებ სამხედრო დაზვერვის წინასწარი შეფასება განსხვავდება პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის შეფასებისგან, რომ ეს ობიექტები და ირანის ბირთვული პროგრამა განადგურებულია. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.

გამოცემა The New York Times-ი და ტელეკომპანიები CNN-ი და CBS News-ი შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის წინასწარ ანგარიშზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე ავიადარტყმებს ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები არ გაუნადგურებია და პროგრამა სავარაუდოდ, რამდენიმე თვით უკან დახია.

აშშ-ის სამხედრო დაზვერვის წინასწარი შეფასების თაობაზე ინფორმირებული წყაროების თანახმად, განადგურებული არ არის გამდიდრებული ურანის მარაგები, ცენტრიფუგები ძირითადად, არ დაზიანებულა, ირანმა გამდიდრებული ურანი დაბომბვამდე გაიტანა ავიადარტყმების სამიზნე ობიექტებიდან, დაბომბვას კი უშუალოდ მიწისქვეშა ობიექტები არ გაუნადგურებია.

ირანის ბირთვული პროგრამისთვის მიყენებული ზიანის ანალიზი გრძელდება და შესაძლოა, შეიცვალოს დამატებითი სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე.

ასევე ნახეთ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ბირთვული ობიექტები განადგურებულია, ირანი აშშ-ის და ისრაელის დასჯას მოითხოვს
ასევე ნახეთ „ჩვენ გავანადგურეთ ირანის ბირთვული პროგრამა“ - პიტ ჰეგსეთი

თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა მედიით გავრცელებულ ცნობებს „ფეიკი“ უწოდა. 24 ივნისს, დღის ბოლოს სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში ლივიტი მედიასაშუალებებიდან ახსენებს CNN-ს, რომელმაც თეთრი სახლის პრესმდივნის თანახმად, არასწორი, გასაიდუმლოებული შეფასება მოიპოვა დაზვერვის დაბალი დონის ხელმოცარული წარმომადგენლისგან.

ლივიტის განცხადებით, სავარაუდო შეფასების გაჟონვა არის პრეზიდენტ ტრამპის დამცირების და ამერიკული გამანადგურებლების მამაცი პილოტების დისკრედიტაციის მცდელობა, პილოტების, რომლებმაც ირანის ბირთვული პროგრამის განადგურების მისია შესანიშნავად შეასრულეს.

„ყველამ იცის, რა ხდება, როცა ჩამოაგდებ თოთხმეტ 30 0000-ფუნტიან ბომბს ზუსტად სამიზნეებზე: სრული განადგურება“, - დაწერა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

ასევე ნახეთ პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ბირთვული ობიექტები „იდეალურად“ გაანადგურეს

ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ბომბდამშენებმა 21-დან 22 ივნისის ღამით იერიში მიიტანეს ირანის ფორდოს, ნათანზის და ისპაანის ბირთვულ ობიექტებზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადეს, რომ ირანის ბირთვული ობიექტები და ბირთვული პროგრამა განადგურებულია.

ასევე ნახეთ ისრაელმა დაადასტურა ირანთან ცეცხლის შეწყვეტა

ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის ავიადარტყმებს წინ უძღოდა ისრაელის არმიის მიერ ირანის ბირთვული ობიექტებისა და იარაღის საცავების წინააღმდეგ 13 ივნისიდან დაწყებული სამხედრო ოპერაცია, რომელსაც ირანმა უპასუხა ისრაელზე რაკეტებითა და დრონებით შეტევით.

24 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა.

ისრაელი და აშშ ირწმუნებიან, რომ ირანი ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან, რასაც ვერ დაუშვებდნენ. თეირანი ირწმუნება, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.

ასევე ნახეთ აშშ-ის ირანზე დარტყმის ექო - სიგნალები მსოფლიოსთვის, საქართველოსთვის