აშშ-მა ირანში სამ ბირთვულ ობიექტს შეუტია.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „შესანიშნავი სამხედრო წარმატების“ შესახებ 21 ივნისს გამოაცხადა და თქვა, რომ აშშ-ის ბომბდამშენებმა ფორდოს, ნათანზის და ისპაჰანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანეს ისრაელთან ერთობლივი ძალისხმევით, რათა ირანის ბირთვული პროგრამა გაენადგურებინათ მას შემდეგ, რაც დიპლომატიურმა მცდელობებით ვერ შეძლეს თეირანის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება.
„ჩვენ დავასრულეთ ძალიან წარმატებული თავდასხმა ირანში, სამ ბირთვულ ობიექტზე. ყველა თვითმფრინავი ახლა ირანის საჰაერო სივრცის გარეთაა. ყველა თვითმფრინავი უსაფრთხოდ ბრუნდება სახლში. ვულოცავ ჩვენს დიდებულ ამერიკელ მებრძოლებს. მსოფლიოში არ არსებობს სხვა არმია, რომელიც ამის გაკეთებას შეძლებდა. ახლა მშვიდობის დროა!“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ამ შეტევის მიზანი ირანის ურანის გამდიდრების შესაძლებლობების განადგურება და ბირთვული საფრთხის ნეიტრალიზება იყო.
„წლების განმავლობაში ყველას ესმოდა ეს სახელები, როდესაც ირანი დამანგრეველ საწარმოებს აშენებდა“.
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანმა ახლა მშვიდობა უნდა დაამყაროს და თუ ის ამას არ გააკეთებს, მომავალი თავდასხმა გაცილებით უფრო მასშტაბური იქნება.
ირანის მომავალი „ან მშვიდობაა, ან ტრაგედია“, - თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამიზნეა დარჩენილი. მან მადლობა გადაუხადა ისრაელის და აშშ-ის სამხედროებს ოპერაციის წარმატებით განხორციელებისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ აშშ-ის წინააღმდეგ ნებისმიერ შურისძიებას პასუხად მოჰყვება იმაზე გაცილებით დიდი ძალა, ვიდრე ამ ღამით ვიხილეთ. ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა.
„აშშ-ის წინააღმდეგ ირანის ნებისმიერი შურისძიებას პასუხად მოჰყვება იმაზე გაცილებით დიდი ძალა, ვიდრე ამ ღამით ვიხილეთ. მადლობა! დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი“, – წერს დონალდ ტრამპი.
ამერიკული პრესა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დარტყმები ამერიკული B-2 სტრატეგიული ბომბდამშენების მიერ განხორციელდა, რომლებიც მისურის შტატში მდებარე საჰაერო ძალების ბაზიდან აფრინდნენ. ფორდოს ობიექტზე შეტევაში ექვსი ბომბდამშენი მონაწილეობდა, რომლებმაც 12 ბომბი ჩამოაგდეს. ნათანზსა და ისპაჰანში სამიზნეების დასაბომბად ამერიკული წყალქვეშა ნავების ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს.
CNN-ის ცნობით, B-2 Spirit აშშ-ის საჰაერო ძალების უმაღლესი დონის ბომბდამშენია. აშშ-ის საჰაერო ძალების ინვენტარში მხოლოდ 20 B-2 ტიპის თვითმფრინავია და თითოეული ბომბდამშენის ღირებულება, დაახლოებით, 2 მილიარდი დოლარია.
ირანის ოფიციალურმა პირებმა სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმები დაადასტურეს.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის იერიშამდე სამი ბირთვული ობიექტიდან ევაკუაცია განხორციელდა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის პოლიტიკური დირექტორის მოადგილემ, ჰასან აბდეინიმ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ირანს სერიოზული ზარალი არ განუცდია, რადგან მასალები უკვე გატანილი იყო.
აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვას ეხმაურება ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუც:
„პრეზიდენტი ტრამპი და მე ხშირად ვამბობთ: „მშვიდობა ძალის გზით“. ჯერ მოდის ძალა და შემდეგ მოდის მშვიდობა. დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა და აშშ-მა იმოქმედეს დიდი ძალით“, - ნეთანიაჰუს შეფასებით, ტრამპის გადაწყვეტილება, დარტყმები განახორციელოს ირანის ბირთვულ ობიექტებზე, ისტორიას შეცვლის.
„გილოცავთ, პრეზიდენტო ტრამპ, თქვენი თამამი გადაწყვეტილება, სამიზნეში ამოიღოთ ირანის ბირთვული ობიექტები, შეერთებული შტატების გასაოცარი და მართალი ძალით შეცვლის ისტორიას“, – აღნიშნავს ნეთანიაჰუ.
ატომური ობიექტების დაბომბვის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ობიექტების გარეთ რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა.
„ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის ფორდოზე, დარტყმების შემდეგ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეუძლია, დაადასტუროს, რომ ამ დროისთვის ობიექტების გარეთ რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ვითარების შემდგომ შეფასებას წარმოადგენს, როგორც კი მეტი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
- ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.
- პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.
- ორივე ქვეყანაში მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.
ფორუმი